თენგო თევზაძე - საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად, მოსარჩელე მხარეს ეხმარება, რაღა აზრი აქვს მხარეების აქ ყოფნას? - „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია მეილზე გაუგზავნოს

სასამართლო მოსარჩელე მხარეს ეხმარება იმაში, რომ მტკიცებულებების შინაარსობრივი განხილვა არ მოხდეს - ამ მტკიცებულებების გამოკვლევა თუ არ უნდა მოხდეს, მაშინ რაღა აზრი აქვს მხარეების ყოფნას?“, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობები სათანადო არგუმენტაციის გარეშე არ დააკმაყოფილა, რითაც მხარეებს სარჩელში მოყვანილი ფაქტების გადამოწმების შესაძლებლობა შეუზღუდა
“დღეს ორი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა იყო დაყენებული, რომელთა არ დასაკმაყოფილებლადაც, ფაქტობრივად, არანაირი არგუმენტაცია არ არსებობდა საბოლოო ჯამში. ყურადღებას გავამახვილებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც ითხოვდა გონივრულ ვადას, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ისედაც ითვალისწინებს და ეს ვადა გამოტანილიყო პოლიტიკური პარტიების ნაწილში, რომ მათ და ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, იმ აკრძალვის აღსრულებამდე გონივრულ ვადაში ჩვენი სამართლებრივი და სხვა სახის ურთიერთობები ბოლომდე შევასრულოთ, ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, მივმართოთ სხვადასხვა ინსტანციას. ეს შესაძლებლობა არ მოკლა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამაზე იყო ბევრი არგუმენტაცია და მტკიცებულება…ამის პასუხად მოვისმინეთ, რომ საოცარია, ადგილზე თათბირით მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ, ფაქტობრივად, სხვა შინაარსი მიუთითეს ამ შუამდგომლობის არ დასაკმაყოფილებლად. ესეც პასუხია და პასუხია იმაზეც, თუ რა განწყობაზეა სასამართლო. ის, ფაქტობრივად, მოსარჩელე მხარეს ეხმარება იმაში, რომ შინაარსობრივი განხილვა არ მოხდეს მტკიცებულებების, რაც პირველ შუამდგომლობასთან იყო დაკავშირებული. როცა ჩვენ ვამბობდით, რომ 2012-დან 2025 წლამდე ხუთჯერ მოხდა მცდელობა ქვეყნის გადატრიალების - ასე უწერიათ კონსტიტუციურ სარჩელში - ვინ მოახდინა? როდის მოახდინა? ვინ არიან პასუხისმგებელი პირები? ამ მტკიცებულებების გამოკვლევა თუ არ უნდა მოხდეს, სასამართლომ თუ ფაქტად მიიღო ეს, მაშინ რაღა აზრი აქვს აქ ყოფნას მხარეების? მეილზე გაუგზავნოს თავისი პოზიცია „ქართულმა ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს”, - დასძინა თევზაძემ.

























