ირაკლი მელაშვილი - თუკი ხელისუფლება რეალურ ოპოზიციას კრძალავს, ის კარგავს შესაძლებლობას, დიალოგის მეშვეობით ისე წარმართოს პოლიტიკური პროცესი, რომ არ დაუშვას ვითარების რადიკალიზაცია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაინც შეიძლება ვიმსჯელოდ იმ პროცესზე, რომელსაც უკვე ბევრი „ისტორიულ სასამართლო პროცესადაც“ კი აფასებს.
ვინც ბოლო არჩევნებზე 5 ბარიერგადალახული პარტიის აკრძალვას არ უჭერს მხარს, მათი შეფასებები ამ პროცესთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულია. ზოგი თვლის რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, „ქვეყანაში საფუძველი ჩაეყრება ერთპარტიულ მმართველობას“. მეორენი თვლიან რომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული „ავტორიტარული მმართველობა დაკანონდება და ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციაში მოხვედრილი აღმოჩნდება.“.
საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის მიმდინარეობისას ბევრი ამგვარი შეფასებები მოვისმინეთ, მაგრამ, მათზე რეაქცია სასამართლოს წევრებს არ ჰქონიათ.
როგორც ჩანს, ამის მიზეზი, შესაძლოა იყოს პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება -„ოპოზიციური პარტიების დღეები დათვლილია“. ამ თემაზე მსჯელობის ფარგლებში პრემიერმა ასევე თქვა - „ქვეყანას ახლა სხვა ტიპის ოპოზიციური პარტიების სჭირდება“.
რადგან, ცხადადაც კი ჩანს რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას თუ მომავალ კვირას არა, შემდეგ კვირაში მაინც მიიღებს, ალბათ კარგი იქნება თუ იმაზე ვიმსჯელებთ რა სურათს მივიღებთ, როცა ეს გადაწყვეტილება გამოცხადდება.
ყოფილ სსრკ-ში პლურალიზმი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს დამკვიდრდა, იმავე პერიოდში სსრკ-ს კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა მე-6 მუხლი, რომლითაც სსრკ-ში ყველაფერს ერთი, სსრკ-ს კომუნისტური პარტია მართავდა და აკონტროლებდა. რჩება შთაბეჭდილება რომ თუ პარტიები აიკრძალა, საქართველო სსრკ-ში გორბაჩოვის მოსვლამდე პერიოდში დაბრუნდება.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესზე?
ასევე იმაზე, თუ ამგვარი გადაწვეტილება იქნა მიღებული ამის შემდეგ ქვეყანაში რა ტიპის პოლიტიკური რეალობა შეიძლება დადგეს?
- დავიწყოთ იმით, რომ ჩემდა გასაოცრად, არც პრემიერ-მინისტრი და არც სარჩელის ავტორები არ მალავენ, რომ ამ პროცესს აქვს არა სამართლებრივი, არამედ, პირველ რიგში, პოლიტიკური მიზნები.
შაბათს უნგრეთში მყოფმა პრემიერმა განგვიცხადა, რომ ამ სარჩელით მმართველი პარტიის მიზანია, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვით დაასრულოს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია. ანუ მიზანი გამოკვეთილად პოლიტიკურია და არა სამართლებრივი. რამდენად აბსურდული, დანაშაულებრივი და უტოპიურია თავად ამ პოლიტიკური მიზნის მიღწევა, პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გზით, ეს კიდევ სხვა საკითხია.
ჩემდა გასაოცრად, არც პრემიერ-მინისტრი და არც სარჩელის ავტორები არ მალავენ, რომ ამ პროცესს აქვს არა სამართლებრივი, არამედ, პირველ რიგში, პოლიტიკური მიზნები
დღეს პოლიტიკური პოლარიზაცია ძალიან მაღალია დემოკრატიული სამყაროს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგრამ იმ ქვეყნებში არავის მოუვა აზრად, ეს პრობლემა გადაჭრას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გზით.
თავად „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში ვკითხულობთ საოცარ ფრაზას სხვა პარტიებზე: „თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამასთანავე, მათი ნაწილი ფაქტობრივად ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაშია, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება.
მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“.
ანუ, ამ ჩანაწერით, საქართველოს ხელისუფლება საქვეყნოდ აცხადებს, რომ კონკრეტული პარტიის აკრძალვა დამოკიდებულია არა იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ამა თუ იმ პარტიის საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლში ჩამოყალიბებულ პარტიის აკრძალვის კრიტერიუმებს, არამედ იმაზე, თუ რამდენი მომხრე ჰყავს და ახდენს თუ არა პარტია პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას.
საქართველოს ხელისუფლება საქვეყნოდ აცხადებს, რომ კონკრეტული პარტიის აკრძალვა დამოკიდებულია არა იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ამა თუ იმ პარტიის საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლში ჩამოყალიბებულ პარტიის აკრძალვის კრიტერიუმებს, არამედ იმაზე, თუ რამდენი მომხრე ჰყავს და ახდენს თუ არა პარტია პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას
სარჩელში ამ ჩანაწერით ხელისუფლება პირდაპირ ადასტურებს პარტიების აკრძალვის პოლიტიკურ და არა სამართლებრივ მოტივაციას.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი უკანონობა დააკანონა და 5 ოპოზიციური პარტია აკრძალა, ეს იქნება ქვეყანაში, ფატობრივად, ერთპარტიული მმართველობის დაკანონების აქტი, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
ხელისუფლება სრულ აბსურდშია, როდესაც მაგალითად მოჰყავს მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვა. მოლდოვაში აკრძალეს პარტიები, რომელთა მიერ ამომრჩევლის მასობრივ მოსყიდვასა და უკანონო დაფინანსებაზე 2016 წლიდან 10 სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და ამ პარტიებს აკრძალვამდე არაერთხელ დაეკისრა სულ უფრო მზარდი სანქციები.
