ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფა დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკავშირი „ევროპის მშვიდობის ფონდის“ (EPF) ფარგლებში უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების ლეტალურ და არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს.
განცხადების თანახმად, დახმარება დრონებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, საბრძოლო მასალას, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, რადარის სისტემებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს მოიცავს.
უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება 2027 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლა, კიევში რამდენიმე საელჩო დააზიანა და პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსეთს მშვიდობა სურს - მოსკოვის ქმედებები ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.

























