09.09.2011
საპროტესტო აქცია ახალგაზრდა იურისტებზე ხელისუფლების შეტევის წინააღმდეგ - "26 მაისის ამბავი საიამ დავიწყებას რომ არ მისცა, ზუსტად ამის გამოა ხელისუფლება გაღიზიანებული და არა კვინტრაძის ისტორიაზე"
რატომ "ვერ იცლის" ხელისუფლება საარჩევნო კოდექსისთვის - "სააკაშვილმა შესანიშნავად გააცნობიერა პრეზიდენტ ლინკოლნის ფრაზა - "ყველაზე საშიში იარაღი საარჩევნო ბიულეტენიაო"
ცხინვალი შეიარაღებული დაპირისპირების წინაშე - ვის ლიკვიდაციას გეგმავდა კოკოითი...
* * *
საპროტესტო აქცია ახალგაზრდა იურისტებზე ხელისუფლების შეტევის წინააღმდეგ - "26 მაისის ამბავი საიამ დავიწყებას რომ არ მისცა, ზუსტად ამის გამოა ხელისუფლება გაღიზიანებული და არა კვინტრაძის ისტორიაზე"
"არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საიას) სრულ მხარდაჭერას უცხადებს - საქართველოში მოქმედმა 18-მა ორგანიზაციამ გუშინ საიას ოფისთან მხარდამჭერი აქცია გამართა. მათი განცხადებების თანახმად, არასამთავრობო სექტორი ერთიანია და მათზე ნებისმიერი ფორმით ზეწოლა მიუღებელია. ისინი საიას მიერ 26 მაისს ნიკა კვინტრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. არასამთავრობოები "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" საწინააღმდეგო განცხადებებსაც აკეთებენ - მათი თქმით, ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებმა საიას შესახებ მომზადებული სიუჟეტით ყოველგვარი პროფესიული სტანდარტი დაარღვიეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სამოქალაქო სექტორი საიაზე თავდასხმას აპროტესტებს / ლუსტრაცია 26 მაისს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის ისტორიის გარშემო.
"გუშინდელი აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საიას სოლიდარობას უცხადებენ იმის გამო, რომ ეს ორგანიზაცია ნიკა კვინტრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული მტკიცებულებების გამო, სრულიად დაუმსახურებლად გახდა სახელისუფლებო წრეებისა და ტელეკომპანიების - "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის გაკიცხვის საგანი. აქციის მონაწილეებს სოლიდარობის ნიშნად ტანსაცმელზე ლითონის სამაგრები ეკეთათ. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ჟურნალისტებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა გააცნო. "რეზონანსი" აქციის მონაწილეებს გაესაუბრა", - აღნიშნავს გამოცემა.
"გაუგებარია, საიას რისთვის ედავებიან - ბრიტანულ ორგანიზაციას რომ შეუკვეთეს ექსპერტიზა, თუ ბრიტანულმა ექსპერტიზამ ასეთი რომ დასკვნა დადო. გამოვიდნენ შსს-ს მაღალჩინოსნები, ხელები გაასავსავეს და განაცხადეს, რომ ეს ტყუილია. ქართული ანდაზისა არ იყოს - "ქურდს ქუდი ეწვისო", - ისე იქცევიან ისინი, ვინც დამნაშავეა. შსს თავს ბრალდებულად ცნობს, ის ბრალდებულის პოზიციიდან საუბრობს და ამიტომ აკეთებს აბსურდულ განცხადებებს და ცდილობს, პასუხისმგებლობა აიცილოს. ჩვენთან არ არსებობს ხელისუფლების შტოებში ურთიერთდაბალანსებისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმი, ამიტომ მივდივართ იქამდე, როდესაც ყველა სისტემა ერთი ცენტრიდან იმართება. ტელეკომპანიებიც - "რუსთავი 2" და "იმედი" ამ სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, მათი მხრიდან ფაქტების დამახინჯება სულაც არ მიკვირს - მათ ამ ხელისუფლების და კონკრეტულად, შსს-ს ნაწილად განვიხილავ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უფლებადამცველი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.