სხვათა შორის, ახლანდელი პრეზიდენტი მაია სანდუ, ამ პოსტს იკავებს 2020 წლიდან, ანუ საარჩევნო კანონმდებლობის მასობრივი დარღვევების გამო აკძრალული პარტიების მიმართ სამართლებრივი დევნა მოლდოვის ჯერ კიდევ წინა, პრორუსული ხელისუფლების დროს იყო დაწყებული და გამამტყუნებელი განაჩენები გამოტანილი.
რაც შეეხება უკრაინას, იქ აკრძალეს ის პარტიები, რომლებიც ღიად მხარს უჭერდენენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ანუ პირდპირ ხელყოფდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ღიად და დაუფარავად თანამშრომლოდნენ საოკუპაციო ძალებთან რუსების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, რითაც სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით ხელს უწყობდნენ ქვეყნის სუვრენიტეტის ხელყოფას და უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას.
ასე რომ, გარდა თავად პარტიების აკრძალვის ფაქტისა, არანაირი იურიდიული, ან თუნდაც პოლიტიკური პარალელი არ არსებობს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარტიების აკრძალვის ქეისებს შორის, შესაბამისად, სასაცილოა ხელისუფლების „გაკვირვებული“ შეცხადება - „იმათთვის თუ შეიძლება, ჩვენთვის რატომ არაო“.
გარდა თავად პარტიების აკრძალვის ფაქტისა, არანაირი იურიდიული, ან თუნდაც პოლიტიკური პარალელი არ არსებობს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარტიების აკრძალვის ქეისებს შორის, შესაბამისად, სასაცილოა ხელისუფლების „გაკვირვებული“ შეცხადება - „იმათთვის თუ შეიძლება, ჩვენთვის რატომ არაო“
პარტიების აკრძალვაზე ხელისუფლების „არგუმენტების“ სისწორის დედამიწის ზურგზე არავის სჯერა, გარდა მმართველი პარტიის ნებისმიერი ოპონენტის მიმართ ზიზღით დაბრმავებული „ქართული ოცნების“ მომხრების ნაწილისა.
მინდა მაინც მკითხველმა იცოდეს, რომ პარტიების გაუქმების პროცესში, მიუხედავად მოლდოვის და უკრაინის ხელისფლებების ბევრად უფრო წონადი სამართლებრივი არგუმენტებისა, ვენეციის კომისია და საერთაშორისო ორგანიზაციები საკმაოდ ფრთხილად უდგებოდნენ ამ პროცესს და არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა ამ ორი ქვეყნის მიმართ.
თუკი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის სარჩელი დააკმაყოფილა და ოპოზიური პარტიები აკრძალა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა რეაქცია ექნებათ ამ ორგანიზაციებს. ალბათობა იმისა, რომ მინიმუმ ევროპულმა სტრუქტურებმა მძიმე სანქციები შემოიღონ, სარჩელის ავტორებისა და მოსამართლეების მიმართ, ჩემი აზრით, არის საკმაოდ მაღალი.
ალბათობა იმისა, რომ მინიმუმ ევროპულმა სტრუქტურებმა მძიმე სანქციები შემოიღონ, სარჩელის ავტორებისა და მოსამართლეების მიმართ, ჩემი აზრით, არის საკმაოდ მაღალი
აშშ-ში 3 ნოემბერს გასამართი კონგრესისა და სენატის არჩევნების შემდეგ, სავარუდოდ, ამ ორგანოებიდან მინიმუმ ერთში, უმრავლესობა შეიცვლება და ეჭვი მაქვს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრობლემების მიმართ ბევრად უფრო სენსიტიურად განწყობილი დემოკრატიული უმრავლესობა საკმაოდ მკაცრი სანქციების ინიციატივით გამოვა.
ვფიქრობ, რომ 3 ნოემბრის შემდეგ, არც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და არც სახელმწიფო დეპარტამენტს არ ექნებათ დიდი მოტიოვაცია და არგუმენტები, დაიცვან ივანიშივლის რეჟიმი, მიუხედავად ხელისუფლების ლობისტების აქტიური მცდელობისა...
- ახლა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას ადევნებს თვალს, კონცენტრირებულია იმაზე, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები, ასევე იმაზე, თუ რა ტიპის მოლაპარაკებებით ცდილობს პრეზიდენტი ტრამპი დაიყოლიოს პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო ზავზე.
არადა, ყველამ კარგად იცის, რომ პუტინს უკრაინასთან არა სამშვიდობო ზავი უნდა, არამედ უკრაინული სახელმწიფოს იძულება დარჩეს კრემლის გავლენის ქვეშ, რასაც ევროპა რამდენადაც შეუძლია, ეწინააღმდეგება.
გასაგებია რომ ევროპას და აშშ-ს ახლა საქართველოსთვის არ სცლიათ, მაგრამ დაწყებულ პროცესთან დაკავშირებით მაინც გვესმის ევროპიდან კრიტიკული შეფასებები და მოწოდებები.
საქართველოში პარტიების გაუქმება ერთი მხრივ როგორ აისახება ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო მეორე მხრივ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე, რომლებმაც 2024 წლის არჩევნების წინ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს?
