ლაშა ხუციშვილი საგარეო ვალზე - ვალი ძალიან უსაფრთხო ნიშნულზეა, ჩვენი სტრატეგიით ვალის უსაფრთხო ნიშნულად დაახლოებით განსაზღვრულია 40-დან 45%-მდე

ვალი ძალიან უსაფრთხო ნიშნულზეა, ჩვენი სტრატეგიით ვალის უსაფრთხო ნიშნულად დაახლოებით განსაზღვრულია 40-დან 45% - მდე. ვალის დონის ზედა ჭერი, როდესაც ფისკალური წესები ირთვება 60%- ია. დღევანდელი მოცემულობით 2027 – 2030 წლის პროგნოზი არის 31%, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვალის ძალიან უსაფრთხო ნიშნულია, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე საგარეო ვალთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ვალის მოცულობის ზრდა ნომინალურ გამოხატულებაში ბუნებრივი პროცესია. მისივე თქმით, ეკონომიკურ ზომასთან მიმართებით ვალის შემცირება ძალიან დადებითი მოვლენაა.
„არ ვიცი ეს სიურპრიზი რატომ არის, დღესდღეობით მსოფლიოში შეიძლება 1 ან 2 ქვეყანა იყოს, რომელსაც შეიძლება პროფიციტი ჰქონდეს ან საბიუჯეტო დეფიციტი ჰქონდეს 0-ს ქვემოთ.
ბიუჯეტის დაფინანსება ხდება მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი ვალდებულებების აღებით, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო ვალი. თუმცა ამ ნაწილში, ვალთან მიმართებაში ერთადერთ მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის ის, თუ რა თანაფარდობაშია ვალის მოცულობა ეკონომიკის ზომასთან მიმართებაში. ანუ მშპ-ს რამდენ პროცენტს შეადგენს ვალი.
ეს არის ერთადერთ კრიტერიუმი, რითაც შესაძლებელია შეფასდეს ვალი არის მაღალ თუ დაბალ ნიშნულზე. ვალის დონე სახიფათოა თუ არა.
ჩვენ გვაქვს ვალის მართვის სტრატეგია და ეს ხუთ წელზე მეტია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არის გამოქვეყნებული. კოვიდ პანდემიის შემდეგ ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 59% - ზე მეტი იყო, ის ჩამოდის 31% - მდე და აქაც 2 - ჯერ შემცირება გამოდის. ეს იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც ასე მოკლე პერიოდში ვალის დონის შემცირება ხდება ქვეყანაში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

























