„სტრატეგია აღმაშენებელი“ - პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა

სააპელაციო სხდომის წინ, პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პაატა მანჯგალაძის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შესატანადაც მზადდება.

"16 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული პროცესის წინ, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრისა და „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის საქმე ოფიციალურად წარედგინა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტს ჟენევაში.

IPU მსოფლიოს 184 ეროვნული პარლამენტის (მათ შორის საქართველოს პარლამენტის) გაერთიანებაა, ხოლო მისი პარლამენტართა უფლებების კომიტეტი იხილავს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი დეპუტატების საქმეებს, როდესაც დარღვევა უკავშირდება მათი პარლამენტარობის პერიოდს. IPU-ს სამდივნომ საჩივარი და მტკიცებულებითი დოსიე უკვე მიიღო, ამზადებს ანგარიშს კომიტეტის ზამთრის სესიისთვის (2027 წლის იანვარ-თებერვალი) და ოფიციალურ განმარტებებს სთხოვს საქართველოს საპარლამენტო ხელისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ პაატა მანჯგალაძე 2025 წლის 4-5 ოქტომბერს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე) 7-წლიანი განაჩენის 26-ე გვერდზე (პუნქტი 2.33) „დანაშაულებრივი განზრახვის" მტკიცებულებად სიტყვასიტყვით ჩაწერა მისი 2024 წლის 24 ოქტომბრის კანონიერი საარჩევნო სიტყვა („26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე!"), რომელიც მანჯგალაძემ მოქმედი პარლამენტარის სტატუსით წარმოთქვა.

განაჩენის სამართლებრივი კოლაფსი და სამი ინსტიტუციის დასკვნა:

2026 წლის 7 მაისის განაჩენით (საქმე №1/7642-25) სასამართლომ პაატა მანჯგალაძე ოფიციალურად გაამართლა ხელისუფლების დამხობის მოწოდებასა (სსკ-ის 317-ე მუხლი) და პრეზიდენტის სასახლის ეპიზოდში (სსკ-ის 222-ე მუხლი) და დაადასტურა, რომ იგი სასახლესთან საერთოდ არ ყოფილა. ამის მიუხედავად, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სსკ-ის 225-ე მუხლით (მასობრივი არეულობის ორგანიზება).

დღეისათვის სამი დამოუკიდებელი ინსტიტუცია ერთსულოვნად ადასტურებს, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს:

საქართველოს სახალხო დამცველი (Amicus Curiae №26/2481): დაადგინა, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი ბრძანება, ინსტრუქცია ან ერთობლივი დანაშაულებრივი გეგმის მტკიცებულება;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA): დაადასტურა ბრალეულობის მტკიცებულებათა სრული არარსებობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI Georgia): 6 ნოემბრის მონიტორინგის ანგარიშში მიუთითა, რომ განაჩენი ძალადობის ორგანიზებას მიაწერს ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე.

საპროცესო შეთანხმება, თავდასხმები და პატიმრობის პირობები:

სააპელაციო პროცესის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საჯაროდ გააკრიტიკა სახალხო დამცველის დასკვნა კანონის „აფთიაქური საზომით" შეფასებისთვის, ღიად დაუჭირა მხარი კოლექტიურ პასუხისმგებლობას („სცენის კუთხეში იდგა თუ ცენტრში, იქ ხომ იდგაო") და მანჯგალაძე „სისხლის ღვრის მოწყობაში" დაადანაშაულა.

პაატა მანჯგალაძე უარს ამბობს არარსებული ბრალის აღიარებაზე. პარალელურად, საქმეზე ინფორმირებულია ეუთო/ოდირი (OSCE ODIHR) და Amnesty International, მზადდება სარჩელი სტრასბურგის სასამართლოსთვისაც", - ნათქვამია ინფორმაციაში.