- მე არ მგონია, რომ ხელისუფლებაში იმდენად უვიცები ისხდნენ, რომ არ ესმოდეთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის ის „წითელი ხაზი,“ რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც საქართველო, ფაქტობრივად, ამოირიცხება დემოკრატიული, ცივილიზებული პოლიტიკური მმართველობის მქონე სახელმწიფოების რიგებიდან, ხოლო დემოკრატიული მსოფლიოს თვალში „ევროპის უკანასკნელ დიქტატურას“, ლუკაშენკოს ბელარუსს, ღირსეული მეწყვილე გამოუჩნდება.
რაიმე საუბარი ასეთი სახელმწიფოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე, არის უბრალოდ უტოპია. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომლის ვერდიქტიც ძნელად გამოსაცნობი არ არის.
მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების პრობლემა იქნება ის გარემოებაც, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი მექანიზმი და პრეცენდენტი უბრალოდ არ არსებობს.
3 ნოემბრის შემდეგ, არც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და არც სახელმწიფო დეპარტამენტს არ ექნებათ დიდი მოტიოვაცია და არგუმენტები, დაიცვან ივანიშივლის რეჟიმი, მიუხედავად ხელისუფლების ლობისტების აქტიური მცდელობისა
შესაბამისად, თავად საკონსტიტუციო სასამართლოც, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ცეცხლს ეთამაშება, რადგანაც შეიძლება მიიღოს ისეთი უკანონო და არასამართლებრივი გადაწყვეტილება, რომლის გამოსწორების მექანიზმი ქართულ კანონმდებლობაში საერთოდ არ გვაქვს.
ამით საკონსტიტუციო სასამართლო უმნიშვნელოვანესი პრობლემების წინაშე დააყენებს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას, პოლიტიკურ პროცესებს კი არა კონფრონტაციის დასრულებისკენ, არამედ მუდმივი ესკალაციის მიმართულებით წაიყვანს, რადგანაც ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის სახელმწიფოში პოლიტიკური ბრძოლისა და კონკურენციის ცივილიზებული, სამართლებრივ-პოლიტიკური ფორმებით წარმართვას.
მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების პრობლემა იქნება ის გარემოებაც, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი მექანიზმი და პრეცენდენტი უბრალოდ არ არსებობს
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს წინაშე წარმოშობილ უსერიოზულეს პრობლემებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეულ ამ მოსამართლეს. მილიონჯერ დამიწერია და მითქვამს, არც ერთი სკამი და თანამდებობა არ არის მუდმივი.
ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაც კი ნათლად ადასტურებს, რომ ასეთ უკანონობაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის აუცილებლად დგება და ამ მოსამართლეების შემთხვევაში, თუკი ისინი უსამართლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ეჭვი მაქვს, ეს იმაზე მალე მოხდება, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ.
ამიტომ თითოულმა მოსამართლემ კარგად უნდა გაითვალისწინოს, ეს არის ცეცხლთან თამაში, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ საკუთარი ბედითაც.
- თუ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობის თემას დავუბრუნდებით, ვნახეთ რომ სასამართლოს პლენუმმა „ნაცმოძრაობას“ უარი უთხრა შუამდგომლობაზე სარჩელში მოყვანილ ფაქტებზე მოპასუხედ მიეწვიათ პრეზინდეტი მიხეილ სააკაშვილი. არადა, მართლაც საინტერესო იქნებოდა ბრალდებების მთავარი ადრესატის პასუხები იმ სარჩელზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სასამართლოს პლენუმმა უპასუხოდ დატოვა პარტიების აკრძალვის კანდიდატი პარტიებისგან დასმული კითხვა - რას შეიძლება ნიშნავდეს სარჩელში არსებული ჩანაწერი იმაზე რომ „მომავალში აკრძალვა შეიძლება შეეხოთ იმ პარტიებს, რომლებიც ანგარიშგასაწევი ძალა შეიძლება აღმოჩდნენ“.
უცნობია ვინაა სარჩელის რეალური ავტორი, მაგრამ, იგი უფრო გონიერი და წინდახედული რომ ყოფილიყო, ამგვარი ჩანაწერის გაკეთებას თუნდაც, პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც მინიმუმ, მოერიდებოდა.
მესამე პრეზიდენტის სასამართლოში მოწმის სახით მისვლაზე უარის თქმით და სარჩელში ზემოთმოყვანილი ჩანაწერით, სავარაუდოდ, რისი თქმა უნდოდათ სარჩელის ავტორ უმრავლესობის დეპუტატებს?
- ამაზე პასუხი მარტივია, თუკი პარტიას დამნაშავედ აცხადებს მისი ლიდერის მიერ 20 წლის წინ გატარებული პოლიტიკის გამო, სამართლებრივი და პროცედურული ლოგიკა მოითხოვს, ამ ლიდერს დაუძახო, რათა მან ან დაასაბუთოს თავისი პოზიციის სისწორე, ან აღიაროს დანაშაული.
ნებისმიერ პატიოსან მოსამართლეს, თუკი ის დაიტერესებულია პროცესზე ჭეშმარიტების დადგენით, თავად უნდა ჰქონდეს სურვილი, მოისმინოს მთავარი ბრალდებულის არგუმენტები, ანუ იმის, ვინც იყო პასუხისმგებელი 2008 წელს მთავრობის პოლიტიკაზე. მაგრამ ჩვენს მოსამართლეებს ეს არ აინტერესებთ, რაც ბუნებრივია.
