ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში საბოლოოდ ხდება ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმება, პროევროპული პოლიტიკური პარტიების გაუქმება - „ქართული ოცნება“ აღარ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური საქმიანობისთვის და დიალოგისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში საბოლოოდ ხდება ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმება - „ქართული ოცნება“ აღარ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური საქმიანობისა და პოლიტიკური დიალოგისთვის“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების უკანონოდ შეწყვეტის ფონზე, მმართველი გუნდის არალეგიტიმურობა საერთაშორისო დონეზეც გამყარებულია.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ მიიტაცა ხელისუფლება. მისი არალეგიტიმურობა საერთაშორისო დონეზე განმტკიცებული არის მაშინ, როდესაც საარჩევნო კოდექსში შევიდა ისეთი ცვლილებები, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, აუკრძალეს სადამკვირვებლო მისიების განხორციელება, როდესაც პოლიტიკური პარტიების გაუქმება ხდება, როდესაც დაფინანსება შეუწყვიტეს უკანონოდ პოლიტიკურ პარტიებს და, ზოგადად, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიტიკა მოკლას ამ ქვეყანაში. საკონსტიტუციო სასამართლოში საბოლოოდ ხდება ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმება - პროევროპული პოლიტიკური პარტიების გაუქმება. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ აღარ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური საქმიანობისთვის, პოლიტიკური დიალოგისთვის, ასე რომ, ეს განცხადებები, ასეთი შეხედულებები იქნება მრავლად, სანამ არ დაუბრუნდება დემოკრატიულ წყობილებას”, - განაცხადა ბეჟაშვილმა

























