"თბილისი მარიოტში" სახელმძღვანელოს ~ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში~ პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს სახელმძღვანელოს "ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოდან" აცნობეს, პუბლიკაცია პრაქტიკული დანიშნულებისაა და წამოადგენს გზამკვლევს იურისტებისთვის, რათა მათ გაუადვილდეთ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დასაცავად.
სახელმძღვანელოში განხილულია კონსტიტუციური დებულებები, კონვენციები, კანონები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სამედიცინო მომსახურების გამწევის და პაციენტის უფლება-მოვალეობანი და პაციენტებთან და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან დაკავშირებული რეალური მაგალითები და საქმეები.
გამოცემაზე მუშაობდნენ: ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივა, ღია საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამები.
ავტორები არიან ზაზა მეიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ალექსანდრე იმედაშვილი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი; გივი ჯავაშვილი - საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე; ნინო კიკნაძე - ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივის დირექტორი; კახაბერ ასლანიშვილი - იურისტი; ნინო მირზიკაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის უფროსი; მამუკა ჯიბუტი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზ. ჯანდაცვის სკოლის დეკანი.

























