ევა გოცირიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - როგორ გესმით „დამხობა“, ძალადობით შეცვლაში რას გულისხმობთ? - მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენებას თუ სხვა არამართლზომიერ მეთოდებს: მუქარა, ტერორი, ზეწოლა, იძულება, „ტვინების რეცხვა“, მოსყიდვა?

ევა გოცირიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - როგორ გესმით „დამხობა“, ძალადობით შეცვლაში რას გულისხმობთ? - მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენებას თუ სხვა არამართლზომიერ მეთოდებს: მუქარა, ტერორი, ზეწოლა, იძულება, „ტვინების რეცხვა“, მოსყიდვა?

შევეხოთ სწორედ 78-ე მუხლსაც, რომელიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა იგი გარდამავალ დებულებებშია, მაგრამ მინდა, თქვენი კონკრეტული აზრი ვიცოდე. ის გარემოება, საქართველო გახდება თუ არა ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ეს არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილი? - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის წევრმა, ევა გოცირიძემ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, გიორგი კახიანს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ სხდომა მიმდინარეობდა.

ევა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სარჩელში შეტანილი ტერმინების შინაარსის დაზუსტება ითხოვა და აქცენტი 78-ე მუხლის თაობაზე გააკეთა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეხება.

“ჩემი შეკითხვა ეხება უფრო ზოგად საკითხს, კერძოდ, კონსტიტუციის მე-60 მუხლში მითითებული ზოგიერთი ტერმინის შინაარსის დაზუსტებას. თქვენ წარმოადგინეთ სარჩელი და ცხადია, რომ თითოეული ტერმინის ქვეშ იგულისხმეთ გარკვეული შინაარსი, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თქვენ რა შინაარსი იგულისხმეთ თითოეული ტერმინის ქვეშ.

პირველ რიგში, ეს არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. მე ახლავე გეტყვით, რომ ეს შეიძლება გავიგოთ ორი მნიშვნელობით - ვიწრო მნიშვნელობითა და ფართო მნიშვნელობით. ფართო მნიშვნელობით მასში შეიძლება ვიგულისხმოთ ყველაფერი ის, რაც კონსტიტუციაში წერია, ხოლო ვიწრო მნიშვნელობით შეიძლება ვიგულისხმოთ მხოლოდ მისი ყველაზე უფრო ფუნდამენტური საკითხები, რასაც, თუ ევროპულ პრაქტიკას გამოვიყენებთ, შეიძლება ეწოდოს თავისუფალი დემოკრატიული წესრიგი. მასში შედის სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიულ-სოციალური სახელმწიფო, ზოგადად წარმომადგენლობითი დემოკრატია, პარლამენტარიზმი, გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ანგარიშვალდებული მთავრობა და ა.შ.

თქვენ ამ ვიწრო მნიშვნელობაზე დააფუძნეთ თქვენი სარჩელი თუ ფართო მნიშვნელობაზე და აქვე შეიძლება შევეხოთ სწორედ 78-ე მუხლსაც, რომელიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა იგი გარდამავალ დებულებებშია, მაგრამ მინდა, თქვენი კონკრეტული აზრი ვიცოდე. ის გარემოება, საქართველო გახდება თუ არა ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ეს არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილი? ან რომელ ქვეყანასთან დაამყარებს სტრატეგიულ თანამშრომლობას, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, მოლდოვა, ჩინეთი, ზიმბაბვე, ნიკარაგუა… ეს კონსტიტუციური წყობილების ნაწილად მიგაჩნიათ თუ ეს არ შედის იმ ყველაზე მთავარ საკითხებში, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ კონსტიტუციური წყობილება ვიწრო მნიშვნელობით? თქვენ რომელი გაგებით გესმით ეს ტერმინი?

მეორე ტერმინი არის დამხობა. როგორ გესმით დამხობა, იმიტომ, რომ აქ საუბარია კონსტიტუციური წყობილების დამხობაზე. აქვე, შეგაშველებთ, ამაში რას გულისხმობთ, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, რაც თქვენ მიგაჩნიათ კონსტიტუციური წყობილების აუცილებელ კომპონენტებად, სულ მცირე ერთის გაუქმება, დე ფაქტოდ თუ უფრო ფართოდ გაქვთ წარმოდგენილი? და ძალადობით შეცვლაში რას გულისხმობთ, ეს არის უშუალოდ და მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენება თუ სხვა არამართლზომიერ მეთოდებს, როგორიც არის მუქარა, ტერორი, ზეწოლა, იძულება, ტვინების რეცხვა, მოსყიდვა და ა.შ.”, - მიმართა კითხვით ევა გოცირიძემ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს.

გიორგი კახიანმა პასუხის ნაწილში კონსტიტუციური წყობილების ცნებაზე გააკეთა აქცენტი და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დარღვევებზე ისაუბრა.

