ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცდილობს, უკრაინა დნეპრის გასწვრივ ორად გაყოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცდილობს, უკრაინა დნეპრის გასწვრივ ორად გაყოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, უკრაინა დნეპრის გასწვრივ ორად გაყოს.

„არსებობს მრავალი საკითხი, რომლებიც საჭიროებს გადაჭრას იმ რეგიონების, ქალაქებისა და თემებისთვის, რომლებიც რუსული დარტყმების გამო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან. დეტალურად განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლებიც რუსეთის მიერ ჩვენი ხიდებისა და ენერგოსისტემის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება - რუსეთი ცდილობს, უკრაინა მდინარე დნეპრის გასწვრივ გაყოს და მაქსიმალურად გაანადგუროს ხალხის, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების ცხოვრება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ.

The Financial Times-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელი პარტნიორები გააფრთხილა, რომ ელის რუსეთის მხრიდან მდინარე დნეპრზე არსებულ ხიდებზე სისტემატურ თავდასხმებს, რათა ქვეყანა ორ ნაწილად გაყონ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უთხრა, რომ რუსეთს სურს ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, იზოლაციაში მოაქციოს დასავლეთი ნაწილისგან, რომელიც ევროკავშირს ესაზღვრება.