გიორგი უძილაური - ევროინტეგრაციის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ „ოცნებას“, არამედ საზოგადოების ნეიტრალურ უმრავლესობას - ოპოზიცია სათანადოდ არ ითვალისწინებს კონფორმისტული ამომრჩევლის არსებობას და პროცესებზე მის გავლენას

ჯაშუშობაში ბრალდებული ფინანსური პოლიციის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი გიორგი უძილაური საზოგადოებას საქართველოს პოლიტიკურ რეალობასა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე საკუთარ პოზიციას უზიარებს. პატიმრობაში მყოფი უძილაურის მოსაზრებები “ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ბექა გულედანმა გააცნო.
ადვოკატის თქმით, გიორგი უძილაური დაახლოებით 30 წლის წინ, გაზეთ “ახალი თაობის“ ჟურნალისტად მუშაობის პერიოდს იხსენებს, როდესაც ის მკითხველს ევროპული კავშირის ინსტიტუტების სტრუქტურისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
“მაშინ მას სჯეროდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე პროგრესულ, წარმატებულ, მდიდარ და დემოკრატიულ გაერთიანებაში საქართველოც გაწევრიანდებოდა.
20 წლის წინ, მას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ფონზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უკვე საეჭვოდ ეჩვენებოდა. მიუხედავად ამისა, გიორგი უძილაური თანამოაზრეებთან ერთად კვლავ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ საქმიანობას აგრძელებდა და ორგანიზაცია “ევროპული არჩევანი საქართველოსთვის” დააფუძნა. დაახლოებით 10 წლის წინ კი დარწმუნდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების იდეა და საქართველოში დამკვიდრებული მმართველობის ტრადიცია ერთმანეთთან კონცეპტუალურ წინააღმდეგობაში იყო”, - აცხადებს ადვოკატი.
გიორგი უძილაურის შეფასებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა, მიუხედავად დემოკრატიული ლოზუნგებისა, საბოლოოდ მმართველობის ამა თუ იმ დიქტატორულ ფორმას იძენდა. მისი აზრით, დღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მონოპოლიური ძალაუფლების დაკარგვით შეშფოთებულ “ქართულ ოცნებას“, არამედ ქართული საზოგადოების ნეიტრალურ, კონფორმისტულ უმრავლესობასაც, რომლის განწყობებიც, გიორგი უძილაურის შეფასებით, 1921 წლიდან დღემდე საქართველოს ბედსა და უბედობას განსაზღვრავდა და სავარაუდოდ, მომავალშიც ასე იქნება, ვიდრე დრო და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კონფორმიზმს პასუხისმგებლობითა და სოლიდარობით არ ჩაანაცვლებს.
გიორგი უძილაური მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დაბნეულობისა და სისუსტის მიზეზი არც მისი სიჭრელეა, არც დაქსაქსულობა და არც ერთიანი ლიდერის არყოლა - მთავარი პრობლემა არის ის, რომ ოპოზიცია სათანადოდ არ ითვალისწინებს კონფორმისტული ამომრჩევლის არსებობას და მის გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე.
ადვოკატის გადმოცემით, გიორგი უძილაური თვლის, რომ ხელისუფლებას ამ სეგმენტზე უფრო დიდი გავლენა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონფორმისტები ხელისუფლების მოკავშირეები არიან. კონფორმისტებს მეგობრები არა ჰყავთ - მათ მხოლოდ ინტერესები აქვთ.
გიორგი უძილაურის აზრით, ოპოზიციისთვის გაცილებით მარტივია საკუთარ პოლიტიკურ “ბაბლში” და იმ მოქალაქეებთან ურთიერთობა, რომლებსაც უკვე მტკიცედ აქვთ ჩამოყალიბებული პროევროპული პოზიცია, მაგრამ მათ ოპოზიციისგან არ სჭირდებათ არც დამატებითი მოტივაცია, არც “ქართული ოცნებისთვის” მორიგი ნიღბის ჩამოხსნა და არც სადღეგრძელოებად ქცეული მოწოდებები.
პროევროპელი მოსახლეობისთვის ოპოზიცია არის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება მიზნის მისაღწევად. ამიტომ გიორგი უძილაურის შეფასებით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა უკვე მოტივირებულ ამომრჩეველთან მუდმივი კომუნიკაცია, არამედ იმ ინერტული საზოგადოების გააქტიურება, რომლის პასიურობაც “ქართული ოცნების“ 14-წლიან და გარკვეულწილად, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროინდელ ძალაუფლების მონოპოლიის ტრადიციასაც ახანგრძლივებს.