"საიამ ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი რანგის პროცედურა განახორციელა. 26 მაისის დარბევის დროს დაღუპული ადამიანების შესახებ მასალები შეაგროვა - ის, რაც ხელმისაწვდომი იყო. სხვათა შორის, ოფიციალური გამოძიებისგან განსხვავებით. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ნიკა კვინტრაძის საქმე იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 26 მაისის ამბავი საიამ დავიწყებას არ მისცა, მან გააკეთა ის, რომ 26 მაისი, ისევე როგორც ბევრი სხვა ფაქტი, საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს - ზუსტად ამის გამოა ხელისუფლება გაღიზიანებული. არა კვინტრაძის ისტორიის, არამედ იმის გამო, რომ ისეთმა სოლიდურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორიც საიაა, დაიწყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მასალების მიწოდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მედიაექსპერტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.
"სამწუხაროდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, "რუსთავი 2"-მაც და "იმედმაც" არც ამჯერად უარყვეს ჩვეული სტილი და ამ კონტექსტში გააშუქეს ეს ამბავი - ისინი პროპაგანდისტები არიან და პროპაგანდისტი აშუქებს იმას, რაც ხელისუფლებას მოსწონს. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საია ტელევიზიების წინააღმდეგ თვითრეგულირების მექანიზმს მიმართავს. ტელევიზიებმა პროფესიული ეთიკის ნორმები დაარღვიეს და ეს საკითხები თვითრეგულირების მექანიზმებით უნდა გაირკვეს, რათა ერთი მხრივ ინფორმაცია მოქალაქეებმა მიიღონ და მეორე მხრივ ცნობილი გახდეს, რომ ამ ტელევიზიებმა მოქალაქეები მოატყუეს", - დასძენს ზვიად ქორიძე.
"აქ სოლიდარობის გამოცხადების მიზნით მოვედით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთვის მიუღებელია აგრესია, რაც საიას მიმართ გამოვლინდა. ვფიქრობთ, იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც საიამ გამოამზეურა, გამოძიება უნდა ჩატარდეს. გაირკვეს და რეალურად დადგინდეს, რა შეემთხვა ამ კონკრეტულ ადამიანს. გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროტესტიც, რომელიც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოხატეს. მიუღებელია მედიის ერთი ნაწილის მხრიდან გამოყენებული ფორმაც, რაც იმისთვის გამოიყენეს, რომ საიასთვის ტალახი ესროლათ. ეს არ არის თამაში, ეს ის თემაა, რომელიც ადამაინის სიცოცხლეს ეხება. აქციის მთავარი გზავნილი ის არის, რომ გაუგონარ აგრესიას ვაპროტესტებთ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან საიაზე განხორციელდა. ძალიან ბევრი კითხვა დაგვიგროვდა, რაზეც პასუხების გაცემა აუცილებელია", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.
"მიმაჩნია, რომ დღევანდელი აქცია ძალიან ბუნებრივი და საჭირო რეაქცია იყო, იმიტომ რომ რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, ეს არ ყოფილა დისკუსია, არამედ იყო თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციაზე. ორგანიზაციამ, რომელმაც გამოძიებას ძალიან მნიშვნელოვანი მასალა მიაწოდა. პასუხად არა საქმის განხილვა ან მისი გადახედვა მიიღო, არამედ შეურაცხმყოფელი თავდასხმა. მან ეს პასუხი მიიღო როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ნაციონალური ტელევიზიების მხრიდანაც, რაც არ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყნებში ხდებოდეს. ის, რასაც "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი თქვენთან საუბრისას ამტკიცებდა, სიცრუეა. ის, რომ თითქოს მათ ჩვენს მიერ გაგზავნილი ფოტო გაუშვეს, რეალობას არ შეესაბამება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი
"მათ სიუჟეტში ორი პროზექტურის ფოტო ამოღებული იყო. ჩვენ მათ გავუგზავნეთ ერთი პროზექტურისა და ერთი პასპორტის სურათი და ორი ძირს დაწვენილი მამაკაცის სურათი. დასკვნა, ალბათ, თქვენც გექნებათ და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. "რუსთავი 2" ამტკიცებს, რომ თითქოს ჩვენ ორი პასპორტის სურათი გავუგზავნეთ და ორი პროზექტურისა და ერთმანეთთან შედარება ვთხოვეთ. რა თქმა უნდა, ასე არ მოვიქცეოდით, პასპორტის სურათების პროზექტურის სურათებთან შესადარებლად ექსპერტიზას არ მოვაწყობდით. ყველაზე მთავარი ძირს დაწვენილი მამაკაცის ფოტოებთან შედარება იყო. ასე რომ, "რუსთავი 2"-მა ეს ნამდვილად იცოდა და ის ნამდვილად არაეთიკურად და არასწორად მოიქცა. გოკა გაბაშვილის განცხადებაზე კომენტარს არც ვაპირებ, მის განცხადებას სერიოზულად ვერც კი განვიხილავთ", - დასძენს თამარ ჩუგოშვილი.
