ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026

გიორგი მელაშვილი - “მთავარი და ერთადერთი საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაცია”

ნაწილობრივი ემბარგო ქართულ პროდუქციაზე - რა დათმობას ელის ოფიციალური მოსკოვი თბილისისგან

გიორგი კობერიძე - „გაქარწყლდა მოლოდინი, თითქოს ვაშინგტონი რუსეთთან ღია და გადამწყვეტ დაპირისპირებას აირჩევდა“

* * *

გიორგი მელაშვილი - “მთავარი და ერთადერთი საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი”

“ქართულმა ოცნებამ” არაადეკვატური საგარეო პოლიტიკით გამოიწვია იზოლაცია და შექმნა ვაკუუმი, რომლის შევსებაც რუსეთმა აქტიურად დაიწყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში “ოცნება~ გვპირდებოდა, რომ მოახერხებდნენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას. ეს არათუ არ ხდება, არამედ ცხინვალის რეგიონის კონტექსტში უკვე ლაპარაკია ანექსიურ პროცესებზე - ოკუპაციიდან გადადიან უფრო უარეს ფორმაზე. იმპორტის აკრძალვით კი მეორდება ის, რაც უკვე მოხდა წინა ხელისუფლების დროს. რუსეთი იყენებს საკუთარ ეკონომიკურ ბერკეტებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს იყო სრულიად მოსალოდნელი - რაც უფრო მეტს დაუთმობს “ოცნება” რუსეთს, რაც უფრო მეტად გახდება საქართველო დამოკიდებული ოკუპანტ ქვეყანაზე, მით მეტი ასეთი შემთხვევა იქნება უახლოეს მომავალში. საბოლოო ჯამში ევროიზოლაციის საფასური იქნება საქართველოს სუვერენიტეტის სრული დათმობა, თუ ქართველი საზოგადოება ამას არ შეეწინააღმდეგება”, - აცხადებს ექსპერტი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ევროპარლამენტის რეზოლუცია, მოსკოვის “მესიჯი” თბილისს და ახალი კორუფციული სკანდალი?!

“ეს არის კონკრეტული პოლიტიკური გზავნილი, სიგნალი “ქართული ოცნებისთვის”, რომ თუ უფრო მეტ დათმობაზე არ წავლენ, უფრო მეტად არ განდევნიან დასავლეთს და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყნიდან, რუსეთი უფრო დიდ წნეხში მოაქცევს საქართველოს ეკონომიკას. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, “ოცნებას” ძალიან კარგად ესმის, რომ მისი ელექტორალური მხარდაჭერა მკვეთრად შემცირებულია. ცდილობეს ამ შემცირებული მხარდაჭერის კომპენსირებას რეპრესიული ზომებით. საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე - მთლიანად საქართველოს მოსახლეობა ჰყავს მძევლად აყვანილი და მუდმივ წნეხში ამყოფებს, რადგან მშვენივრად იციან, რომ ეს პარტია აღარ წარმოადგენს უმრავლესობის ნებას... პოლიტიკური ძალა, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ ძალაში და აქვს ელექტორალური მხარდაჭერა, კონკურენტების მოშორებასა და პარტიების აკრძალვას არ ცდილობს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ “ოცნება” შეშინებულია და გააზრებული აქვს თავისი მძიმე მდგომარეობა. ეს არის ხელისუფლების ბრძოლა საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ, თუმცა კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ, რომ ასეთ ბრძოლებში პოლიტიკურ პარტიებს გამარჯვების მოპოვება უჭირთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.

“რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ვრცელ ანგარიშს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია პოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე გადაწყვეტილების მიღება, არის თავად ბიძინა ივანიშვილი და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტია, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” თავისი არსით არ არის პოლიტიკური პარტია. ეს არის ერთი პირის პოლიტიკური პროექტი, რომელიც ემსახურება მისივე ინტერესებს. მაინც რა არის ამ ადამიანის ინტერესები? - პოსტსაბჭოთა ტიპის ოლიგარქებს ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არც ერთი მათგანი, იქნებიან უკრაინელი ოლიგარქები თუ სხვა, არ არის პოლიტიკოსი. ისინი არ აზროვნებენ პოლიტიკური კატეგორიებით და მათთვის არსებობს მხოლოდ 90-იანების პერიოდში შექმნილი სრულიად ანარქიული ბაზრის წესები, მით უფრო, თუ გამოვლილი აქვთ გასული საუკუნის 90-იანი წლები და საკუთარი კაპიტალიც იმჟამად დააგროვეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მათ არ ესმით, როგორ მუშაობს დასავლური სამყარო, არ ესმით, რას ნიშნავს ინსტიტუციური განვითარება და კონსტიტუციური წესრიგი. მათთვის არსებობს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ცხადად ჩანს ივანიშვილის მოქმედებებშიც. შესაბამისად, როდესაც ლაპარაკია თუნდაც რუსეთთან ურთიერთობებზე, ან ევროკავშირთან, ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვხედავთ ერთადერთს - ივანიშვილის ინტერესების პრიმატს და შიშს. დღეს მთავრობა შიშზე რეაგირებს. ჰგონიათ, რუსეთის იქით საქართველოს გზა არა აქვს, მათ არ სჯერათ ჩვენი ქვეყნის პოტენციალის და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სრულიად დააკმაყოფილონ რუსული ინტერესები, მათ შორის ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, და ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი იმპერიის, ნებისმიერი იმპერიალისტური ძალის მადა ჭამაში მოდის. რაც მეტად დააკმაყოფილებენ კრემლის ინტერესებს, მით უფრო მეტი დამატებითი მოთხოვნა გაუჩნდება ოკუპანტს”, - განმარტავს ექსპერტი.

