შსს-ს განცხადებით, სიცრუეა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდ „პირველი ამბების“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, რომლის თანახმადაც, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა, ხოლო 30 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფეისბუქგვერდ „პირველ ამბებს“ არაერთხელ გაუვრცელებია სენსიტიური შინაარსის მქონე ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებისას, არ დაეყრდნოს გადაუმოწმებელ წყაროებს და არ შეუწყოს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო შიშისა და პანიკის გამოწვევის საფრთხეს ქმნის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

