რატომ "ვერ იცლის" ხელისუფლება საარჩევნო კოდექსისთვის - "სააკაშვილმა შესანიშნავად გააცნობიერა პრეზიდენტ ლინკოლნის ფრაზა - "ყველაზე საშიში იარაღი საარჩევნო ბიულეტენიაო"
"მიუხედავად იმისა, რომ საშემოდგომო სესიაც დაუწყო და ყველა დაპირებული ვადაც ამოიწურა, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი მაინც არავის უნახავს - სავარაუდოდ, მათ შორის ხელისუფლებასაც. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ამ თემაზე საუბარსაც კი თავს არიდებს. არადა, ივლისის ბოლოს საგანგებო განცხადება გაკეთდა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველადი ვარიანტი ვენეციის კომისიას დასკვნისთვის 20 აგვისტოს გადაეგზავნებოდა. ამ პროექტში იქნებოდა ასახული შეთანხმების საკითხების ძირითადი ნაწილი, კომისიების შექმნისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის გარდა - ეს უკანასკნელი პარლამენტართა რაოდენობის გაზრდას შეეხება და კანონპროექტის ინიცირება სექტემბრის პირველი რიცხვებისთვის იყო დათქმული", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ხელისუფლება საარჩევნო კოდექსისთვის ვერ იცლის.
"ამას ის განაპირობებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე უნდა გაიმართოს ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვის პროცედურა, სადაც დაინტერესებული საზოგადოება საკუთარ შენიშვნებს გამოხატავს და ეს შენიშვნები კანონპროექტში უნდა აისახოს. საზოგადოებრივი განხილვის კომისიას ქმნის პარლამენტი პროექტის ინიცირების შემდეგ. საინტერესო კი ის არის, რომ ეს ყველაფერი სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, რადგან ხელისუფლებამ იმის პირობაც დადო, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროცესი, მაქსიმუმ, ოქტომბრის ბოლომდე დასრულდებოდა, რათა საზოგადოებას სათანადო დრო ჰქონოდა თამაშის ახალი წესები გასაცნობად - ეს განცხადება ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც საარჩევნო კოდექსზე მუშაობა დაიწყო, არაერთხელ გაკეთდა და განსაკუთრებული აქცენტი ივლისში კეთდებოდა, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის ხელშეკრულება გაფორმდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ხელისუფლებამ რაღაც პირობა დადო და ახლა საინტერესო ის არის, ეს პირობა როგორ სრულდება - ეს მნიშვნელოვანია თუნდაც იმ თვალსაზრისით, თუ ამ პროცესს რამდენად ექნება საზოგადოების ნდობა. ფაქტი კი ის არის, რომ ივლისის ბოლოს დადებული სამი პირობიდან არც ერთი არ შესრულებულა. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ვადა აშკარად გვიანდება და ამ საკითხის ოქტომბრის ბოლომდე მიღება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ უნდა გაიმართოს ჩვეულებრივი საპარლამენტო განხილვა და საკონსტიტუციო ცვლელებისთვის ვერ გამოიყენებენ დაჩქარებული წესით მიღების რეჟიმს. მეორე პირობა ის იყო, რომ ცვლილებების პროექტი - გარდა საარჩევნო სიების გადამოწმებისა, არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და მედიამუშაობის მონიტორინგისთვის კომისიების შექმნისა, ვენეციის კომისიას 20 აგვისტომდე უნდა გადაგზავნოდა. 20 აგვისტოს შემდეგ ზუსტად 20 დღე გავიდა და "რეზონანსი" ამაოდ ცდილობს მოიპოვოს დაზუსტებული ინფორმაცია, გაეგზავნა თუ არა პროექტი ვენეციის კომისიას", - დასძენს გამოცემა.
"ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც შეთანხმების მონაწილეა, დაზუსტებით არ იცის, პროექტი გაიგზავნა თუ არა. ათი დღის წინ "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე იმედოვნებდა, რომ ეს პროექტი გაგზავნილი იქნებოდა. ხელისუფლება კი, ჩვენი დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, კომენტარს არ აკეთებს. გუშინ პავლე კუბლაშვილმა, რომელიც კალათბურთელთა საზღვარგარეთ გულშემატკივრობით იყო დაკავებული და როგორც იქნა თბილისში დაბრუნდა, საუბარს თავი აარიდა და მდივნის საშუალებით შემოგვითვალა, რომ ამ საკითხისთვის არ ეცალა. თუმცა ტელეიმედის კორესპონდენტისთვის, საიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მოიცალა - ადვილი მისახვედრია, რომ ხელისუფლებას არც პროექტი აქვს მზად და არც ვენეციის კომისიისთვის გაუგზავნია, თორემ ამის გაპიარებას ხელისუფლების ტელევიზიები არავის დააცლიდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ან გადაუწევს ან ხელისუფლება პირობას დაარღვევს და ვენეციის კომისიის დასკვნას აღარ დაელოდება", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.
"მესამე დაპირება კი ეხება კომისიების შექმნის საკითხს. როგორც ივლისის ბოლოს ითქვა, სექტემბრის დასაწყისში უკვე ამ კომისიების ფორმირების წესზე უნდა შეთანხმებულიყვნენ და მომზადებულიყო პროექტი, რომელიც ამ საკითხის კანონმდებლობაში ასახვას უზრუნველყოფდა. სექტემბრის პირველი მესამედი კი ისე გადის, რომ არც კომისია გახსენებია ვინმეს და არც საარჩევნო კოდექსი. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს ხელისუფლების ასეთი პასიურობა და ხომ არ მოხდება უკვე შეთანხმებული საკითხების ისევ შეცვლა - ცხადია ეს მხოლოდ ვარაუდია და ამაზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს", - დაასკვნის სტატიის ავტორი.
"მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტი არჩევნებამდე წელიწადზე მეტი დროა დარჩენილი, ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. სატელევიზიო სივრცეში სოციალურ თემატიკაზე პოლიტიკური რეკლამები შეიმჩნევა. პოლიტოლოგთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ არჩევნები კვლავ გაყალბებით ჩაივლის", წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ექსპერტები პარლამენტში ნაციონალურ უმრავლესობას ელოდებიან / მათი თქმით არჩევნების შედეგების გაყალბება უკვე დაწყებულია.
"სამწუხაროდ, ჩამოგვიყალიბდა არაპოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას კლანური ინტერესების მიხედვით მართავს. ეს არის ძალა, რომელიც ემყარება რამდენიმე სპეცნაზსა და სხვადასხვა ძალისმიერ მეთოდებს. ქვეყანაში შექმნილია მკვეთრად გამოხატული არადემოკრატიული გარემო, სადაც ხელისუფლებისთვის არჩევნები არის არა დემოკრატიული პროცესი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნების აქტი. თუ აქამდე ჩვენი მოსახლეობის განსაზღვრულ ნაწილს ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვიდოდა და ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდებოდა, ეს ილუზია გაქრა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებშიც. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ "პოლიტიკურმა მაფიამ" კარგად შეისწავლა ის მეთოდოლოგია, რომლითაც ადვილად ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.
"სამართლიანი არჩევნების მოლოდინის საფუძველი არ მაქვს. ასეთი სურვილი ხელისუფლებისთვის არ შემიმჩნევია, ჩვენმა ხელისუფლებამ შესანიშნავად გააცნობიერა პრეზიდენტ ლინკოლნის ფრაზა, რომელმაც ბრძანა - "ყველაზე საშიში იარაღი საარჩევნო ბიულეტენიაო". მაგრამ პრეზიდენტი ლინკოლნი ვერ წარმოიდგენდა, რომ საარჩევნო ბიულეტენი შეიძლება ყოფილიყო სააკაშვილის მძევალი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
ცხინვალი შეიარაღებული დაპირისპირების წინაშე - ვის ლიკვიდაციას გეგმავდა კოკოითი...
