ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე - ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა - საკითხის შესწავლას ვაგრძელებთ

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური (ენერგოომბუდსმენი) ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ასევე ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი - ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა.
„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შემთხვევის დღესვე გამოითხოვა ინფორმაცია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიისგან და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო საკითხის შესწავლა.
კომპანიისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა.
ამავე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი - ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საკითხის შესწავლასა და შესაბამისი გარემოებების შეფასებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“,- აღნიშნულია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

























