ლევან ლორთქიფანიძე - გვინდა არჩევნებში მონაწილეობა და ვმუშაობთ, რათა შევძლოთ იმდენი ადამიანის მობილიზება, რომ „ქართული ოცნება“ დავაზარალოთ, მაგრამ შეიძლება ჩვენც შეგვიყვანონ „შავ სიაში“

ლევან ლორთქიფანიძე - გვინდა არჩევნებში მონაწილეობა და ვმუშაობთ, რათა შევძლოთ იმდენი ადამიანის მობილიზება, რომ „ქართული ოცნება“ დავაზარალოთ, მაგრამ შეიძლება ჩვენც შეგვიყვანონ „შავ სიაში“

ჩვენ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა და ვმუშაობთ, რომ შევძლოთ იმდენი ადამიანის მობილიზება, რომ „ქართული ოცნება“ დავაზარალოთ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ლევან ლორთქიფანიძის თქმით, „არცერთმა ბოიკოტმა, არცერთმა უკან დახევამ“ არ გაამართლა და კიდევ უფრო მეტად ძლიერი გახადა „ქართული ოცნება“.

„ჩვენ ღიად და საჯაროდ ვამბობთ, რომ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა, ოღონდ ეს არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ჩვენთვის ამ ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რამდენად მოვახერხებთ ჩვენ ადამიანების მობილიზებას ჩვენი თემებით. მოვახერხებთ მობილიზებას? არჩევნებში მონაწილეობით ექნება შანსი ჩვენს პარტიას, დააზიანოს „ქართული ოცნება“ და წაართვას საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც დღეს ძალიან სჭირდებათ? მაშინ იმსჯელებს ჩვენი საერთო კრება. ეს გამოგვარჩევს ჩვენ, რომ მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას.

თუ აღმოჩნდა, რომ გვაქვს ისეთი ვითარება, როგორიცაა ვთქვათ ყაზახეთში, სადაც არჩევნებში მონაწილეობენ მარტო ისეთ პარტიები, რომლებიც ხელისუფლების მიერ არის შექმნილი და სხვებმა შეიძლება მხოლოდ ანტურაჟის როლი შეასრულონ, ვერც ბარიერი გადალახონ, ვერც დაფინანსება მოიპოვონ, მაშინ საერთო კრებაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა და ვმუშაობთ, რომ შევძლოთ იმდენი ადამიანის მობილიზება, რომ „ქართული ოცნება“ დავაზარალოთ. თუ ამ თამასას დავაკმაყოფილებთ, რატომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, როცა არცერთმა ბოიკოტმა, არცერთმა უკან დახევამ არ გაამართლა ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტად ძლიერი გახადა „ქართული ოცნება“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძის თქმით, არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომავალში პარტია "სოციალ-დემოკრატებიც" ასაკრძალი პარტიების სიაში შეიყვანოს.

„ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვქონდა და იმის მიხედვით დავაარსეთ პარტია, შეიძლება არავინ არ დაგვარეგისტრიროს, შეიძლება რაღაც პროცედურები ბოლომდე ვერ გავიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კრიტერიუმი ვერ დავაკმაყოფილეთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ერთმანეთს ვუთხარით, ვართ ერთად და ვიმოქმედებთ კოლექტიურად. მთავრობისგან ჩვენ ყველაფერს მოველით, შეიძლება ჩვენც შეგვიყვანონ რაღაც შავ სიაში და თქვან, რომ ეგენი რომ მოძლიერდებიან, მერე მაგათაც ავკრძალავთ. ჩვენც გვგონია, რომ ამ ჯგუფში შეიძლება განვითესოთ“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.