ამით საკონსტიტუციო სასამართლო უმნიშვნელოვანესი პრობლემების წინაშე დააყენებს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას, პოლიტიკურ პროცესებს კი არა კონფრონტაციის დასრულებისკენ, არამედ მუდმივი ესკალაციის მიმართულებით წაიყვანს, რადგანაც ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის სახელმწიფოში პოლიტიკური ბრძოლისა და კონკურენციის ცივილიზებული, სამართლებრივ-პოლიტიკური ფორმებით წარმართვას
თითოეულმა მათგანმა იცის, რისთვისაა ეს პროცესი და კარგად ესმის, რომ პროცესის მიზნებისთვის სააკაშვილის სასამართლოში მოყვანა მხოლოდ დამაზიანებელი იქნება.
- სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არა ერთხელ დადგა საკითხი იმის შესახებ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ბევრი თვალსაზრისითაა გაუგებარი. იგულისხმება ის რომ მოსარჩელე მხარე 5 გასაუქმებელ პარტიას კონკრეტულად რას ედავება, მკაფიოდ გაწერილი არაა. ბევრისთვის მოულოდნელად, ამის შესახებ, არა ერთხელ გამოთქვა თავისი მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ევა გოცირიძემ.
ამავე თემაზე საინტერესო იყო „ლელოს“ ერთ ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებაც - „მსოფლიოში არ არსებობს 5 პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად არათუ გაუქმების, არამედ თავად ასეთი მოთხოვნის პრეცენდენტი. შესაბამისად, ვაყენებთ შუამდგომლობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა განისაზღვროს თუ რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ ევროპულ კონვენციასთან ამ მოთხოვნის შესაბამისობა.“
საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის იდეა უარყო, ამიტომ კითხვას ასე დავსვამ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ევროპული სტანდარტებითა და ევროპული კონვენციებით არ იხელმძღვანელოს?
და თუ ასე მოხდა, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს - საქართველო უარს ამბობს იმ კონვენციებზე, რომლითაც იგი აქამდე მიერთებული იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვას?
- რომელ ევროპულ სტანდარტებზეა საუბარი? დავუშვათ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ 2008 წელს ჩაიდინა დანაშაული, რომელიც ხვდება კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ უკანონო საქმიანობის ჩამონათვალში. დავუშვათ!
როგორ შეიძლება, ამ მოტივით აკრძალო პარტიები, რომლებიც ამ მოვლენებიდან 10 - 12 და მეტი წლების შემდეგ შეიქმნა? მით უმეტეს, როგორ შეიძლება, აკრძალო ისეთი პარტიები, რომლებიც არათუ 2008 წელს საერთოდ არ არსებობდენ, არამედ, რომელთა არც ერთი წევრი იმ დროს არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ იმყოფებოდა?
ნებისმიერ პატიოსან მოსამართლეს, თუკი ის დაიტერესებულია პროცესზე ჭეშმარიტების დადგენით, თავად უნდა ჰქონდეს სურვილი, მოისმინოს მთავარი ბრალდებულის არგუმენტები, ანუ იმის, ვინც იყო პასუხისმგებელი 2008 წელს მთავრობის პოლიტიკაზე. მაგრამ ჩვენს მოსამართლეებს ეს არ აინტერესებთ, რაც ბუნებრივია
ან, როგორ შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ აკრძალოს პარტია იმ მოტივით, რომ მისმა ლიდერმა გახარიამ, შს მინისტრობის დროს, თურმე, უკანონოდ ააგო ჩორჩანაში საგუშაგო, მაშინ, როცა ის პარტია, რომლის ლიდერიც ახლა გახარიაა და რომლის აკრძალვასაც ითხოვს „ქართული ოცნება“ გახარიას ვითომ უკანონო ქმედებების გამო, საერთოდ შექმნილი არ იყო, სამაგიეროდ, თავად „ქართულმა ოცნებამ“ კი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია, ახლა კი „ასაკრძალი პარტიის“ ლიდერი, „ჩადენილი დანაშაულის“ - ჩორჩანაში აგებული საგუშაგოს შემდეგ, თავად დანიშნა ქვეყნის პრემიერმინისტრად?
მსოფლიო იურისპრუდენციის ისტორიაში, ალბათ, არ შექმნილა ისეთი ნორმები, მით უმეტეს, საერთაშორისო სამართალში, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილებების სამართლებრივ საფუძვლებს შექმნის, ისევე, როგორც, ჩემი აზრით, არ არსებობს საკუთარი თავის და პროფესიის პატივისმცემელი არც ერთ იურისტი, რომელიც ხელისუფლების ასეთ „არგუმენტებს“ დაეთანხმება.
როგორ შეიძლება, ამ მოტივით აკრძალო პარტიები, რომლებიც ამ მოვლენებიდან 10 - 12 და მეტი წლების შემდეგ შეიქმნა? მით უმეტეს, როგორ შეიძლება, აკრძალო ისეთი პარტიები, რომლებიც არათუ 2008 წელს საერთოდ არ არსებობდენ, არამედ, რომელთა არც ერთი წევრი იმ დროს არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ იმყოფებოდა?
- ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სასამართლოსაგან მოითხოვა ჩორჩანის საგუშაგოს გახსნისა და ასევე „გავრილოვის“ ღამის“ თემაზე მოწმის სახით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ ირაკლი კობახიძის, შსს ყოფილი მინისტრის გომალაურის, სუს-ის ყოფილი უფროსის ლილუაშვილის, თბილისის მერის კახი კალაძის და პარლამენტის ექს-სპიკერის თალაკვაძის დაბარება.
გარდა ამისა, პარტია „საქართველოსთვის“ იმის გათვალიწინებით რომ მათი პარტია სარჩელში ასაკრძალი პარტიების სიაში გვიან იქნა ჩამატებული, მოითხოვა მეტი დრო სარჩელის გაცნობისათვის.
