გიორგი კახიანი - თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პარტია არაკონსტიტუციურია, გადაწყვეტილება იქნება ყველა სტანდარტით მიღებული - შუამდგომლობის დაკმაყოფილება ირიბად გულისხმობს, რომ შესაძლოა თავისივე გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოს

შუამდგომლობების დაყენების ეტაპი თითქმის ერთი კვირა მიმდინარეობდა, წინა კვირაში ჩვენ ახსნა-განმარტებები გვაკეთეთ და მოპასუხის მხრიდანაც მოვისმინეთ, რატომღაც ახლა კიდევ ერთი შუამდგომლობების ეტაპზე გადავედით - სასამართლოს მხრიდან ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ირიბად გულისხმობს, იმას რომ შესაძლოა თავისივე გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლის ნიკა გვარამიას შუამდგომლობას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რას უნდა ემსახურებოდეს ერთ-თვიანი ვადა, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი მისივე აზრით, ისე გამოჩნდება, თითქოს „სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს და თავისივე გადაწყვეტილებაში, თითქოს დარწმუნებული არ არის”.
„არ ვეთანხმებით ამ შუამდგომლობას. შუამდგომლობის ავტორის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, პირველ რიგში, როგორ შეიძლება ამ ეტაპზე ასეთ შუამდგომლობაზე სასამართლომ იმსჯელოს, მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობის ავტორმა ისიც განაცხადა, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე პასუხი დასკვნითი სიტყვების ეტაპზეც შეუძლიათ მოსამართლეებმა თქვან. სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს და სასამართლოს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დასკვნით სიტყვაზე წარმოთქმული ჩვენი განმარტებები, ისევე როგორც მოპასუხისა, იქნება სასამართლოსთვის განმაპირობებელი იმისა თუ სასამართლოს მიერ რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული. ამიტომ, სრულიად გაუგებარია ასეთი შუამდგომლობის დაყენება, რანაირად შეიძლება სასამართლომ ამ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შუამდგომლობების დაყენების ეტაპი თითქმის ერთი კვირა მიმდინარეობდა, წინა კვირაში ჩვენ ახსნა - განმარტებები გავაკეთეთ და მოვისმინეთ მოპასუხის მხრიდანაც, რატომღაც ახლა კიდევ ერთი შუამდგომლობების ეტაპზე გადავედით. ამ შუამდგომლობის დაყენება იმ კვირაში შეიძლებოდა, როდესაც ჩვენ შუამდგომლობებზე ვმსჯელობდით, მაგრამ რატომღაც მაშინ მოპასუხეს ასეთი შუამდგომლობა არ ჰქონია.
შუამდგომლობის ავტორი საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმაკონტროლის ნაწილში პრაქტიკაზე მიუთითებდა. აქ მნიშვნელოვანი ისაა რა ფაქტორებით იყო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებები ახსნილი, მაგალითისათვის, შესაძლებელია ნორმა, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი არაკონსტიტუციურად გამოცხადება პარლამენტის მიერ რაიმე კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებას უკავშირდებოდეს, ანუ ბუნებრივია შეიძლება ეს არ იყოს ისეთი პოზიცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს, მაგრამ მისი ძალაში შესვლა რაღაც პერიოდით გადავადდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციონალურობაზე ვმსჯელობთ, ანუ საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც ეს ოდენ საპასუხისმგებლო პასუხისმგებლობას იღებს თუ რა თქმა უნდა, ჩათვალა, რომ პარტია არის არაკონსტიტუციური, ეს გადაწყვეტილება იქნება ყველა სტანდარტების გათვალისწინებით მიღებული და თუ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პარტია არის არაკონსტიტუციური, სასამართლომ როგორ უნდა დაუშვას, რომ მან პირობითად ერთი თვე იფუნქციონიროს.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასამართლოს მხრიდან ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ირიბად გულისხმობს, იმას რომ შესაძლოა თავისივე გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოს. ამ ხნის განმავლობაში, მოპასუხე მხარე მაგალითად სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს და მოითხოვოს ნორმის შეჩერება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს და თავისივე გადაწყვეტილებაში ისე ჩანს, თითქოს რომ არ არის დარწმუნებული, სხვა შემთხვევაში ეს ერთ თვიანი ვადა არ ვიცი რას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენი პოზიცია ასეთია, ეს შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილებული“, - განაცხადა კახიანმა.

























