ნუგზარ წიკლაური - საკონსტიტუციო განხილვები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია - სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აბამენ ისეთ საქმეში, რაც მისი ნამდვილად არ არის და სურთ, რომ დემოკრატიული სისტემა სწორედ მისი ხელით ჩამოშალონ

ნუგზარ წიკლაური - საკონსტიტუციო განხილვები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია - სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აბამენ ისეთ საქმეში, რაც მისი ნამდვილად არ არის და სურთ, რომ დემოკრატიული სისტემა სწორედ მისი ხელით ჩამოშალონ

გამართლდა ყველა ის ცუდი მოლოდინი, რომელიც არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით - სამწუხაროა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აბამენ ისეთ საქმეში, რაც მისი საქმე არ არის და სურთ, რომ საქართველოს დემოკრატიული სისტემა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ჩამოაშალონ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებული აქვს.

„გამართლდა ყველა ის ცუდი მოლოდინი, რომელიც არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სრულიად ცხადად ვხედავთ, რომ მთლიანი პროცესი დაწყებული იქიდან, როდესაც „წულუკიანის კომისიამ“ მუშაობა დაიწყო, დღემდე, არის სრულიად აშკარად პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენება იმისთვის, რომ პოლიტიკური მიზნები იქნეს მიღწეული.

საკონსტიტუციო განხილვები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია. სამწუხაროა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აბამენ ისეთ საქმეში, რაც მისი საქმე ნამდვილად არ არის, და ახლა სურთ, რომ საქართველოს დემოკრატიული სისტემა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ჩამოაშალონ“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, თუ სასამართლო მმართველი პარტიის სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს უპატიებელი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების რღვევას გამოიწვევს.

„მთავარი ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვს ხუთივე პოლიტიკურ პარტიას, გახლავთ ის, რომ თითქოსდა ვიღაც მონაწილეობას იღებდა რუსეთ-საქართველოს ომის გაჩაღებაში. ამ თვალსაზრისით, ეს უკვე ცდება ანტიდემოკრატიულობის საზღვრებს და იღებს ეროვნული ინტერესების შელახვის სახეს, რაც უმძიმესი რამ არის საქართველოსთვის.

ეს კი მივა იქამდე, რასაც რუსეთი ესწრაფოდა 2008 წლიდან დღემდე, რომ თითქოს ის არ იყო ჩართული ამ პროცესში, რომ ის არმიები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ, „რეაგირებისთვის შემოვიდნენ“ და საქართველო იყო აგრესორი საკუთარ მიწაზე. თითქოს ომი მიმდინარეობდა მურმანსკში ან ჩელიაბინსკში და თითქოს იქ დაესხა საქართველო ვინმეს თავს. ეს უმძიმესი, ეროვნული ღალატის ტოლფასი გადაწყვეტილება იქნება. ეს დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მსოფლიოში. მთელი „ლაიტმოტივი“ ამ ბრძოლისა იყო იმის მტკიცება, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, და ეს გაიზიარა სამყარომ. ახლა კი, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ ჩვენ ვიყავით აგრესორები, ეს ქვეყნის ინტერესების რღვევას გამოიწვევს და ეს უპატიებელი გადაწყვეტილება იქნება“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.