თუ გახარიასთან დაკავშირებულ სადაო საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს სურს ჭეშმარიტების დადგენა, ის რომ ამ პარტიების მიერ მოწმის სახით ჩამოთვლილი ადამიანების დაბარებაზე უარის თქმა სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?
- საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემთხვევაში „თანმიმდევრულია“ და მისი მოტივაცია იგივეა, რაც პროცესზე სააკაშვილის არგამოძახების შემთხვევაში - ეს არ შედის ხელისუფლების მიზნებში.
მოსამართლეებს კარგად ესმით, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლო პროცესში ჩართვაში მოთხოვნილი პირების უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენელია და მათი საჯარო დაკითხვა უფრო მეტად დაადასტურებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის პოლიტიკურ სარჩულს.
მსოფლიო იურისპრუდენციის ისტორიაში, ალბათ, არ შექმნილა ისეთი ნორმები, მით უმეტეს, საერთაშორისო სამართალში, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილებების სამართლებრივ საფუძვლებს შექმნის, ისევე, როგორც, ჩემი აზრით, არ არსებობს საკუთარი თავის და პროფესიის პატივისმცემელი არც ერთ იურისტი, რომელიც ხელისუფლების ასეთ „არგუმენტებს“ დაეთანხმება
- რადგან პარტიების შესაძლო აკრძალვა რას გამოიწვევს მეტ-ნაკლებად გავარკვიეთ, არის კიდევ ერთი თემა, რომელზეც ხელისუფლების ოპონენტები ამახვილებენ ყურადღებას და ღირს მასზე მსჯელობა.
ხელისუფლების ოპონეტების მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა იმას, რომ „2008 წლის აგვისტოს ომის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რამაც რუსეთი აიძულა საქართველოში ჯარით შემოსულიყო, ხოლო, ხოლო შემდეგ ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“.
მათივე მტკიცებით, ამგვარი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენში მოხვედრა აშკარად რუსეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოფიციალურ მოსკოვს სრული უფლება ექნება ოფიციალური თბილისისაგან მოითხოვოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
2008 წლის „აგვისტოს ომიდან“ ბევრი წელია გასული, მაგრამ, წელი არ გასულა რომ მოსკოვს თბილისისაგან „ახალი რეალობის“, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ მოეთხოვოს.
უკანასკნელი თვეებია კრემლის ამ მოთხოვნას ახლა კიდევ აქვს დამატებული ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება.
თუ სარჩელის ეს დეტალი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში მოხვდა, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს და ამ თვალსაზრისით, რამდენად სამართლიანია ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებები?
- მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილი უშვებს ფუნდამენტურ შეცდომას. ისინი ფიქრობენ, რომ თუკი იქნებიან ლოიალურები მოსკოვის მიმართ, შეძლებენ თავის გადარჩენას და მინიმუმ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ გზით მოვახერხებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს არის ილუზია, რომლიც ეფუძნება მხოლოდ ჩვენს სურვილებს.
ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლო პროცესში ჩართვაში მოთხოვნილი პირების უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენელია და მათი საჯარო დაკითხვა უფრო მეტად დაადასტურებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის პოლიტიკურ სარჩულს
„მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“, მათ შორის, არც ქართველების ცრემლების და ჩვენი მათდამი სიყვარულის. ორადორი რამ, რასაც რუსეთის იმპერია მთელი თავისი ისტორიიის მანძილზე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში ანგარიშს უწევდა, ეს იყო მათი ძალა და სიმტკიცე.
პუტინის მმართველობის პირობებში ჩვენ მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვაქვს შანსი, რუსეთმა ანგარიში გაუწიოს ჩვენს ინტერესებს, თუკი გვეყოლებიან ძლიერი მოკავშირეები.
რასაც რუსეთის დღევანდელ პოლიტიკაზე ვწერ, ამის დამადასტურებელი ბოლო ფაქტია უკრაინის ქალაქ ოლეშკის ისტორია. ხერსონის ოლქის ეს ქალაქი რუსების მიერაა ოკუპირებული. ქალაქში დარჩენილია რამდენიმე ათასი მოხუცი, ბავშვი და უმწეო ადამიანი.
საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილი უშვებს ფუნდამენტურ შეცდომას. ისინი ფიქრობენ, რომ თუკი იქნებიან ლოიალურები მოსკოვის მიმართ, შეძლებენ თავის გადარჩენას და მინიმუმ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ გზით მოვახერხებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს არის ილუზია, რომლიც ეფუძნება მხოლოდ ჩვენს სურვილებს
რუსებს გზები დანაღმული აქვთ და მოსახლეობა ვერ ახერხებს ქალაქის დატოვებას, ან ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში გასვლას ელემენტარული პროდუქტების შესაძენად. ოლეშკიში შიმშილობა მძვინვარებს.
ამ ქალაქში დატრიალებული ჰუმანიტარული კატასტროფის ამბავი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე დღის წინ რომის პაპმა დაურეკა პუტინს და სთხოვა, რომ შეეშვა ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთები. პუტინმა რომის პაპსაც უარი უთხრა და ყველაფერი უკრაინულ მხარეს დააბრალა. ბოლო დღეებში ამ საქმეში ჩაერთო მელანია ტრამპი და მან მიმართა პუტინს.
23 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ ისინი თანახმა არიან, დაუშვან ჰუმანიტარული ტვირთების შეტანა და მისცენ მოსახლეობის გამოყვანის შესაძლებლობა.