უძილაური მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია პროევროპული ამომრჩევლის მობილიზებას და კონფორმისტულ უმრავლესობასთან მუშაობას ვერ შეძლებს, თავად პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებს მოუწევთ აქტიურობა შვილების მომავლის გადასარჩენად”, - აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატის გადმოცემით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თვლის, რომ ამ აქტივობის ერთ-ერთი გზა ემიგრაციაა, რომლის მასშტაბიც უკვე მესამე წელია იზრდება და ეს გზა “ქართული ოცნებისთვისაც“ მისაღებია, რადგან რუსთაველზე გასულ პროევროპელებს მას ქვეყნიდან გასული პროევროპელები ურჩევნია.
“მეორე გზა პოლიტიკური ტრადიციების შეცვლა და ახალი ფორმის აქტივობაა. ამ პროცესში აუცილებელია არა მხოლოდ გრძელვადიანი ინიციატივები, არამედ კონკრეტულ ვითარებაზე მორგებული, დროებითი და სიტუაციური მოქმედებებიც, რომლებიც კონფორმისტული საზოგადოების გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
უძილაური მიიჩნევს, რომ კონფორმისტული ამომრჩევლისთვის ხშირად საკმარისია ევროკავშირთან ურთიერთობის არსებული დონე - უვიზო მიმოსვლა, ხოლო ევროპული სტანდარტები, დემოკრატიზაცია და საზოგადოებრივი სიკეთეები მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს თუ მათი მიღწევა ხელისუფლებასთან დაპირისპირებას მოითხოვს.
უძილაურის აზრით, ასეთი ამომრჩეველი ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ უპირისპირდება, როდესაც ხედავს, რომ მმართველი ძალა სუსტდება ან ოპოზიციას გამარჯვების რეალური შანსი უჩნდება. უძილაური ამგვარ ქცევას ბოლო 35-წლის განმავლობაში განმეორებად ტენდენციად მიიჩნევს. მისი აზრით, სხვა შემთხვევაში კონფორმისტული უმრავლესობა პასიურობას ირჩევს და არსებულ ვითარებას ეგუება.
უძილაურის შეფასებით, ხელისუფლება ამ პასიურობის შესანარჩუნებლად ძალაუფლების დემონსტრირებასა და მტრის ხატების შექმნას იყენებს. მუდმივად განმეორებადი გზავნილები და მანტრები კონფორმისტებსაც სჭირდებათ, პირველ რიგში, მათივე უმოქმედობის გასამართლებლად საკუთარ შვილებთან, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წინაშეც”, - განმარტავს ადვოკატი.
მისივე თქმით, გიორგი უძილაური მიიჩნევს, რომ ასეთ ადამიანებთან მხოლოდ რაციონალური არგუმენტებითა და მაღალი იდეალებით საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს. საჭიროა მათი პრაქტიკული ინტერესების გათვალისწინება - პირადი და ოჯახის უსაფრთხოება, საკუთრების დაცულობა და მატერიალური კეთილდღეობა. სწორედ ამ ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს მათი გააქტიურების სტრატეგიაც.
მისივე შეფასებით, გასულ წელს “ქართულმა ოცნებამ“ ხმაურიანი კამპანიები წამოიწყო და ყველაში სახიფათოდ გადაამლაშა, რამაც პროევროპულად განწყობილი მოქალაქეების დაფრთხობის ნაცვლად, კონფორმისტები ააფორიაქა. გიორგი უძილაური განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ციხეების მიზანმიმართულმა და საჩვენებელმა გადავსებამ პირდაპირი ასოციაცია გააჩინა სააკაშვილის მმართველობასთან, რომელიც საბოლოოდ კონფორმისტებმა გაწირეს. ასევე მისი შეფასებით, ანტინარკოტიკულმა კამპანიამ და უმკაცრესმა სასჯელებმა საზოგადოების კმაყოფილების ნაცვლად, კითხვები გააჩინა: - ვინ ამარაგებს ნარკოდამოკიდებულებს, მათ შორის ახალბედა ბავშვებს და სად მიდის ამ კონვეიერული ნარკობრუნვიდან ამოღებული ფული?
უძილაურის აზრით, “ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. ანტიკორუფციული კამპანიაც გადაამლაშა. საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ კორუფცია კი არ აღმოიფხვრა, არამედ ელიტებისთვის განკუთვნილ წრემდე შევიწროვდა და ხელისუფლებისთვის სახიფათო განშტოებებისგან გათავისუფლდა. ამ განშტოებებიდან კონკრეტული თანაგუნდელები ჩამოაშორეს, თუმცა სისტემა შენარჩუნდა.
გიორგი უძილაური მიიჩნევს, რომ კონფორმისტები კორუფციასაც ისეთივე მერკანტილურ-პრაგმატული თვალით უყურებენ, როგორც ევროინტეგრაციას - კორუფცია მიუღებელია, თუ მას კონკრეტული კონფორმისტებისთვის კონკრეტული სარგებელი არ მოაქვს. სხვა შემთხვევაში ის მისაღებია.
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თვლის, რომ ნეპოტიზმი და კლანურობა ქართული საზოგადოების ორგანული ნაწილია ბოლო 70 წლის განმავლობაში. ამით ყოველთვის სარგებლობდნენ როგორც მმართველი ჯგუფები, ისე კონფორმისტული უმრავლესობა. რაც უფრო ფართოა ნეპოტისტურ-კლანური სივრცე, მით უფრო კმაყოფილი და დამყოლია კონფორმისტული მასა, თუმცა როდესაც ეს სივრცე მხოლოდ მდიდარი პოლიტიკური და ფინანსური ჯგუფების ხელში იყრის თავს, როგორც დღეს, კონფორმისტული უმრავლესობა პროცესებიდან გარიყული აღმოჩნდება. ასეთ პირობებში ხელისუფლების მხარდაჭერის საფუძველიც სუსტდება, რადგან ადამიანებს აღარ რჩებათ შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესები ამ სისტემის მეშვეობით დააკმაყოფილონ.
გიორგი უძილაურის აზრით, “ქართული ოცნების“ მიერ აქტიურად რეკლამირებული ფიქტიური სამსახურებისა და ყალბი სოციალური დახმარებების შეზღუდვასაც არ მოუტანია ხელისუფლებისთვის დადებითი შედეგი. ეს სამსახურებიც და სოციალური დახმარებებიც კონფორმისტებისთვის იყო შექმნილი. მათმა გაუქმებამ კი სწორედ კონფორმისტები დააზარალა.
შესაბამისად, გიორგი უძილაურის შეფასებით, ხელისუფლებას ორი გზა რჩება: გააგრძელოს შემზღუდავი და დამაშინებელი კამპანიები ან კორუფციისა და ნეპოტიზმის სივრცე გააფართოოს, რათა კონფორმისტული უმრავლესობა კვლავ დააკმაყოფილოს. თუმცა მეორე შემთხვევაში, “ქართული ოცნება” ვეღარ დაუშვებს შავი ფულის უკონტროლო მობილიზებას რომელიმე მინისტრის ან დეპუტატების ცალკეული ჯგუფების ხელში, რადგან ეს ძალაუფლების ვერტიკალს საფრთხეს შეუქმნის. შედეგად, კონფორმისტული უმრავლესობა განწირულია.
ადვოკატის თქმით, უძილაური კომუნისტური მმართველობის პერიოდს იხსენებს, რომლის დროსაც კი კონფორმისტები რეპრესიულ გარემოს ნეპოტისტური და კლანური ურთიერთობებით, ღია თუ არაოფიციალური სარგებლის მიღებით აკომპენსირებდნენ. დღევანდელი ხელისუფლება კი მათ ფაქტობრივად არანაირ კომპენსაციას აღარ სთავაზობს და ძირითადად ძალის დემონსტრირებით ესაუბრება.
მისი აზრით, სწორედ ეს გარემოება ქმნის კონფორმისტული უმრავლესობის გამოფხიზლების შესაძლებლობას. გიორგი უძილაური არც სასწაულებს ელის და არც იმას ფიქრობს, რომ ეს ადამიანები უეცრად იდეალისტებად იქცევიან, თუმცა მიაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია მათი დათანხმება ქვეყნის კოალიციური მთავრობით მართვის იდეაზე, საქართველოში მონოპოლიური, აბსოლუტური მმართველობის აღმოფხვრაზე და არა მხოლოდ “ქართული ოცნებისთვის”, არამედ ზოგადად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის.
