გიგა ფარულავა - კანონპროექტი არის საარჩევნო პროცესის სრული მონოპოლიზაციის, გამჭვირვალობის მოშლისა და საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური საარჩევნო უფლების სამართლებრივი შეზღუდვის მცდელობა

[„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ] კანონპროექტი არის საარჩევნო პროცესის სრული მონოპოლიზაციის, გამჭვირვალობის მოშლისა და საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური საარჩევნო უფლების სამართლებრივი შეზღუდვის მცდელობა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ისედაც არსებობს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი და ღრმა საზოგადოებრივი უნდობლობა არჩევნებისადმი, მმართველი უმრავლესობა გვთავაზობს არა ნდობის აღდგენას, არამედ იმ უკანასკნელი საკონტროლო ბერკეტების დემონტაჟს, რაც საარჩევნო კოდექსში ჯერ კიდევ შემორჩენილია.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კენჭისყრის დღის ტექნიკური გამართულობა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის სანდოობა, თანაბარი კონკურენტული გარემო, ამომრჩევლის თავისუფალი ნება და დარღვევებზე ქმედითი სამართლებრივი რეაგირება!
ეს კანონპროექტი არის საარჩევნო პროცესის სრული მონოპოლიზაციის, გამჭვირვალობის მოშლისა და საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური საარჩევნო უფლების სამართლებრივი შეზღუდვის მცდელობა. როდესაც ქვეყანაში ისედაც არსებობს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი და ღრმა საზოგადოებრივი უნდობლობა არჩევნებისადმი, მმართველი უმრავლესობა გვთავაზობს არა ნდობის აღდგენას, არამედ იმ უკანასკნელი საკონტროლო ბერკეტების დემონტაჟს, რაც საარჩევნო კოდექსში ჯერ კიდევ შემორჩენილია.
- საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გაუქმება
მოქმედი კანონმდებლობით, საოლქო საარჩევნო კომისია წარმოადგენს ინსტიტუციურ შუალედურ რგოლს. საოლქო შემაჯამებელი ოქმი არის სამართლებრივი აქტი, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია სასამართლოში. სწორედ ამ აქტის ფარგლებში არის შესაძლებელი დავა, რომელიც ოლქის მასშტაბით რამდენიმე უბნის ერთობლივ, სისტემურ სურათს ეყრდნობა. ეს ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს აძლევს შესაძლებლობას, ოლქის დონეზე მოახდინონ დარღვევების შეჯამება და გაასაჩივრონ სისტემური გაყალბა.
რას აკეთებს წარმოდგენილი კანონპროექტი? საოლქო დონეზე შემაჯამებელი ოქმის შედგენის ვალდებულებას საერთოდ აუქმებს! ცენტრალური საარჩევნო კომისია, პირდაპირ 3 000-ზე მეტი საუბნო ოქმის საფუძველზე შეადგენს შემაჯამებელ ოქმს.
საოლქო შემაჯამებელი რგოლის გაუქმებისა და შედეგების ცესკოში პირდაპირი ცენტრალიზაციის მთავარი რისკ-ფაქტორი არის მასშტაბური დარღვევების ცალკეულ უბნებად დაშლა და მათი ერთიან სურათად გასაჩივრების სამართლებრივი შესაძლებლობის სრული მოსპობა.
ისეთი უმძიმესი დარღვევები, როგორიცაა ე.წ. „კარუსელები“, ამომრჩევლის ნებაზე ორგანიზებული ზეწოლა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ან მოსყიდვა, როგორც წესი, მოიცავს არა ერთ იზოლირებულ უბანს, არამედ მთელ საარჩევნო ოლქს. საოლქო შემაჯამებელი ოქმის გაუქმებით ქრება სამართლებრივი აქტი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო ამ დარღვევების ერთობლიობაში გასაჩივრება. შედეგად, მხარე იძულებული ხდება, ორდღიან ვადაში ცალ-ცალკე გაასაჩივროს ასობით და ათასობით საარჩევნო უბანი, რაც ფიზიკურად და რესურსულად შეუძლებელია.
ეს რისკი კატასტროფულ მასშტაბს იძენს კანონპროექტის 92-ე მუხლის 4¹ პუნქტთან ერთობლიობაში, რომლის მიხედვითაც ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ მექანიკურ ციფრობრივ შეცდომებზე. იქმნება ჩაკეტილი წრე: საოლქო დონეზე სისტემური დარღვევები ვეღარ საჩივრდება, რადგან ოქმი აღარ დგება, ხოლო ცესკოს დონეზე მათი გასაჩივრება კანონით პირდაპირ იკრძალება.
- ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი (მუხლი 92, პუნქტი 4¹)
ახლა გადავიდეთ კანონპროექტის ყველაზე სახიფათო ნორმაზე - 92-ე მუხლში დაგეგმილ ცვლილებაზე.
მოქმედი კანონით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებისას სასამართლო უფლებამოსილია სრულყოფილად შეაფასოს პროცესის კანონიერება: ამომრჩევლის ნების თავისუფლება, ხმის ფარულობის გარანტიები და სისტემური დარღვევების გავლენა არჩევნების შედეგებზე.
