უკრაინული middle strike და deep strike დრონები გაერთიანებულ სამეფოში დამზადდება

უკრაინული middle strike და deep strike დრონები გაერთიანებულ სამეფოში დამზადდება

გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, ევგენი ხმარამ და ვეს სტრიტინგმა დრონების ერთობლივი წარმოების საპროექტო შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმებების თანახმად, თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის უკრაინული middle strike და deep strike (საშუალო და ღრმა დარტყმის) დრონები გაერთიანებულ სამეფოში დამზადდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინული დრონები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით დამზადდება. ერთობლივი საწარმოების პროდუქცია უკრაინელი ჯარისკაცების საჭიროებებისთვის იქნება გამოყენებული.

„ვიწყებთ პროექტებს, რომლებიც აძლიერებს ორივე ქვეყნის პოტენციალს და აჩქარებს ჩვენი ქვეყნების თავდაცვის მრეწველობის განვითარებას. უკრაინას აქვს ეფექტიანი თავდაცვითი გადაწყვეტილებები და მტერთან ბრძოლის ფასდაუდებელი გამოცდილება. ჩვენ ამ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს გაერთიანებული სამეფოს საწარმოო პოტენციალს ვუთავსებთ, რათა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გამოცდილი საშუალებების წარმოება უფრო სწრაფად გავაფართოოთ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრის დროს მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებზე, კერძოდ, არსებული მარაგებიდან LMM რაკეტების ახალი მიწოდების დაჩქარებაზე, ასევე უკრაინის შორი მოქმედების შესაძლებლობების გაძლიერებასა და უკრაინული წარმოების რაკეტების მოდერნიზაციაზე.