უძილაურის აზრით, კონფორმისტულ საზოგადოებასთან საჭიროა არა კონფრონტაცია და მათთვის ზნეობრივი ლექციების კითხვა, არამედ მათი ინსტინქტებისა და ინტერესების გათვალისწინება და სიტუაციური მოკავშირეობის შესაძლებლობის დანახვა. მისივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებული ოპოზიცია ამ მიმართულებით ეფექტიანად იმუშავებს. ამიტომ, თუ პროევროპულ მოსახლეობას საქართველოში ევროპული მომავალი სურს, პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადადგას და საკუთარ ოჯახებში, სამეზობლოსა და ყოველდღიურ გარემოში საუბრები დაიწყოს.
ადვოკატის თქმით, გიორგი უძილაური საჭიროდ მიიჩნევს ახალგაზრდების ენთუზიაზმის მიმართვას ახალი, დროებითი და სიტუაციური სოლიდარობის ინიციატივებისკენ. ამის მაგალითად მას ესპანეთში ახალგაზრდების მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა “პოდემოსი“ მოჰყავს. მისი შეფასებით, ადგილობრივი ჯგუფები თავდაპირველად ოფისებისა და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გარეშე, ერთმანეთის სახლებში და კაფეებში იკრიბებოდნენ. მოგვიანებით კი კოორდინირებული მოქმედებით პარლამენტში შეღწევა შეძლეს.
გიორგი უძილაური მიიჩნევს, რომ საქართველოში დამკვიდრებული პარტიული ტრადიცია ამოწურულია და ევროპულ პოლიტიკურ კულტურად ვერ გარდაიქმნა. ამიტომ საჭიროა ახალი პოლიტიკური სივრცის შექმნა, რომელიც საზოგადოებიდან, მათ შორის სტუდენტებისა და ახალგაზრდებისგან წამოვა და პოლიტიკას არა მხოლოდ პარტიებისა და პოლიტიკოსების, არამედ ყველა მოქალაქის საქმედ აქცევს.
მისი აზრით, გამოსავალი არც მდიდარი სპონსორის ძებნაა, არც ქარიზმატული ბელადის ან მხედართმთავრის გამოჩენის მოლოდინი. მთავარი არის მოქალაქეების უნარი, განსხვავებული ინტერესების მიუხედავად, კონკრეტული და საერთო მიზნების გარშემო გაერთიანდნენ და სიტუაციურად იმოქმედონ.
გიორგი უძილაურის შეფასებით, დღეს უკვე ჩნდება პირობები, როდესაც პროევროპულ ამომრჩეველს კონფორმისტულ უმრავლესობასთან საერთო ინტერესების პოვნა შეუძლია. პროევროპული საზოგადოების მიზანი მკაფიოა - ევროკავშირში გაწევრიანება და ქვეყნის დემოკრატიზაცია. ამის მისაღწევად კი მოკავშირეები სწორედ იმ კონფორმისტულ სეგმენტში უნდა მოიძებნოს, რომელიც დღეს თავს გამოყენებულად და ხელისუფლებისგან გარიყულად გრძნობს.
მისი აზრით, კონფორმისტულ ამომრჩეველსაც არ სურს მუდმივად მძევლის როლში ყოფნა. მასაც ისეთივე ინტერესი უნდა ჰქონდეს, როგორიც პროევროპელ იდეალისტებს - ქვეყანაში დასრულდეს ერთი პოლიტიკური ძალის აბსოლუტური მმართველობა და დამკვიდრდეს კოალიციური მმართველობის პრინციპი.
გიორგი უძილაური მიიჩნევს, რომ ადამიანის, მათ შორის კონფორმისტის ინტერესების დაცვის საუკეთესო მექანიზმი დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომელთა განვითარებაც ევროკავშირის სივრცეშია შესაძლებელი. უნგრეთის მაგალითი აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობა ავტომატურად არ გამორიცხავს დემოკრატიულ უკუსვლას, თუმცა ევროპული ინსტიტუტები ქმნის მექანიზმებს, რომლებიც ხელისუფლების თვითნებობას ზღუდავს, შედეგად ევროპაში დიქტატურები ვერ ხარობენ. მისი შეფასებით, სწორედ ევროპულ სივრცეში შეიძლება როგორც იდეალისტმა, ისე კონფორმისტმა ადამიანმა საკუთარი ადგილი იპოვოს და არ ეშინოდეს მომავლის.
“30 წლიანი მოლოდინის მიუხედავად, გიორგი უძილაური კვლავ ინარჩუნებს რწმენას, რომ საქართველო ერთ დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მშვიდობიანი და მდიდარი გაერთიანების - ევროკავშირის წევრი გახდება”, - აღნიშნავს ადვოკატი.

























