„ქართული ოცნება“  უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრინციპების დონეზე შეთანხმდნენ და უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ფრაქცია მხარს დაუჭერს. შესაბამისი განცხადება მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ამასთან, მდინარაძის თქმით, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.

მისი განცხადებით, თუკი ვინმე ამბობს, რომ კანონპროექტი არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, "უბრალოდ იტყუება".

„საპარლამენტო უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, უმრავლესობის წევრები არიან „ხალხის ძალიდან“, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. რა თქმა უნდა, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.

თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება.

რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა. თუკი ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, ამას ერთი მიზეზის გამო ვერ შეძლებს, რადგან „ხალხის ძალას“ არცერთი შეზღუდვა კანონპროექტში არ ჩაუწერია. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, აშშ-ში სხვაგვარი შეზღუდვებია, იქ არის ძალიან მკაცრი ნორმები. ორივე შემთხვევაში საერთოდ შეძლება იყოს ის, რომ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, იჭერენ ადამიანებს და ა.შ. აღარ ვამბობ აუდიტის შესვლის უფლებაზე. ასევე აშშ-ს ერთ-ერთი პუნქტი აქვს ის, რომ გენერალურ პროკურორს შეუძლია დეკლარაციის წარდგენის ვადები შეამციროს ან გაზარდოს, ან საერთოდ გაათავისუფლოს, ან პირიქით შეუზღუდოს და ა.შ. ვადები. არათუ მსგავსი , შეზღუდვა, როგორც ასეთი „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში არ არსებობს. ძალიან საინტერესოა, ყველაფერზე საუბრობენ გარდა იმისა, რა ხდება სინამდვილეში კანონპროექტში, რაც დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ დეტალურად“ , - განაცხადა მდინარაძემ.

მან განმარტა, რა ვალდებულებებს ითვალისწინებს კანონპროექტი.

„მთავარია ის, რომ კანონპროექტი, მხოლოდ და მხოლოდ, ითვალისწინებს დარეგისტრირების ვალდებულებას 10 დღის განმავლობაში. თუ რომელიმე ორგანიზაციის და არა კერძო პირის, უცხოური დაფინანსება 20%-ს გაცდება, ასეთ ორგანიზაციას 10 დღის განმავლობაში ვალდებულება აქვს რეესტრში დარეგისტრირდეს, ხოლო შემდეგ, 1 წლის განმავლობაში უნდა წარადგინოს დეკლარაცია თავისი შემოსავლების და ხარჯვითი ნაწილის შესახებ. სხვა რამეს ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს, ამ გამჭვირვალობის გარდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მოიტანო არგუმენტი, რატომ შეიძლება ამ პრინციპზე უარი უთხრა“ , - აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, როდესაც ამერიკული და რუსული კანონმდებლობების შედარება ხდება, მათ უფრო აქვთ საერთო, რადგან ორივე კანონმდებლობა უცხოური/უცხოელი აგენტების შესახებ არის და „ხალხის ძალის“კანონპროექტის შემთხვევაში კი, „უცხოური გავლენის აგენტებზეა“ საუბარი.

„ამ ტერმინოლოგიაზე ჩვენ არ გაგვივლია, რადგან დეტალებში შემდეგ ჩავალთ და რაიმე წინააღმდეგობა ამ მიმართულებითაც არ დაფიქსირებულა, მაგრამ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო, ბუნებრივია, უმრავლესობაში არავის ექნება და ეს პოზიციაც დაფიქსირდა“, - აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, ბოლო დროს ოპონენტების მხრიდან სასაცილოც გახდა ის, რომ თუკი ვინმეს რაღაც არ მოსწონს, „ეს რაღაც არის რუსული“. მისი თქმით, პარლამენტში ყოველდღიურად რეგისტრირდება კანონპროექტები, რაც ხალხს ეხება, მაგრამ ამაზე არავის, არანაირი რეაქცია არ აქვს.

„მაგრამ როგორც კი ვიღაცებს შეეხო... დღეს, ხუმრობითაც კი ითქვა უმრავლესობის ხდომაზე, რომ მე მგონი, ლუსტრაციის კანონი აღარ არის საჭირო. როგორც კი ამ სიტყვას „აგენტს“ მოჰკრეს ყური, ვიღაცებმა თავი იმ წუთასვე გამოავლინეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალების“ მიერ ფინანსდება.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა