ქარხანა "ჰერკულესში" 13 სექტემბერს სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება

კომპანია "ევრაზიანსთილსის" კუთვნილ ქარხანა "ჰერკულესში" 13 სექტემბერს სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს .
პროფკავშირების ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი გაფიცვა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. გაფიცვის მიზეზი საწარმოში არსებული მძიმე შრომითი პირობები და თანამშრომლების პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლებაა.
2 სექტემბერს ქარხანაში გამართული გამაფრთხილებელი აქციის გამო, 7 სექტემბერს ქარხნის ხელმძღვანელობამ კიდევ ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლა. კერძოდ, გიორგი შვანგირაძე, გიგა ელიაშვილი, გოჩა დარჯანია და ემილო ჭუმბურიძე.
"პროფკავშირები კომპანია "ევრაზიანსთილსის" ქარხანა "ჰერკულესის" ადმინისტრაციას სამ დღეს აძლევს. თუ ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია პროფკავშირებთან მოლაპარაკებების გამართვასა და შეთანხმების დადებას არ დათანხმდება, "ჰერკულესში" სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება", _ აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დღეს ქუთაისში ჩავა და შპს "ევრაზიანსთილსის"ქარხანა "ჰერკულესის" კოლექტივს შეხვდება, რის შემდეგაც იგი ქარხანასთან პრესკონფერენციასაც გამართავს.
კომპანია "ევრაზიანსთილსი" ქართულ-ინდური ერთობლივი საწარმოა.

























