საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ხმაურის და ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ხმაურის და ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს, კამათი იყო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა მოსარჩელე მხარის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე მოვლენების დროს, დაახლოებით, სამართალდამცველი ორგანოს 170 წარმომადგენელი დაზიანდა.

არჩილ გორდულაძემ აღნიშნულით უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის კითხვას, თუ აქვს დათვლილი მოსარჩელე მხარეს, რა საგარეო და საშინაო ზიანი მიაყენეს ქვეყანას სარჩელში მითითებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა?

„სარჩელშიც და თქვენს ახსნა- განმარტებაშიც საუბარი იყო, რომ ამ მოქმედებებით, რაც განპირობებული იყო იმ შეთანხმებებით, რაც მოპასუხე პარტიებმა განახორციელეს, კონკრეტული ზიანი მიიღო სახელმწიფომ. აქ საუბარია საგარეო და საშინაო ზიანზე. თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია ან თუ დათვლილია საგარეო კუთხით, რა ხელშესახები ზიანი იყო? - პირობითად, ვიზების საკითხი, შეიძლება რეზოლუციები იქნება მიღებული, შეიძლება პროექტებში შეგვეზღუდა თანამშრომლობა ან სარგებლის მიღება და შიდას რაც შეეხება, ამ არეულობების პერიოდში თუ არსებობს დათვლილი რაიმე ხელშესახები ზიანი, მატერიალური იქნება ეს თუ, პირობითად, პიროვნებების ან სამართალდამცველების დაზიანება?“-იკითხა როინიშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სასამართლოსგან მოითხოვდნენ, მოსარჩელეს დაეზუსტებინა 170 პოლიციელის დაშავების საკითხი სარჩელში მტკიცებულების სახით, სად ჰქონდათ მითითებული.

„როდესაც რაღაც ითქმება, იქნებ მტკიცებულებით მიუთითოს, რომ ვნახოთ, სად არის ეს ყველაფერი. ანუ 170 კაცი დაზიანდა - ეს თხზულებაა თუ მტკიცებულება არ არის. ხომ გამოვტოვეთ, ბატონო თავმჯდომარე, მტკიცებულებების გამოკვლევა და აქ მაინც გვითხრან, რომ ჩავინიშნოთ მტკიცებულება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„არაფერი გამოუტოვებია სასამართლოს, ნუ უტრირებთ“, - მიმართა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ. თავის მხრივ, არჩილ გორდულაძემ საკუთარ სამუშაო ლეპტოპში „დაშავებული პოლიციელების ამსახველი ფოტოები“ გახსნა და სასამართლოს უჩვენა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა ნიკა გვარამიას მწვავე პროტესტი და გორდულაძესთან სიტყვიერი დაპირისპირება. საბოლოოდ, სხდომის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას გაფრთხილება მისცა და სხდომიდან გაძევებით დაემუქრა.

აღსანიშნავია, რომ საკითხთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი გიგა ლემონჯავა, თუმცა მოსამართლე ნადარაიამ მასაც სიტყვის უფლება არ მისცა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

„დაბრძანდით ახლა, თორემ მიგაბრძანებთ გარეთ. არ გაძლევთ სიტყვას!“ - განაცხადა ნადარაიამ.

ნადარაიამ ამასთან განმარტა, რომ კითხვების ეტაპზე, უნდა მიიღონ ის პასუხი, რა პასუხსაც იძლევა მხარე, მიუხედავად იმისა, ეს პასუხი რომელიმე პარტიას მოსწონს თუ არა.

ასევე, კამათის პროცესში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა სასამართლოს მოუწოდა, არჩილ გორდულაძისთვის უზრდელობისთვის „შენიშვნა“ მიეცა.

„ბატონო მოსამართლე, ბატონი არჩილი უზრდელობს პროცესზე და იქნებ მისცეთ შენიშვნა, რომ უზრდელური კომენტარები მხარის მიმართ აქ მაინც არ გამოიყენოს, იმიტომ, რომ ეს არ არის მისი კომიტეტი, სადაც ის თამაშობს ხოლმე“, - მიმართა ბუჩუკურმა სასამართლოს.