„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე - აბონენტებმა სახლის რამდენიმე დღის დატოვებისას უნდა გადაკეტონ გაზის ონკანი - ოქროს წესია, რომ ყველა მომხმარებელი აღიჭურვოს დეტექტორებით

სოციალურ მედიაში ათასი ექსპერტი და მცოდნე გამოჩნდა, მინდა, ვთხოვო ჩვენს აბონენტებს, მოუსმინეთ პროფესიონალებს, დაეყრდენით ინფორმაციას, რასაც ჩვენ გაწვდით, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გიორგი ლეფსვერიძის თქმით, გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეული უბედურებები რომ თავიდან ავიცილოთ, ამის ყველაზე კარგი გზა ყველა აბონენტის გაზის გაჟონვის დეტექტორებით აღჭურვაა.
„ერთი თხოვნა მაქვს. ამ სისტემაში ვარ წლებია და ჩემთვის უცხო არ არის, ამ ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში ათასი ექსპერტი, მცოდნე გამოჩნდა. მინდა, ვთხოვო ჩვენს აბონენტებს, მოუსმინეთ პროფესიონალებს, დაეყრდენით იმ ინფორმაციას, რასაც ჩვენ გაწვდით. ამდენი წელია, მუდამ პიარკამპანიებს ვატარებთ, რომ პრევენცია გავაკეთოთ, ჩვენი ყოველი წლის მესიჯია ის, რომ ავიცილოთ ინტოქსიკაცია და აფეთქება.
ჩვენ ვცდილობთ პრევენციას, რომ ასეთი უბედური შემთხვევები ავიცილოთ. [ვცდილობთ] ყურადღებით მოეპყრონ ჩვენი აბონენტები გაზის დანადგარებს. სახლიდან დიდი ხნით, ორი დღით თუ ხუთი დღით, დატოვების დროს გადაკეტონ ონკანი, არ იყიდონ ღია წვის კამერიანი დანადგარი, ცუდია და აგროვებს CO-ს, მაგრამ მარტო ჩვენ და მედია, რაც არ უნდა პიარკამპანიები ვაკეთოთ, თუ თანადგომა არ იქნება თავად აბონენტების, მოქალაქეების, მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით.
ოქროს წესი, რაც შეიძლება დაინერგოს და რაც უზარმაზარ პრევენციას გააკეთებს, ეს არის ის, რომ გაზის ყველა მომხმარებელი უნდა აღიჭურვოს გაზის გაჟონვის დეტექტორებით, შესაბამისად, შემდეგ გინდათ სამი წელი დაკეტეთ ბინა, გინდათ საერთოდ არ იცხოვროთ ან ყოველ დღე იცხოვრეთ. [ამის შემდეგ} აღარ გეშინიათ, რომ მეზობელს დარჩება მოშვებული "კამფორა", აღარ გეშინიათ, რომ თქვენ დაგრჩებათ რაღაც მოშვებული, აღარ გეშინიათ, რომ საიდანღაც გაზი გაჟონავს თქვენს ბინაში და ვერ გაიგებ. ეს არის მარტივი გამოსავალი. თბილისში 200 ათასამდე აბონენტი უკვე აღჭურვილია გაზის გაჟონვის დეტექტორით და ყველა მომხმარებელი თუ აღიჭურვება გაზის გაჟონვის დეტექტორით, აფეთქების პრევენცია იქნება იდეალური“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

