"ცხინვალი მართლაც შეიარაღებული დაპირისპირების წინაშე დგას. ადრე თუ კოკოითი ასე თუ ისე ახერხებდა მოსახლეობის დაშინებას, ახლა მას უკვე ღიად უპირისპირდებიან და ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მოიმატებს. მოსახლეობას მართლაც ყელში ამოუვიდა კოკოითი და მისი გარემოცვა. დღეს ცხინვალის ქუჩებში შეხვდებით ასეთ წარწერებს "კოკოითი ქურდია", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "კოკოითი თედეევის აფეთქების სანაცვლოდ ფულს იხდიდა" / სამხრეთი ოსეთის უშიშროების სამინისტრო საგანგებო რეჟიმზე გადადის.
"ორი დღის საიტმა "უაცამონგმა" წერილი გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ კოკოითის დავალებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა ძამბოლატ თედეევს, რომელიც კოკოითის მთავარ ოპონენტად ითვლება და საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, გუშინ კი პორტალმა სენსაციური ვიდეორგოლი წარმოადგინა - კოკოითის პირადი დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ელდარ თედეევი ყვება, როგორ შესთავაზეს მას ძამბოლათ თედეევისა და ალა ჯიოევას ლიკვიდაცია - ეს უკანასკნელი სამხრეთი ოსეთის განათლების მინისტრი იყო და კოკოითთან დაპირისპირების შემდეგ მას ცხინვალიდან გაქცევამ მოუწია. ელდარ თედეევი, როგორც თავად ამბობს, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურში 2008 წლიდან მუშაობდა და საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა, რომელიც ერთი შეთავაზების შემდეგ დატოვა: "ჩემთან მოვიდა ჩემი მოადგილე ვალიკ ნოვიკი, მაჩვენა ორი ფოტოსურათი, ერთზე ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძამბოლატ თედეევი იყო გამოსახული, ხოლო მეორეზე სამხრეთი ოსეთის ყოფილი განათლების მინისტრი. ვალიკმა მითხრა, რომ კოკოითის მათი მოშორება სურდა და კარგად გადაგვიხდიდნენ", - აცხადებს ელდარ თედეევი და დასძენს, რომ ამაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ მშვიდობიან დროს ვინმეს მოკვლა დაუშვებელია", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვალიკი ჩემი მოადგილე და მეგობარი იყო. ამის შემდეგ მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ შეიცვალა... გამუდმებით მითვალთვალებდნენ, რაღაც პერიოდის შემდეგ ჩავაბარე ტაბელური იარათი და თანამდებობა დავტოვე, ნოვიკი იბრძოდა აფხაზეთში, იბრძოდა ჩეჩნეთში, მასზე რუსეთში ძებნაა გამოცხადებული, ამის გამო იძულებულია კოკოითის დავალებები შეასრულოს. ის აფეთქებების კარგი სპეციალისტია", - ამბობს ელდარ თედეევი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 29 აგვისტოს გამთენიისას მომხდარი აფეთქება კოკოითის დავალებით განხორციელდა, როცა ძამბოლატ თედეევის სახლთან ავტომანქანა აფეთქდა", - დასძენს გამოცემა.
"ცხინვალში რომ არეულობაა მოსალოდნელი, ამას სამხრეთი ოსეთის უშიშროების სამინისტროც ადასტურებს. მათ გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით, ბოლო დროს მთელი რიგი ოპოზიციური პარტიები ცხინვალში ათასგვარ ინფორმაციას ავრცელებენ და პანიკას თესავენ - "ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ამით სიტუაციას ძაბავენ და ქვეყანა შეიარაღებული დაპირისპირების ზღვრამდე მიჰყავთ. ეს კი რესპუბლიკის დისკრედიტაციას მოახდენს", - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში. უშიშროების სამინისტრო "პროვოკატორებს" კანონის სრული სიმკაცრით ჰპირდება დასჯას და ამიერიდან საგანგებო რეჟიმით აპირებს მუშაობას", - წერს სტატიის ავტორი.

























