ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა სანქციათა შესრულების წესს იცავს და სერიოზული დარღვევისა და სანქციების არიდების შემთხვევები არ არსებობს

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა სანქციათა შესრულების წესს იცავს და სერიოზული დარღვევისა და სანქციების არიდების შემთხვევები არ არსებობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სანქციათა შესრულების წესს იცავს და სერიოზული დარღვევისა და სანქციების არიდების შემთხვევები არ არსებობს.

თურნავას თქმით, ასეთია არა მხოლოდ ეროვნული ბანკის შეფასება, არამედ საერთაშორისო შეფასება, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან, როგორც არის “მანივალი“.

„ამავდროულად, აღვნიშნავ, რომ ჩვენ მიერ გამოცემული ნებისმიერი ნორმატიული აქტი საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა რიგ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც სხვის ქონებასთან შეხებას ეხება, მთელ რიგ პროცედურებს აწესებს, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ჩვენი ნორმატიული აქტი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფილიყო. სამი წელი გავიდა და ეს წესი ძალიან პოზიტიურად და ეფექტურად მუშაობს. მისი მიზანი იყო ჩვენი საფინანსო სისტემის შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო რეგულაციებთან და სასანქციო მოთხოვნებთან. მისი დაკავშირება ერთ რომელიმე პიროვნებასთან არის სიცრუე და ამაზე ფაქტები მეტყველებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტის სხდომაზე.

2023 წელს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით სპეციალური წესი დაამტკიცა. მალევე ნათია თურნავამ აღნიშნულ წესში ცვლილება შეიტანა და გამოცემულ ბრძანებას საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული გამონაკლისი დაამატა. ცვლილების თანახმად, საერთაშორისო სანქციების რეჟიმები საქართველოს მოქალაქესთან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება, თუ საქართველოს მოქალაქის მიმართ სანქციების დაწესების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს.

აღნიშნულ ცვლილებას წინ უძღოდა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება.