სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2026 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს 43-ე სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
სხდომა სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ გახსნა, მონაწილეებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო და აპარატში არსებულ სიახლეებზე, ასევე სახალხო დამცველის ვებ-გვერდის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს წევრებს შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში, გასული 5 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები წარუდგინა.
„საბჭოს მოწვეულმა წევრებმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში პერსონალური ასისტენტის სერვისთან დაკავშირებით მიმდინარე ცვლილებებზე იმსჯელეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობასა და შშმ პირთა მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე. სხდომის მსვლელობისას ასევე ისაუბრეს შშმ პირთათვის პარკირების საცნობი ნიშნის გაცემასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ბარიერებსა და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეაგირებაზე.
დისკუსიის რეჟიმში ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და თავად ამ ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში შექმნილ ბარიერებზე.
ღონისძიება ევროკავშირის და DAI პროექტის - „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ დაფინანსებით გაიმართა.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























