დავით მათიკაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე - ცესკოსთან კონსულტაცია ამ კონკრეტულ ცვლილებებზე ასე სისტემურად არ მომხდარა, თუმცა ყველა ეს ცვლილება, არის იმ წუხილებიდან გამომდინარე, რაც 2024-2025 წლებში არჩევნების შემდეგ ცესკოს მიერ იყო გამოთქმული

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ცესკოსთან არსებითი კონსულტაციები არ ყოფილა.
კერძოდ, მან უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიგა ფარულავას კითხვას, გაიმართა თუ არა ცესკოსთან კონსულტაციები და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცესკოსთან არსებითი კონსულტაციები არ გამართულა, „2024-2025 წლებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, არაერთხელ იქნა მათი მხრიდან გამოთქმული საკანონმდებლო სივრცესთან მიმართებით კონკრეტული წუხილები, რომელთა დამუშავება გარკვეულ ეტაპზე მიმდინარეობდა“.
მოგვიანებით, კითხვის დაზუსტებისას, გიგა ფარულავამ დავით მათიკაშვილს ასე უპასუხა:
„საარჩევნო კოდექსში შეგაქვთ ცვლილება და ცესკოსთან კონსულტაციები არ გაგივლიათ. მაშინ როდესაც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის საოლქო საარჩევნო კომისიას ართმევთ უფლებას, დაწეროს შემაჯამებელი ოქმი. ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების პროცედურები საერთოდ არსებითად იცვლება. შინაარსობრივად შეუძლებელია ცესკოს ოლქი გასაჩივრდეს და ეს დაგყავთ მხოლოდ არითმეტიკულ დონეზე. რაც შეეხება გასაჩივრების ნაწილს - თქვენ თქვით, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით არაფერი იცვლებაო და თუ არაფერი იცვლება მაშინ რატომ ვცვლით საერთოდ?! საქმე იმაშია რომ იცვლება, საერთოდ ქრება საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლის გასაჩივრებაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ მხარეს შეუძლია და ასევე, სისტემური დარღვევების არსებობის შემთხვევაში შეუძლია გაასაჩივროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმი. ეს არის არსებითი ამ კონკრეტულ ცვლილებებზე და თქვენ საზოგადოებას არწმუნებთ იმაში, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით რაც არის, იგივე პროცედურები რჩება, რაც რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება“, - განაცხადა ფარულავამ.
პასუხად, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, ასევე თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ესწრებოდა და მას არც შენიშვნა დაუფიქსირებია და არც პოზიცია გამოუთქვამს.
„მე გითხარით, რომ ცესკოსთან კონსულტაცია ამ კონკრეტულ ცვლილებებზე ასე სისტემურად არ მომხდარა, თუმცა ყველა ეს ცვლილება, რომელიც არის განხორციელებული, არის იმ წუხილებიდან გამომდინარე, რაც 2024-2025 წლებში არჩევნების შემდეგ ცესკოს მიერ იყო გამოთქმული. ასევე როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ასევე თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც არც შენიშვნა დაუფიქსირებია და არც პოზიცია გამოუთქვამს. ამ საკითხებთან მათი შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ამ შენიშვნების არდასახელება ნიშნავს თუ არა იმას რომ ის ეთანხმება იმ ცვლილებებს, რომელსაც ჩვენ ახლა ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს?!,“ - მიმართა მათიკაშვილმა ფარულავას.

