“მთავარი და ერთადერთი საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი რეგიონი, ხოლო ეკონომიკურად მასზე ჩამოკიდებამ რა კრახამდე შეიძლება მიგვიყვანოს, ამაზე ლაპარაკიც აღარ ღირს. ისეთი ცხადია ყველაფერი... “ქართული ოცნება” დაკავებულია ფსევდომოლოდინების შექმნით: გვახსოვს დაპირებები აშშ-სთან ურთიერთობების განახლებაზე, თუმცა შედეგი ნულია. ეს არის პრობლემის გადავადების სტრატეგია. ისინი ვერ აღიარებენ, რომ თავად არიან პასუხისმგებლები აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე, ამიტომ კვლავ შეეცდებიან საზოგადოების მოტყუებას, თითქოს ურთიერთობა მალე აღდგება. რეალურად, “ქართულ ოცნებას” ურთიერთობის განახლების რესურსი არ გააჩნია. “წარმატების” საუკეთესო საზომი მოგვცა ბატონმა ყაველაშვილმა, რომელიც დღემდე ელოდება დონალდ ტრამპის ზარს და სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი და შეკითხვაზე - “გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო...” - პასუხობს:

“ამ ქალბატონზე წლებია არსებობს უამრავი შეკითხვა, ჯერ კიდევ 2000-იანებიდან მოყოლებული, როდესაც “წითელ ჯვარში” “მოღვაწეობდა”. მახსოვს, რამდენი მითქმა-მოთქმა იყო ჰუმანიტარული დახმარებების გაყიდვებზე, ასევე მის ქონებასა და ოჯახურ ინტერესებზე. თუმცა ის ძალიან კარგად შეიტკბო `ქართულმა ოცნებამ~, თავის დროზე გააპარლამენტარა, გააპოლიტიკოსა, შემდგომ უკვე სებ-საბჭოს წევრად აქციეს...”

“ყეინიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე ნათლად გვაჩვენებს ორ რამეს: “ქართული ოცნების” რეალურ საკადრო პოლიტიკას, როდესაც სრულიად არაკვალიფიციური, შეუსაბამო პირები იკავებენ თანამდებობებს მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური ლოიალურობის გამო და შემდგომ ეს ხალხი იწყებს ამ თანამდებობის გამოყენებას არა ქვეყნის სამსახურისთვის, არამედ რეკეტისთვის, გამდიდრებისა და ზოგადად ყოველივე იმისთვის, რაც ნორმალურ სახელმწიფოში არ ხდება. მოკლედ, ამ ყველაფერში ჩანს "ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკის არაადეკვატურობა, რითაც დიდწილად არის გამოწვეული ის ვითარება, რაც დღეს გვაქვს; მეორე - “ოცნება” ბოლო 14 წლის განმავლობაში ამტკიცებს, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებულები არიან, არ ეწევიან ეკონომიკის რეკეტს და ა.შ. ამ შემთხვევამ ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ `ქართულ ოცნებაში~ ზუსტად ისევე ყვავის ყველა ის მავნებლური პრაქტიკა, რასაც ისინი ბრალად უყენებენ წინა ხელისუფლებას - ანუ სისტემა, რომლის ცვლილებას და დანგრევასაც “ოცნება” ჰპირდებოდა ქართველ ხალხს, არათუ არ შეიცვალა, არამედ კიდევ უფრო გაუარესდა”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.

