ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ გალის რაიონიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. ~საბერიოში შეყვანილია რუსი სამშვიდობოების დამატებითი ძალა და ტექნიკა. რუს სამხედროებს უკვე აფხაზ მილიციელებზე მეტი უფლებამოსილებები აქვთ მინიჭებული და ვითარებას სრულად აკონტროლებენ. ე.წ. კომენდანტის საათი ჯერ მხოლოდ ამ სოფელში მოქმედებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, საგანგებო მდგომარეობა დღეს სხვა სოფლებშიც ამოქმედდეს~, - განაცხადა წყარომ.მისივე თქმით, საბერიოს მოსახლეობას 19:00 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლა ეკრძალება, თუმცა, გალელებისთვის ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა საბერიოში კომენდანტის საათის გამოცხადების კონკრეტული მიზეზი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედიაცენტრის ინფორმაციით კი, საგანგებო რეჟიმი მთელი რაიონის ტერიტორიაზეა გამოცხადებული. ქართული მობილური კავშირის ქსელის მომხმარებლებლებს მობილური ტელეფონით სარგებლობაც კი აუკრძალეს. სოფელ საქობიოში ამ დროისთვის რუსეთის სამშვიდობო ძალების ორი ჯავშანტრანსპორტიორი დგას. რუს სამშვიდობოებთან ერთად, იქ აფხაზი შეიარაღებული პირებიც იმყოფებიან. მათ გადაკეტილი აქვთ მოძრაობა საბერიოდან ოთხი სოფლის, ასევე გალის რაიონული ცენტრის მიმართულებით.