კანონპროექტის მიხედვით ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ ორ შემთხვევაში:
- თუ საუბნო ოქმებიდან ციფრები ცესკოს ოქმში შეცდომით ან არასრულად გადაიტანეს;
- თუ მასში შეცდომით ასახეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
კანონპროექტი სასამართლოს პირდაპირ უკრძალავს სარჩელის წარმოებაში მიღებას, თუ დავა არ ეხება საუბნო შემაჯამებელი ოქმიდან ცესკოს შემაჯამებელ ოქმში მონაცემების მექანიკურ, არითმეტიკულ შეცდომას!
რას ნიშნავს ეს:
- სასამართლო ვეღარ შეაფასებს, არის თუ არა თავად ეს ციფრები ამომრჩევლის თავისუფალი ნების ასახვა. სასამართლო ვერ შეაფასებს დარღვევების ერთობლივ გავლენას შედეგზე, ვერ იმსჯელებს არჩევნების ბათილობასა თუ ხელახალ კენჭისყრაზე - მისი ფუნქცია უბრალო არითმეტიკული შედარებით შემოიფარგლება!
- თუ არჩევნებზე მოხდა კენჭისყრის ფარულობის ტოტალური დარღვევა, ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვა ან სხვა სისტემური დარღვევები, სასამართლოს ართმევთ უფლებას, შეაფასოს ეს დარღვევები შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებისას.
კანონპროექტის მიხედვით შექმნილი ჩიხი ასეთია:
- დარღვევების შინაარსზე დავის შესაძლებლობა მხოლოდ საარჩევნო უბნის დონეზე რჩება - თითოეულ უბანზე ცალ-ცალკე და შეზღუდულ ვადებში.
- საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უქმდება, რაც გამორიცხავს ოლქის მასშტაბით გამოვლენილი დარღვევების ერთობლივ გასაჩივრებას.
- ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საფუძვლები მკაცრად შეზღუდულია და გამორიცხავს შინაარსობრივ განხილვას.
თქვენი ლოგიკით, სისტემური გაყალბება 3 000-ზე მეტ უბანზე ინდივიდუალურად და შეზღუდულ ვადებში უნდა გასაჩივრდეს! ეს არის შეგნებულად შექმნილი ბარიერი, რათა მოქალაქეებს წაართვათ უფლება, გაასაჩივრონ ციფრების მიღმა მდგარი რეალური უკანონობა - ამომრჩევლის დაშინება, ნების კონტროლი, ხმის ფარულობის დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ყველა ის ქმედება, რაც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას!
ამით თქვენ ცდილობთ წინასწარ გადააზღვიოთ ისეთი პრეცედენტები, რასაც ადგილი ჰქონდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ - როდესაც სწორედ ხმის ფარულობის დარღვევის მოტივით, თეთრიწყაროს სასამართლომ 30 საარჩევნო უბნის შედეგი ბათილად ცნო. თქვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები რგოლი დარჩეს არჩევნების სამართლიანობისა და თავისუფლების ხარისხის შემფასებლად.
III. 5 საარჩევნო უბნის სავალდებულო გადათვლის გაუქმება
საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქცია ავალდებულებს ყველა საოლქო კომისიას, წილისყრით გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი და სრულად ხელახლა გადათვალოს ბიულეტენები და ამომრჩეველთა ხელმოწერები.
შემთხვევითი გადათვლის პროცედურა თავისი არაპროგნოზირებადობის გამო შეიძლება ქმნიდეს შემაკავებელ ეფექტს მანიპულაციებისთვის საარჩევნო უბანზე. ამან თეორიულად უნდა შეზღუდოს გავლენა არჩევნების შედეგებზე. თქვენ ამ მექანიზმს მთლიანად აუქმებთ. დაუსაბუთებელია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ამ ნორმის ამოღება - ეს ცვლილება დადებითად ვერ აისახება პროცესის გამჭვირვალობაზე და მხოლოდ გააძლიერებს ეჭვებს გაყალბებაზე.
შეგახსენებთ: 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ სიების გადამოწმება და გაყალბების გამოძიება, ვერიფიკაციის აპარატები პროკურატურამ სასწრაფოდ დალუქა და გადამალა.
- დამკვირვებელთა რეგისტრაცია
კანონპროექტით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია კოლეგიური ორგანოებიდან ერთპიროვნულად გადადის ცესკოსა და საოლქო კომისიების თავმჯდომარეების ხელში.
ცესკოს თავმჯდომარეს ეძლევა უფლება, რეგისტრაციისას საკუთარი შეხედულებით მოითხოვოს „დამატებითი ინფორმაცია“! ეს არის კოლეგიურობის პრინციპის მოშლა და პირდაპირი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ობიექტური და კრიტიკული სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო პროცესზე წვდომის ერთპიროვნულად შეზღუდვა.
მიზანი აქაც ცალსახაა: პროცესში იყოს რაც შეიძლება ნაკლები რგოლი და სრული უალტერნატივო ერთმმართველობა!“ - განაცხადა ფარულავამ.

























