ანა ბუჩუკური - კითხვა-პასუხის რეჟიმში მოლოდინი მაქვს, რომ „ოცნება“ მორიგ ჯერზე კრახით დაასრულებს ამ პროპაგანდისტულ პროცესს - ცდილობენ, პროპაგანდისტული არხებით მიმდინარე რეალობა შეცვალონ, მაგრამ არ გამოვა: სიმართლე მარტივი რამ არის

კითხვა-პასუხის რეჟიმში მოლოდინი მაქვს, რომ „ოცნება“ მორიგ ჯერზე კრახით დაასრულებს ამ პროპაგანდისტულ პროცესს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა საკონსტიტუციო სასამართლოში “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს პროცესის მიმდინარეობა საზოგადოების თვალში აბსოლუტურად წაგებული აქვს და რეალობის შეცვლას პროპაგანდისტული არხებით უშედეგოდ ცდილობს. ბუჩუკურის შეფასებით, სხდომები ხელისუფლების სასურველი სცენარით წარიმართება.
„მოლოდინი მაქვს, რომ პროცესი წავა ისე, როგორც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. წინა სხდომა ისე დასრულდა, რომ ვეცადეთ დაგვეზუსტებინა, როგორ წარიმართებოდა პროცესი. მოსამართლემ ვარაუდი გამოთქვა, რომ კითხვები შეგროვდებოდა ან დაჯგუფდებოდა და შემდგომ იქნებოდა პასუხი გაცემული. საბოლოოდ, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც აწყობს „ქართულ ოცნებას“.
საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობა „ოცნებას“ აბსოლუტურად წაგებული აქვს და ამას საზოგადოება ხედავს. უბრალოდ, ხალხმა ვერ გაიგო, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აქ რას აკეთებს, მათ შორის, „ოცნების“ ამომრჩეველსაც არ ესმის, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ. როგორც ჩვენ ვერ გავიგეთ, ისე ვერ გაიგო საზოგადოებამ. კითხვა-პასუხის რეჟიმში მოლოდინი მაქვს, რომ „ოცნება“ მორიგ ჯერზე კრახით დაასრულებს ამ პროპაგანდისტულ პროცესს. ერთადერთი, რასაც „ოცნება“ ცდილობს, ის არის, რომ თავისი პროპაგანდისტული არხებით მიმდინარე რეალობა შეცვალოს, მაგრამ არ გამოვა - სიმართლე მარტივი რამ არის, იმიტომ რომ სიმართლეა და მორჩა“, - აცხადებს ანა ბუჩუკური

























