ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ის ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის სრულად დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ის ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის სრულად დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება

ვლადიმერ პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ის, რა თქმა უნდა, ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის სრულად დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების შემდეგ უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფმა შეატყობინა, რომ რუსები ფიქრობენ, თითქოს დონბასის ნახევარი უკვე ოკუპირებული აქვთ.

“რუსები ფიქრობენ და აცხადებენ, თითქოს უკვე დაიკავეს დონბასის ნახევარი, რომელიც, სინამდვილეში, ჩვენს კონტროლქვეშ რჩება. საუბარია სამხედრო ოფიცრებსა და რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებზე; ისინი ამას სრული სერიოზულობით ამბობდნენ. ჩვენმა ჯგუფმა მათ უპასუხა: „გვიკვირს, საერთოდ როგორ შეგიძლიათ მსგავსი რამის თქმა. ჩვენ გვაქვს ვიდეომასალა, ფოტოები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს ტერიტორიები ჩვენს კონტროლქვეშაა“. სწორედ ეს არის პრობლემა. პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ის ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის სრულად დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება. მეც შემიძლია დავხატო სურათი, სადაც რუსეთს სრულად ვიკავებ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დადებითი იყო ის, რომ ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უკრაინის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე.

“სწორედ ამიტომ, საჭიროა, ლიდერთა დონეზე დავსხდეთ და ვისაუბროთ. ბევრი კითხვა არსებობს. მაგალითად, ვისაუბრეთ ქალაქ ხერსონზე, რომელიც დღეს მდინარით არის გაყოფილი: ერთ ნაპირს რუსები აკონტროლებენ, მეორეს - ჩვენ. თუმცა, ხალხს სურს, ორივე ნაპირზე ერთიანად იცხოვროს. ეს უკრაინული ქალაქია. მსგავსი საკითხები მგრძნობიარეა, მაგრამ მათზე საუბარი აუცილებელია. ვფიქრობ, ხვალ გუნდები ლიდერთა დონეზე შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი მზად არის, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს წამოვჭრით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.