პუტინმა არაფრად ჩააგდო რომის პაპის თხოვნა, ალბათ, სტალინის ფორმულით ისარგებლა, რომელსაც როცა უთხრეს, რომ პაპს დიდი გავლენა აქვს დასავლეთში, ცინიკურად იკითხა - „პაპი გავლენიანია? და რამდენი სატანკო დივიზია ჰყავს?“ სამაგიეროდ მელანია ტრამპის მოთხოვნა შესრულებულია, იმიტომ, რომ მის უკან დგას ტრამპი და აშშ მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალით.
რუსი დიქტატორი, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის, დათანხმდა, დაეკმაყოფილებინა აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლის, და არა რომის პაპის, თხოვნა.
პუტინის მმართველობის პირობებში ჩვენ მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვაქვს შანსი, რუსეთმა ანგარიში გაუწიოს ჩვენს ინტერესებს, თუკი გვეყოლებიან ძლიერი მოკავშირეები
როცა ასეთ მენტალობასთან გაქვს საქმე, ჩათვალო, რომ შენი ლოიალობა და დათმობები რუს მმართველში ქართველების მიმართ სენტიმენტებს გააღვიძებს და ის ჩვენი ინტერესების გათვალისწინებაზე დათანხმდება, წარმოუდგენელი ილუზიაა.
ჩვენ არაფერში გვჭირდება არც რუსეთთან ურთიერთობების ესკალაცია, ზოგადად, ძალიან სულელი უნდა იყო, საქართველოს ადგილას რუსეთთან პერმანენტული დაძაბულობის სურვილი რომ გქონდეს, მაგრამ მეორე უკიდურესობაა, რუსეთის გულის მოგების სურვილით ურთიერთობების გაფუჭება შენს მრავალწლიან პარტნიორებთან, ქვეყნისთვის მომგებიანი სტრანსპორტო-სატრანზიტო პროექტებზე უარის თქმა, იმის იმედად, რომ მოსკოვი ამას დაგიფასებს, ანგარიშს გაგიწევს და შენს ინტერესებს დააკმაყოფილებს.
პუტინმა არაფრად ჩააგდო რომის პაპის თხოვნა, ალბათ, სტალინის ფორმულით ისარგებლა, რომელსაც როცა უთხრეს, რომ პაპს დიდი გავლენა აქვს დასავლეთში, ცინიკურად იკითხა - „პაპი გავლენიანია? და რამდენი სატანკო დივიზია ჰყავს?“ სამაგიეროდ მელანია ტრამპის მოთხოვნა შესრულებულია, იმიტომ, რომ მის უკან დგას ტრამპი და აშშ მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალით
- იმავე დღეს, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დაიწყო, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთოების საკითხებში თავის სპეცწარმომადგენლად დანიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბიშვილი.
საერთაშორისო ურთიერთობებში ჩახედული ადამიანების აზრით, ერთ დროს აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა ცალმხრივად ვერ მოხდებოდა და რადგან პრემიერის სპეცწარმომადგენლად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაინიშნა, ეს ნიშნავს იმას რომ წინა აბაშიძე-კარასინის ფორმატშია მომხდარი ცვლილება და ეს მოსკოვთან კონსულტაციის გარეშე ვერ მოხდებოდა და მას ახლა კონსფლიქტების თემაც დაემატა.
ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვას იმის გამო რომ რუსეთთან ურთიერთობების „ახალმა ფორმატმა“, შესაძლოა, ჟენევის ფორმატი ჩაანაცვლოს. ანუ, შესაძლოა მოხდეს ის, რასაც მოსკოვი დიდი ხანია ითხოვს - ევროპელების. ამერიკელების, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის გარეშე ერთი ერთზე დარჩეს საქართველოსთან.
პრემიერი კობახიძე აცხადებს - „ე.წ. სახელმწიფოები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენგან ვერანაირი ფორმით ვერ იქნება აღიარებული,და ამ პოზიციას გამოხატავს სპეცწარმომადგენელი“.
პრემიერის ამ განცხადებას არაფერი დაეწუნება, მაგრამ, მოსკოვიდან ლამის ყოველ დღე გვესმის მტკიცებები რომ „მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან გაწვევას არ აპირებს“.
დიპლომატიური საზოგადოება „რუსეთთან პრემიერის სპეცწარმომადგენლის მარდატის გაფართოებას, სახიფათოდ“ მიიჩნევს.
თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენლად გიორგი ზურაბიშვილის დანიშვნას?
- არასდროს ვიზიარებდი იმ პოზიციას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში სპეცწარმომდაგენლის დანიშვნა თითქოს სახელმწიფო ინტერესების ღალატია. ე.წ. „ჟენევის ფორმატი“, რომელიც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრების ერთადერთი ადგილი იყო, შექმნილია ძალიან კონკრეტული მიზნით. ის საერთოდ არ ეხება ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხების დიდ უმრავლესობას.
არსებობდა თუნდაც სავაჭრო-ეკონომიკური თემები, რომლებიც ჟენევაში უბრალოდ ვერ განიხილებოდა. მოგვწონს ეს თუ არა, მათი გადაწყვეტა ობიექტურად შედიოდა საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებში.
ამიტომ, 2013 წელს ჩვენი პარტნიორები აშშ-დან და ევროკავშირიდან ძალიან მშვიდად და გაგებით შეხვდნენ საქართველოსა და რუსეთის დიალოგის დაწყებას ორი მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე. იმ დროს მე არაერთხელ მისაუბრია უცხოელ დიპლომატებთან, რომლებიც საკმაოდ გაოცებული იყვნენ ოპოზიციის ნაწილის მიერ ამ საკითხზე ატეხილი ვაი-უშველებელით.
