მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - თქვენი ქმედება გვარამიას გაძევებაზე იყო მიზანმიმართული, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“

თქვენი ქმედება გვარამიას გაძევებაზე იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“, იმიტომ, რომ „ოცნება“ ამას მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ, ეს მინდა იცოდეს საზოგადოებამ და ვეუბნები სასამართლოს, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს.
კოპალეიშვილის თქმით, ისინი პროცესზე გვარამიას დაბრუნების შუამდგომლობას დააყენებენ.
„თქვენ ხომ არ მოგწონთ, რომ ვაკრიტიკებ სასამართლოს, მაგრამ თქვენ გაქვთ კრიტიკის ფართო ზღვარი და უნდა მიიღოთ ეს კრიტიკა. არასწორია ეს! ჩვენ დავაყენებთ ამ შუამდგომლობას, რომ განიხილოთ დაშვება, იმიტომ, რომ რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის ჩვენი საპროცესო უფლებების შეზღუდვა და სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვა განხილვაზე. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შუამდგომლობას დავაყენებთ გვარამიას კვლავ დაშვების შესახებ. რატომ გეცინებათ? არ მიიღებთ? წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული? ესეც თქვენი სისუსტეა, სასამართლოს მინდა მივმართო! მე მოსამართლე ვიყავი და მსგავსი ქცევები არასოდეს... მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დონემდე მივიდოდა, რომ მხარისთვის შეზღუდვას განახორციელებდა. დემონსტრირებას უკეთებთ იმას, რომ კანონის ძალით გველაპარაკებით, ვერასდროს ვერ დავასრულებთ თქვენს კრიტიკას!“- განაცხადა კოპალეიშვილმა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიას თქმით, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი, 10- წლიანი გამოცდილების მიუხედავად, არ იცის, მოპასუხე მხარის კონკრეტული წევრები კი ბოლო ორი დღის განმავლობაში ცდილობენ, რომ სასამართლომ ისინი გააძევოს. „რაც შეეხება ჩემს გაღიმებას, დიახ, გასაღიმებელია, როდესაც სასამართლოს ეუბნებით წინასწარ, რომ მე დავაყენებ ამ საკითხს. თქვენ ამის უფლება გაქვთ და ჩემთან შეთანხმება არ გჭირდებათ. კანონი წაიკითხე, კანონი! კანონში წერია, სხდომის დასრულებამდე გაძევებული პირი ითვლება გაძევებულად, თუ სასამართლომ არ დააკმაყოფილა თქვენი შუამდგომლობა. სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 32-ე მუხლი, პირის გაძევება და შემდეგ მისი დაბრუნების პროცედურები რომ არ იცით, როდესაც 10 წელი აქ იჯექით“, - განაცხადა ნადარაიამ. ამას, თენგო თევზაძის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს შეურაცხყოფაა სასამართლოს მხრიდან. „შეურაცხყოფა რაც არის, საკუთარ თანაგუნდელს თუ, რაც არის, ქალბატონი მაია, იმას მიხედეთ და შეურაცხყოფა არის ის, რომ მე დავალება მივიღე, რომ ბატონი გვარამია გამეძევებინა. თქვენ უკვე ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ მე გაგაძევოთ დარბაზიდან და მე მიჩნდება ეჭვი, შეკითხვები რომ მოდის, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ“, - განაცხადა ნადარაიამ.

