“როდესაც კონსტიტუციური წყობილების ცნებაზე ვსაუბრობთ, ეს ჩვენ ბევრნაირად შეიძლება განვმარტოთ და წარმოვიდგინოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ კონსტიტუციურ წყობილებაში მოვიაზრებთ იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეფუძნება. როდესაც ღირებულებებსა და პრინციპებზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია სამ მთავარ მოდელზე, ეს არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები.

როდესაც ჩვენ მოპასუხე მხარეს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ვედავებით სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ნაწილში, სამართლებრივი სახელმწიფო, თავის მხრივ, კიდევ მრავალი კომპონენტისგან შედგება, თუმცა, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი არის ადამიანის უფლებები და თავისუფლება. როდესაც 2003-2012 წლებში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სისტემურ და სისტემატურ დარღვევას და ამ ნაწილში ჩვენი სარჩელი განმტკიცებულია, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, ბუნებრივია, როდესაც მმართველი ძალა როდესაც არის ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევას ახდენს, ასეთი ქმედებებით იგი კონსტიტუციურ წყობილებასაც ამხობს”, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ევა გოცირიძემ ისევ 78-ე მუხლის კონსტიტუციური წყობილების ნაწილთან დაკავშირებით დასვა კითხვა.

“რაც შეეხება 78-ე მუხლს, რომელი ორგანიზაციის წევრი გახდება საქართველო, ეს არის კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ნაწილი თუ არ არის?” - მიმართა მოსამართლემ კახიანს.

კახიანმა განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი ცალკე ვერ განიხილება და ის სხვა მუხლებთან ერთობლიობაში უნდა იხილებოდეს.

“78-ე მუხლს რაც შეეხება, ხშირად გვხვდება ამ მუხლით აპელირება და იმის მცდელობა, რომ ესა თუ ის ქმედებები არაკონსტიტუციურად წარმოაჩინონ, მაგრამ 780-ე მუხლი, ბუნებრივია, ჩვენ უნდა განვიხილოთ კონსტიტუციის სხვა მუხლებთან ერთობლიობაში. როდესაც 78-ე მუხლს წინ უსწრებს კონსტიტუციის სხვა მუხლები, როდესაც სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი არის განმტკიცებული კონსტიტუციის, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი არის განმარტებული, ბუნებრივია, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს 78-ე მუხლიდან, თანხვედრაში უნდა იყოს სხვა პრინციპებთან, როგორიც არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ა.შ.”, - განმარტა გიორგი კახიანმა.

ევა გოცირიძემ კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკა მოითხოვა და იკითხა, 78-ე მუხლის მიხედვით, საქართველო გახდება თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, იცვლება თუ არა ამით ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება.

“ეს გასაგებია, მაგრამ არ არის ნაწილი… ასე უნდა გავიგოთ ხომ თქვენი პასუხი? არის თუ არა ნაწილი [78-ე მუხლი კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ნაწილი]. ზოგადად, მშვიდობიანი თანაარსებობა არის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ამ მშვიდობას რომელ ორგანიზაციაში დაამყარებთ, ამით შეიცვლება რამე? მაგალითად, საქართველო გახდება თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, თუნდაც 78-ე მუხლით, ნატო-ს წევრი გახდება თუ არ გახდება, ამით საქართველოს კონსტიტუციური წყობილება იცვლება თუ არ იცვლება? ამას გეკითხებით, კონსტიტუციური წყობილების განუყოფელ ნაწილად მიგაჩნიათ თუ არ მიგაჩნიათ 78-ე მუხლი, ნაწილი რომ არის გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კონსტიტუციის ტექსტი და კონსტიტუციური წყობილება. ბევრ ქვეყანაში გამიჯნულია, თქვენც მიჯნავთ თუ არა?” - მიმართა ევა გოცირიძემ გიორგი კახიანს, რაზეც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ევა გოცირიძეს მიმართა, რომ ამ კითხვით ის გიორგი კახიანს პასუხს კარნახობს.

ევა გოცირიძემ კიდევ უფრო მეტად დააკონკრეტა თავის კითხვა 78-ე მუხლთან დაკავშირებით.

“არ ვკარნახობ, ვეკითხები, იმიტომ დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ მოსარჩელემ აქცენტი გააკეთა დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, ადამიანის უფლებებზე და ამაზე. არ უსაუბრია სხვა თემებზე. გეკითხებით, გთხოვთ, რომ ნათლად გვითხრათ, ვიწრო მნიშვნელობით გაქვთ წარმოდგენილი თუ ფართო მნიშვნელობით? არის თუ არა 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ნაწილი თუ ამით არაფერი იცვლება, საქართველო რომელ ორგანიზაციაში გაერთიანდება” - კიდევ ერთხელ მიმართა გოცირიძემ კახიანს, რაზეც კახიანმა უპასუხა, რომ 78-ე მუხლი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს.

“მე ვთვლი, რომ 78-ე მუხლი საგარეო მიმართულების არის და არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია”, - მოკლედ უპასუხა გიორგი კახიანმა.