ამ ფორმატმა საქართველოს გარკვეული ეკონომიკური შედეგები მოუტანა და არა მხოლოდ ეკონომიკური. მაგალითად, კარასინ-აბაშიძის სულ პირველი შეხვედრების ერთ-ერთი შედეგი იყო რუსეთში დაკავებული იმ ჩვენი თანამემამულეების გათავისუფლება (გაცვლა აქ დაკავებულ რუს მზვერავებზე), რომლებიც რუსებს ჰყავდათ დატყვევებული და მათ მრავალწლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
მაგრამ, ეს ხდებოდა იმ დროს, როცა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდა გაფორმებული აშშ-სთან, ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ქვეყანა იყო დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და რაც არ უნდა სკეპტიკურად ვიყოთ განწყობილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ფაქტია, რომ, დღევანდელი ვითარებისგან განსხვავებით, საქართველო მაშინ არ იმყოფებდა იზოლაციაში, ქვეყანას საერთაშორისო არენაზე, თავისი პოლიტიკური წონის ფარგლებში, გააჩნდა გაცილებით მეტი შესაძლებლობა, პარტნიორების დახმარებით, თავი დაეცვა რუსეთის შესაძლო ზეწოლისაგან.
ჩემი აზრით, დღეს ამ ფორმატის აღდგენა და დასავლეთისგან იზოლირებული საქართველოს რუსეთთან სალაპარაკოდ მარტო დაჯდომა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე 13 წლის წინ. ის, რომ დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, პარტნიორი და მოკავშირე აღარ გვყავს, ეს საქართველოს დიდი სისუსტეა.
რუსეთის გულის მოგების სურვილით ურთიერთობების გაფუჭება შენს მრავალწლიან პარტნიორებთან, ქვეყნისთვის მომგებიანი სტრანსპორტო-სატრანზიტო პროექტებზე უარის თქმა, იმის იმედად, რომ მოსკოვი ამას დაგიფასებს, ანგარიშს გაგიწევს და შენს ინტერესებს დააკმაყოფილებს
ჩემი აზრით, რაც უფრო იზოლირებული ვიქნებით დასავლეთიდან, რუსეთი მით უფრო ეცდება, პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე დარჩენილი საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების, თუნდაც ასეთის, დაჩოქებას. ვინც ამას ვერ ხვდება და იმედი აქვს, რომ "თუკი ჭკვიანად მოვიქცევით, პუტინი დაგვიყვავებს და საერთოდ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს", წარმოდგენა არ აქვს არც რუსეთის ისტორიაზე და არც რუსეთის თანამედროვე პოლიტიკაზე.
ამის მაგალითია, სულ ცოტა ხნის წინ, ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად, რუსების მიერ ქართული პროდუქციის ნაწილის ქვეყანაში შეტანის აკრძალვა. რუსეთმა იცის, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით მას შეუძლია, სერიოზულად გააუარესოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ვითარება, ამით საფრთხე შეუქმნას სკამებზე ჩაფრენილ მთავრობას და ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე მისგან მეტი პოლიტიკური დათმობების მისაღებად.
ჩემი აზრით, დღეს ამ ფორმატის აღდგენა და დასავლეთისგან იზოლირებული საქართველოს რუსეთთან სალაპარაკოდ მარტო დაჯდომა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე 13 წლის წინ. ის, რომ დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, პარტნიორი და მოკავშირე აღარ გვყავს, ეს საქართველოს დიდი სისუსტეა
ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს შეოღების პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ქართულ მხარეს მოსთხოვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება და ორივე არაღიარებულ რესპუბლიკასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება.
რუსეთთან მოლაპარაკებებში სპეცწარმომადგენლის დანიშვნა საეჭვოდ დაემთხვა რუსთის მიერ ჩვენი პროდუქციის ნაწილის შეტანის აკრძალვით განხორცილებულ ასე აშკარა პოლიტიკურ ზეწოლას.
უნდა გვესმოდეს, რომ პუტინი პატარა ქვეყნებს განიხილავს, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ობიექტებს, რომელთაც რეალური სუვერენიტეტი არ გააჩნიათ და ისინი დიდმა სახელმწიფოებმა გავლენის ზონებად უნდა გაიყონ.
რაც უფრო იზოლირებული ვიქნებით დასავლეთიდან, რუსეთი მით უფრო ეცდება, პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე დარჩენილი საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების, თუნდაც ასეთის, დაჩოქებას. ვინც ამას ვერ ხვდება და იმედი აქვს, რომ "თუკი ჭკვიანად მოვიქცევით, პუტინი დაგვიყვავებს და საერთოდ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს", წარმოდგენა არ აქვს არც რუსეთის ისტორიაზე და არც რუსეთის თანამედროვე პოლიტიკაზე
ამიტომ, ასეთი ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობებში რუსეთი არ ეძებს პარტნიორებს და თანამოაზრეებს, ის ცდილობს ზეწოლით, შანტაჟით, მუქარით ან შეიერთოს, ან მაქსიმალურად დაიმორჩილოს და რუსეთის ყურმოჭრილ ყმებად აქციოს ისინი, ვისთანაც ასეთი მიდგომა გაუვა.
უკრაინასთან ომში სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, პარტნიორებთან წაჩხუბებული, მარტო დარჩენილი საქართველოს რუსეთის გავლენისთვის დაქვემდებარება, პუტინისთვის, შეიძლება, ის გამარჯვება აღმოჩნდეს, რომლის მიყიდვასაც რუსეთის დიქტატორი ეცდება იმპერიული ბაცილით მოწამლული თავისი ელქტორატისთვის.
