ნიკოლ ფაშინიანი - ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, არა მხოლოდ ხელს მოვაწერთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას და მოვახდენთ მის რატიფიცირებას, არამედ მივაღწევთ შეუქცევად მშვიდობას

ამ საკითხში სასწორზე ვდებ ჩემს, როგორც პოლიტიკოსისა და ადამიანის მიმართ არსებულ მთელ ნდობას და მთელ ჩემს მორალურ ავტორიტეტს და ვაცხადებ, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ ხელს მოვაწერთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას და მოვახდენთ მის რატიფიცირებას, არამედ დავამყარებთ ინსტიტუციურ, მტკიცე და შეუქცევად მშვიდობას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, როდესაც ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართა.
მისი თქმით, ეს უპრეცედენტო და ისტორიული სიტუაციაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანას ექნება ინსტიტუციური მშვიდობა, არამედ იმიტომაც, რომ ქვეყანას ექნება მშვიდობა და დამოუკიდებლობა, მშვიდობა და სახელმწიფო.
„ჩვენი მიზანია, სომხეთის რესპუბლიკა მიწაში ამოთხრილი სანგრიდან მშვიდობის გზაჯვარედინად ვაქციოთ - ქვეყნად, რომელსაც ასევე ეყოლება არმია, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლება სახელმწიფო საზღვრებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ხელშეუხებლობის დაცვა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, სომხეთის მთავრობამ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ვებგვერდზე ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა.

























