ნათია თამაზაშვილი - საზოგადოებრივმა წნეხმა გამოიწვია შედეგი, რაც მივიღეთ და ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო სხდომა გაიხსნა - სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი წნეხის დამსახურებით გაიხსნა.
როგორც თამაზაშვილი განმარტავს, ყოფილი პრემიერი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
„სიმართლე გითხრათ, გახსნასთან დაკავშირებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენ გასულ სხდომაზეც კატეგორიულად არ ვეთანხმებოდით დახურვას. ვფიქრობ, საზოგადოებრივმა წნეხმა გამოიწვია ეს შედეგი, რაც დღეს მივიღეთ და სხდომა გაიხსნა”, - აცხადებს თამაზაშვილი.
ამასთან, ადვოკატის თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
"მე ვერ გეტყვით რა შეიცვალა, ამას ალბათ შემდეგი სხდომები გვიჩვენებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს სასამართლო პროცესები შედეგს მოიტანს და სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი",- განაცხადა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

