მით უმეტეს, რომ საქართველოს რუსული გავლენის სფეროში დაბრუნება, „სომხეთის დაკარგვის“ შემდეგ იოლად გაიყიდება, როგორც რუსეთის კავკასიიის რეგიონში გავლენის აღდგენად და აქედან დასავლეთის გაძევებად.
ამიტომ არის, ჩემი აზრით, ახლა ამ ფორმატის აღდგენა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბევრად უფრო მეტი საფრთხის შემცველი, ვიდრე ეს 13 წლის წინ იყო. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ცუდი შედეგები დადგება, თუმცა, საფრთხეები მართლა გაზრდილია.
რუსეთთან მოლაპარაკებებში სპეცწარმომადგენლის დანიშვნა საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის მიერ ჩვენი პროდუქციის ნაწილის შეტანის აკრძალვით განხორცილებულ ასე აშკარა პოლიტიკურ ზეწოლას
- „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას“.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, მისმა ლიდერებმა „ნაცმოძრაობის დასრულების შესახებ პირობა არა ერთხელ დადეს, მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, სულ ამაოდ.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ რამდენიმე პარტიად დაიშალა, მისგან გამოყოფილმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მაინც შეძლეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადალახვა და ცესკოსვე მონაცემებით 800 ათასი ხმის მიღება.
რჩება შთაბეჭდილება რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გზით „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი პარტიების აკრძალვა, იყო ერთადერთი გზა რომ ისინი პოლიტიკური ველიდან გამქრალიყვნენ? ასეა?
და კიდევ - როცა პრემიერი ამბობს, რომ „ახლა ქვეყანას სხვა ტიპის ოპოზიცია სჭირდება“, „ხალხის ძალა“ და „ნეიტრალური საქართველოა“ ის პარტიები, ვისაც ხელისუფლება გულისხმობს“?
თუ კი, რატომ შეიძლება იყვნენ ეს პარტიები ასე საჭირო „ქართული ოცნებისთვის“, ისინი ხომ პრაქტიკუალდ იგივეს ამბობენ, რასაც „ქართული ოცნება“?
- დემოკრატიულ ქვეყნებში, პოლიტიკური კრიზისის პირობებში, დიალოგი მიმდინარეობს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის, რომელიც გამოხატავს საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციებს, ვინც უკმაყოფილოა არსებული ვითარებით.
ავტორიტარული ხელისუფლებების ნებისმიერი მცდელობა, რეალური ოპოზიცია ჩაანაცვლონ მის მიერ კონტროლირებადი პოლიტიკური პარტიებით, როგორც წესი, წარუმატებლად მთავრდება. რაც მთავარია, ხელისუფლების ასეთი ქმედებები, მათი მოლოდინების საპირისპიროდ, სინამდვილეში ყოველთვის ზრდის დაძაბულობას და აკარგვინებს ხელისუფლებას პოლიტიკური პროცესების მართვის საშუალებას.
თუკი ხელისუფლება რეალურ ოპოზიციას კრძალავს, ის კარგავს შესაძლებლობას, დიალოგის მეშვეობით ისე წარმართოს პოლიტიკური პროცესი, რომ არ დაუშვას ვითარების რადიკალიზაცია.
ჩემი აზრით, ახლა ამ ფორმატის აღდგენა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბევრად უფრო მეტი საფრთხის შემცველი, ვიდრე ეს 13 წლის წინ იყო. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ცუდი შედეგები დადგება, თუმცა, საფრთხეები მართლა გაზრდილია
ფსევდოოპოზიციური პარტიები ამ შემთხვევაში საერთოდ გამოუსადეგარები არიან. თუკი ქვეყნაში გამოსვლები იქნება, კობახიძე ქუჩაში გამოსულ ხალხს რას ეტყვის? - აგერ, გურამ მაჭარაშვილის და სოზარ სუბარის „ქართულ ძალასთან“ მოვილაპარაკეთ თქვენს პრობლემებზე, შევთანხმდით და თქვენ დაიშალეთო? ხომ აბსურდი იქნება?
შეხედეთ საფრანგეთს, გადაწვეს ყვითელმა ჟილეტებმა და ასოციალურმა ელემენტებმა პარიზი და უამრავი სხვა ქალაქი, დაარბიეს უამრავი სავაჭრო თუ კომერციული ობიექტი. საფრანგეთის მთავრობას არ გაუგივებია ყველა პროტესტანტი იმ ბარბაროსებთან, არ გამოუყენებია მომიტინგეების ნაწილის უკანონო ქმედებები იმ ახლგაზრდებთან დიალოგზე უარის სათქმელად, რომლებმაც განათლების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით დაიწყეს აქციები, არ დაუდანაშაულებია ისინი არეულობებსა და დარბევებში.
პირიქით, საფრანგეთის პრეზიდენტი, მაკრონი, შაბათს შეხვდა აქციების ინიციატორი ახალგაზრდების (სკოლის მოსწავლეების!) წარმომადგენლებს, ანუ მთავრობამ გაყო მოძალადეები იმ ხალხისგან, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნით.
თუკი ხელისუფლება რეალურ ოპოზიციას კრძალავს, ის კარგავს შესაძლებლობას, დიალოგის მეშვეობით ისე წარმართოს პოლიტიკური პროცესი, რომ არ დაუშვას ვითარების რადიკალიზაცია
ეს არის დემოკრატიული და ჭკვიანი ხელისუფლების მიდგომა და არა ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაყარო.
საფრანგეთში ესმით, რომ დიალოგი აუცილებელია სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და მთავრობამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივი არ უნდა გამოიყენოს კანონიერი პროტესტის ინიციატორების მოთხოვნების განხილვზე უარის სათქმელად.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























