საქართველოში ამერიკული კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ამერიკული კლასიკური მუსიკის ფესტივალს გამართავს .
როგორც ~ინტერპრენსიუსს~ საქართველოს კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ფესივალი აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება. ღონისძიება 11-14 სექტემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ახალგაზრდა ამერიკელი პიანისტი სტივენ ბიუსი მიიღებენ. კონცერტებს დავით მუქერია უდირიჟორებს.
ფესტივალზე აჟღერდება ამერიკელი კომპოზიტორების აარონ კოპლენდის სიუიტა ბალეტიდან "აპალაჩური გაზაფხული", სამუელ ბარბერის კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის და ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის.
საფესტივალო კონცერტები საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება: 11 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში, 12 სექტემბერს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში და 14 სექტემბერს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრსა და მუსიკალურ დარბაზში.
დღეს, 11.00 საათზე მთავრობის კანცელარიის დარბაზში ჩატარდება რეპეტიცია, რომელზეც მედიის წარმომადგენლები შეძლებენ დასწრებას და გასაუბრებას პიანისტსა და დირიჟორთან.

























