თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე - უნდათ, ძირითადი საკითხებიდან ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ და ერთსა და იმავე საკითხზე განმარტება ხუთჯერ მიგვაცემინონ - მათი ტაქტიკაა, აქეთ შემოგვიტრიალონ, თითქოს ახლა უნდა განვსაჯოთ, რამდენად სწორად მოქმედებდა საგამოძიებო კომისია

სამჯერ მაინც მივუთითე, რომ მათი პარტიის საკითხი წყდება და არა ის, თუ რომელი ორგანო როგორ მოქმედებდა - ამის გაგონება არ უნდათ, რადგან არგუმენტები არ აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სურთ, ძირითადი საკითხებიდან ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ.
„სამწუხაროდ, ისე განვითარდა მოვლენები, როგორც ვამბობდი. მათ უნდათ ძირითადი საკითხებიდან ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ, ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით განმარტება ხუთჯერ მიგვაცემინონ. მათი ტაქტიკაა, რომ აქეთ შემოგვიტრიალონ, თითქოს ახლა უნდა განვსაჯოთ, რამდენად სწორად მოქმედებდა საგამოძიებო კომისია, რამდენად სწორად აკეთებდა ესა თუ ის პოლიტიკოსი განცხადებას და ასე შემდეგ. სამჯერ მაინც მივუთითე, რომ აქ თქვენი პარტიის საკითხი წყდება, აქ არ წყდება საკითხები იმასთან დაკავშირებით, რომელი ორგანო როგორ მოქმედებდა. ამის გაგონება არ უნდათ. რატომ არ უნდათ?! იმიტომ რომ არგუმენტები არ აქვთ. რა არის მათი მთავარი არგუმენტი?! როდესაც საგამოძიებო კომისიაზე ამას კითხავდით, ამის მერე ეს რატომ არ დაკითხეთო. ეს საკითხი ირკვევა ახლა?! ეს საკითხი არის გამოკვლევის საგანი აქ?! აქ გამოკვლევის საგანი არის, რომ შენ საქართველოში შექმენი ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, სადაც დასაშვები იყო და წახალისებული იყო ადამიანის უფლებათა მასობრივი შელახვა, ქონებრივი უფლებების დარღვევა, პატიმრების უფლებებზე ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. ქუჩაში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ადამიანს რას გაუკეთებდა და მერე ეს დანაშაული როგორ მიიჩქმალებოდა, კაცმა არ იცოდა. ამაზე კი არ ლაპარაკობენ, რომ ეს არ იყო სწორი პრაქტიკა და ამის გაკეთებას მომავალში აღარ ვაპირებთ, თუ ოდესმე ხელისუფლებაში მოვალთო. თურმე, იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, საგამოძიებო კომისიას ექვსი კაცი უნდა დაეკითხა, თუ თერთმეტი და გირგვლიანისა რობაქიძის საქმეებზე არ უნდა ვიმსჯელოთ. ასეთი წარმოდგენები აქვთ მათ, მაგრამ აქედან არაფერი გამოუვათ. ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არასამართლიანი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება ასე თუ წარიმართებოდა,“ - განაცხადა შარმანაშვილმა.

























