გიორგი სიორიძე - “ქართულმა ოცნებამ” მორიგ ჯერზე ჩამოიხსნა ნიღაბი - უნდათ, რომ კონსტიტუციური გადატრიალება დიქტატურის გაფორმებით დააგვირგვინონ

ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა, ძალიან ბევრი აბსურდი მოვისმინეთ დღეს კიდევ და “ქართულმა ოცნებამ” მორიგ ჯერზე ჩამოიხსნა ნიღაბი, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი განიხილავს.
სიორიძის თქმით, მოსამართლეების მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ ცხადყო სარჩელის აბსურდულობა და აჩვენა, რეალურად, რა მიზანი აქვს ამ პროცესს.
“მოსამართლეებს საკმაოდ საინტერესო შეკითხვები ჰქონდათ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, რომლებზეც “ქართულ ოცნებას” გასაოცარი პასუხები ჰქონდა, ისეთი პასუხები, რომლებიც ამ პოლიტიკური ძალის ლუსტრაციას კიდევ ერთხელ ახდენს, ამ სარჩელის აბსურდულობას კიდევ ერთხელ ააშკარავებს, სააშკარაოზე გამოაქვს რეალური მიზანი, რაც ამ პროცესს აქვს.
თანამედროვე ისტორიაში სამარცხვინო ფურცელია, როდესაც ერთი პოლიტიკური, ავტორიტარული მმართველი ძალა ცდილობს ოპოზიციის გაქრობას, ცდილობს ძალადობას საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნებაზე, მათივე ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით, ამომრჩევლის 40%-ზე, მილიონ მოქალაქეზე, რომელთაც ეუბნებიან, ფორმალურად არჩევნებში მონაწილეობის უფლება გაქვთო, მაგრამ იქ არავინ დაგხვდებათ, ვისი არჩევაც თქვენ გსურთო.
ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა, ძალიან ბევრი აბსურდი მოვისმინეთ დღეს კიდევ და “ქართულმა ოცნებამ” მორიგ ჯერზე ჩამოიხსნა ნიღაბი. კონსტიტუციური გადატრიალება, რომელსაც “ქართული ოცნება” წლების განმავლობაში მისდევდა, რომელიც გულისხმობდა სახელმწიფო აპარატის სრულ დაქვემდებარებას, პარტიულ ვერტიკალზე დაქვემდებარებას, რომელიც გულისხმობდა ისეთი რეგულაციების მიღებას, რომელიც მათ ფორმალურად ლეგალისტური მეთოდებით მისცემდა დიქტატურის დამყარების შესაძლებლობას, უნდათ, რომ ახლა დააგვირგვინონ პარტიების აკრძალვით, პოლიტიკური ველიდან ოპოზიციის გაქრობითა და დიქტატურის გაფორმებით.
ამავდროულად, აქვთ მეორე მიზანიც, მათი ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური და, რაც ყველაზე საგანგაშოა, პრორუსული საგარეო პოლიტიკის კონსტიტუციურ ვალდებულებად და წესად ქცევა.
მათ ასევე ისაუბრეს 2008 წლის ომზე, თითქოს ისინი ქართველი სამხედროების ღირსების სადარაჯოზე იყვნენ. ეს არის იმ პოლიტიკური ძალის განცხადება, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ქალბატონი წულუკიანი ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდა, რატომ არ არის სახლში ანწუხელიძე და რატომ დაიღუპა ანწუხელიძეო. რეალურად, ისინი ამით ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის გადატანას ცდილობენ ქართულ სახელმწიფოზე და ამავდროულად ცდილობენ, ნებისმიერი იმ განსხვავებული აზრის, რომელიც საჯარო სივრცეში შეიძლება წარმოიშვას, საბოტაჟად გამოცხადებას, რომელიც “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას გააკრიტიკებს”, - განაცხადა სიორიძემ.

























