მსჯავრდებული ანდრო ჭიჭინაძე საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს ტერიტორიასა და სასამართლო პროცესებზე ფოტო/ვიდეო და აუდიო ჩაწერის შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას ასაჩივრებს

მსჯავრდებულმა ანდრო ჭიჭინაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში საკანონმდებლო ცვლილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ტერიტორიასა და სასამართლო პროცესებზე ფოტო/ვიდეო და აუდიო ჩაწერა შეიზღუდა.
როგორც ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სარჩელი უკვე რეგისტრირებულია.
მისივე თქმით, სახელმწიფომ ამ ფორმით სცადა, რომ „საზოგადოებისთვის სინდისის პატიმრები და მათი სიმართლე დაემალა“.
„ანდრო ჭიჭინაძის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. კონსტიტუციური სარჩელი უკვე დარეგისტრირდა.
სარჩელით ვასაჩივრებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.
ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმე პირველი იყო, რომელზეც აღნიშნული შეზღუდვა პრაქტიკულად გავრცელდა.
სასამართლოში არაერთხელ დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესების გაშუქების შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს არცერთ ინსტანციაში მედიას არ მიეცა სასამართლო პროცესების გადაღებისა და საზოგადოებისთვის სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა.
სახელმწიფო ამ ფორმით შეეცადა, საზოგადოებისთვის დაემალა სინდისის პატიმრები და მათი სიმართლე.
მიგვაჩნია, რომ არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და დაცვის უფლებას.
ქვეყნის შიგნით გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, ეფექტურსა თუ არაეფექტურს, რათა დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, რომელთა უფლებებიც დაირღვა.
კონსტიტუციური სარჩელი რეგისტრირებულია №1985-ით“,- წერს ადვოკატი.

























