პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომლითაც, სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს პრემიერის ნაცვლად, ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომლის გათვალისწინებით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს პრემიერ - მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს.
შესაბამისი ცვლილება „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მოქმედი რედაქციის მიხედვით, პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი პრემიერ - მინისტრის პრეროგატივაა.
ინიციატივა პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციამ წარადგინა, რომლის განმარტებით, ცვლილებების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოტენციალის ეფექტიანად ზრდას, ეკონომიკის განვითარებას და მეწარმეების მხარდაჭერას.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციები უფრო მეტად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არის დაკავშირებული, კონკრეტულად კი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოლიტიკის განხორციელების ფუნქციასთან. მისი თქმით, სწორი მიდგომაა, რომ სახელმწიფო კონტროლი შესაბამისმა სამინისტრომ განახორციელოს.
საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

























