რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს - თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ - მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ

თქვენ უკვე ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ მე გაგაძევოთ დარბაზიდან და მე მიჩნდება ეჭვი, შეკითხვები, რომ მოდის, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელს მაია კოპალეიშვილს და განაცხადა, რომ მან სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა.
„შეურაცხყოფა არის ის, რომ მე დავალება მივიღე, რომ ბატონი გვარამია გამეძევებინა. თქვენ უკვე ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ მე გაგაძევოთ დარბაზიდან და მე მიჩნდება ეჭვი, შეკითხვები რომ მოდის, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ. თქვენ ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ სასამართლომ მიიღო დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია, რომელსაც მუდმივი შენიშვნები... ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ იმის, რომ მომისმინოთ“, - განაცხადა ნადარაიამ.
ნადარაიას გაღიზიანება გამოიწვია მაია კოპალეიშვილის მხრიდან გაჟღერებულმა კრიტიკამ, რომლის თქმითაც, ნიკა გვარამიას გაძევების შესახებ მითითება სასამართლომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღო.
„თქვენი ქმედება გვარამიას გაძევებაზე იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“, იმიტომ, რომ „ოცნება“ ამას მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ, ეს მინდა იცოდეს საზოგადოებამ და ვეუბნები სასამართლოს. თქვენ ხომ არ მოგწონთ რომ ვაკრიტიკებ სასამართლოს, მაგრამ თქვენ გაქვთ კრიტიკის ფართო ზღვარი და უნდა მიიღოთ ეს კრიტიკა. არასწორია ეს! ჩვენ დავაყენებთ ამ შუამდგომლობას, რომ განიხილოთ დაშვება, იმიტომ, რომ, რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის ჩვენი საპროცესო უფლებების შეზღუდვა და სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვა განხილვაზე. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შუამდგომლობას დავაყენებთ გვარამიას კვლავ დაშვების შესახებ. რატომ გეცინებათ ? არ მიიღებთ ? წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული? ესეც თქვენი სისუსტეა, სასამართლოს მინდა მივმართო! მე მოსამართლე ვიყავი და მსგავსი ქცევები არასოდეს... მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დონემდე მივიდოდა, რომ მხარისთვის შეზღუდვას განახორციელებდა. დემონსტრირებას უკეთებთ იმას, რომ კანონის ძალით გველაპარაკებით, ვერასდროს დავასრულებთ თქვენს კრიტიკას!“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.

























