გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი ედებათ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში - მუხლის გადაკვალიფიცირება არ იგეგმება

გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი ედებათ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში - მუხლის გადაკვალიფიცირება არ იგეგმება

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთ ბრალი ედებათ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაკავებულებისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება არ იგეგმება , - ამის შესახებ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე დაკავებული პოლიციელების ადვოკატმა, ბიჭიკო ლაშხიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ხადურის საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით არ მიმდინარეობს და არც მანამდე მიმდინარეობდა.

“აღნიშნულ საქმეში ვიცავ მალხაზ აბჟანდაძისა და კახა ნებიერიძის ინტერესებს.

ამ ეტაპისთვის ჩემთვის ცნობილია ბრალის ფორმულირება და მუხლის კვალიფიკაცია. მათ ბრალი ედებათ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებაში.

მოგახსენებთ, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და არც არასდროს მიმდინარეობდა. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, ამ ეტაპზე ვაპირებ, რომ მოვინახულო ჩემი დასაცავი პირები. ჯერ საქმის მასალები არ გადმომცემია, შესაბამისად, დამჭირდება გარკვეული დრო, რათა საქმის კონკრეტულ გარემოებებზე უკეთესად ვისაუბრო.

როგორც ჩემთვის ცნობილია, დაკავებულებისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება არ იგეგმება”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა, პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და სამართალდამცველები დაედევნნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა. რამდენიმე კვირის წინ დედის პროტესტის შედეგად სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.