ნაწილობრივი ემბარგო ქართულ პროდუქციაზე - რა დათმობას ელის ოფიციალური მოსკოვი თბილისისგან

“რუსეთში ზოგიერთი ქართული პროდუქციის შეტანა და რეალიზაცია შეჩერებულია და სავაჭრო ქსელებიდან მათი ამოღება უკვე დაიწყეს. 9 ოქტომბრიდან ამოქმედებული ემბარგოს ოფიციალურ მიზეზად “სანიტარიული ზომები” სახელდება, თუმცა ამის პრაქტიკულად არავის სჯერა, რადგანაც ამგვარ ზომებს კრემლი, როგორც წესი, ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლისთვის მიმართავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რატომ ხდება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა და რა კონკრეტულ დათმობებს ითხოვს მოსკოვი თბილისისგან, ამ თემაზე ანალიტიკოსებს რამდენიმე მოსაზრება აქვთ. პირველ რიგში ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. 10-11 ნოემბერს ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდია დანიშნული, სადაც რუსეთს გადაწყვეტილი აქვს კიდევ ერთხელ გადაჭრით მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან “ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების” გაფორმება. ამავე შეხვედრაზე რუსეთი კიდევ ერთხელ დასვამს დისკუსიების ჟენევიდან გადატანის საკითხს, რადგანაც, მათი შეფასებით, შვეიცარიამ ამ მოლაპარაკებებში დაკარგა ნეიტრალური შუამავლის სტატუსი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნაწილობრივი ემბარგო ქართულ პროდუქციაზე - რა დათმობას ელის ოფიციალური მოსკოვი თბილისისგან / საზღვარზე შეზღუდვები უკვე ამოქმედდა და რუსეთის მაღაზიებიდან ქართული პროდუქციის ამოღებაც დაიწყო.

“ქართულ პროდუქციაზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესება შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს და ჟენევის შეხვედრამდე დარჩენილ ერთ თვეში აკრძალული ქართული პროდუქციის სია შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, როთაც კრემლი ეცდება აიძულოს ოფიციალური თბილისი, რომ შეარილოს თავისი პოზიცია ხსენებულ საკითხებზე. გარდა ამისა, ოქტომბრის დასაწყისში რუსეთში “ტრამპის მარშრუტის” საპასუხოდ “პუტინის გზის” იდეა წარადგინეს. ეს ინიციატივა ოკეპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთს, საქართველოსა და სომხეთის გავლით ირანთან პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას საშუალებას აძლევს. ანალიტიკოსთა ნაწილი არც ამ ვერსიას გამორიცხავს, რომ რუსეთი ასეთი ემბარგოთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დათანხმებას აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე. ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ბოლო წლებში დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებისა და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შედეგად, საქართველო მსგავსი მოსალოდნელი ზეწოლის მიმართ დღეს ზედმეტად მოწყვლადია. ხელისუფლების წარმომადგენლებს კი კრემლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამ სტატიის მომზედების პერიოდში რაიმე განცხადება არ ჰქონდათ გაკეთებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რია ნოვოსტის” ცნობით, რუსულმა საცალო ქსელებმა “როსპოტრებნადზორის” მიერ შეზღუდვების დაწესების შემდეგ რამდენიმე ქართველი მწარმოებლისგან სასმელების ამოღება უკვე დაიწყეს. საჭირო ზომები მიღებულია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე - ლოჯისტიკური ოპერაციებიდან დაწყებული საცალო გაყიდვებით დამთავრებული. მანამდე, “როსპოტრებნადზორმა” განაცხადა, რომ შეზღუდვები ეფუძნებოდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიღებულ დროებით სანიტარულ ზომას. ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერია, რომ 2026 წლის 9 ოქტომბრიდან შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით. აკრძალვა შეეხება შემდეგი ქართული კომპანიების პროდუქციას: “თელიანი ველი”; “თბილღვინო”; “ძმები ასკანელები”; “ვაინმენი”; “ქართული ლუდის კომპანია”; “კოკა-კოლა”; “ნაბეღლავი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან დათმობების პოლიტიკის შედეგია და მოსკოვი ამ გზით თბილისზე ზეწოლას აძლიერებს. მისი შეფასებით, კრემლი დათმობებით არასდროს კმაყოფილდება და მუდმივად ახალ მოთხოვნებს აყენებს. ამასთან, ემბარგო პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოსგან მომავალში კიდევ უფრო რთული დათმობებიც მოითხოვოს. “დაუდგები რუსეთს მუხლებზე - მოგთხოვს ხოხვას. როგორადაც არ უნდა შეუსრულო რუსეთს დავალება, საბოლოო ჯამში, ის არასდროს იქნება კმაყოფილი და ყოველთვის მეტსა და მეტს მოითხოვს. გამეორდა ის, როცა სანიტარიული მოსაზრებით ვინმე ონიშჩენკომ აკრძალა “ბორჯომის” შეტანა. ახლა ჯერ “ბორჯომი” არ აქვთ აკრძალული, იმიტომ რომ რუსებს ეკუთვნის, მაგრამ შეიძლება აქამდეც მივიდნენ, შემდეგ კი ღვინის, ხილის, ციტრუსების, მწვანილისა და ფაქტობრივად, ყველაფრის”, - მიიჩნევს გოცირიძე, რომლის თქმით, “ეს მათ ხელში პოლიტიკური ბრძოლის იარაღი იყო ისევე, როგორც რუსული გაზი და რუსული ელექტროენერგია”, - დასძენს გამოცემა.

“ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ქართული პროდუქციის ხარისხის გაუარესება ამ გადაწყვეტილების მიზეზად ვერ ჩაითვლება, რუსული ემბარგოს ლოგიკური ახსნა არ ჩანს და მოვლენების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ... ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი თვლის, რომ კრემლში შიდა დაპირისპირების შედეგად გაძლიერდა ის ჯგუფი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით უფრო ხისტი პოლიტიკის მომხრეა. მისი აზრით, „ეს ხაზს უსვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლება პრორუსული ორიენტაციის არაა. კრემლში სხვადასხვა ჯგუფში არსებულმა დაპირისპირებამ მოუტანა გამარჯვება იმ ძალებს, რომლებიც სხვა პოზიციაზე იდგნენ, ანუ საქართველოსთან დათმობების მსურველების პოზიციები ვერ გაამაგრა. გაიმარჯვა ჯგუფმა, რომელმაც აფხაზეთის კურატორად კირიენკო მოიყვანა”, - ამბობს არეშიძე, რომლის მტკიცებით “პოლიტიკა აბსოლუტურად შეიცვალა და ამაზე ლაპარაკი შეწყდა", - წერს სტატიის ავტორი.

“ახლა მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში ეს სურათი აქვს - აზერბაიჯანი, რომელიც ძალებს უფრო იკრებს და თურქეთის გავლენები რეგიონში იზრდება; სომხეთი რუსული გავლენიდან ნელ-ნელა გადის და დასავლეთის გავლენის ქვეშ ექცევა. შესაბამისად, რეგიონში დასავლეთის გავლენები იზრდება და კრემლს უნდა, რომ რეგიონში სასწრაფოდ დაბრუნდეს, თან დაბრუნდეს საქართველოს მეშვეობით, რადგან მისთვის ზეწოლის ყველაზე მომგებიანი ობიექტი საქართველოა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გამო. ამ ფაქტორს იყენებს და ეს გამაფთხილებელი აქციაა... ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების მოთხოვნა, ან ის რომ თბილისი დათანხმდეს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, ეს მიზეზები რასაკვირველია არის, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც სამხრეთ კავკასიაში სრულმასშტაბიანი დაბრუნების სურვილია. საქართველოზე რუსეთის ზეწოლა არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კონტექსტში, უნდა განვიხილოთ რუსეთსა და რეგიონის ქვეყნების ურთიერთობების კონტექსტშიც. საქართველო, როგორც ყველაზე სუსტი რგოლი, უფრო მომგებიანია რუსეთისთვის, რომ მასზე განხორციელდეს ზეწოლა, ვიდრე დანარჩენ ორზე. დღეს სომხეთის უკან სერიოზულად დგას დასავლეთი - აშშ, ხოლო აზერბაიჯანის უკან - თურქეთი. საქართველოს უკან კი არავინ არ დგას”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რადგანაც ჩვენი ეკონომიკა გარკვეულწილად რუსეთზეა დამოკიდებული, შეიძლება ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდეთ, მით უმეტეს, რომ კარზე ზამთარია მომდგარი. ახლა საქართველო ერთგვარი ცუგცვანგის მდგომარეობაშია. ხელისუფლება პრორუსული არაა, მაგრამ არც პროდასავლურია. რუსეთთანაც ვერ ვახერხებთ ურთიერთობების მოგვარებას და დასავლეთთანაც არ გვაქვს მყარი ურთიერთობები, გამონაკლისია გარკვეული პროგრესი აშშ-საქართველოს ურთიერთობაში, მაგრამ ესეც არ არის გადამწყვეტი. პატარა ქვეყნისთვის ძალიან რთულია დღევანდელ არამყარ სამყაროში მარტო ბრძოლა და საჭიროა ბევრად უფრო მოქნილი პოლიტიკის წარმოება იმავე დასავლეთთან იმისათვის, რომ გარკვეული ილუზია მაინც შეიქმნას იმისა, რომ საქართველო საბოლოოდ არ გადის დასავლური მსოფლმხედველობიდან. ძალიან გაგვიჭირდება ამ გარემოში გაძლება, როდესაც, პრაქტიკულად, სამხრეთ კავკასია გახდა დღეს ძალიან საინტერესო. ძალიან ბევრი მსხვილი პოლიტიკური მოთამაშისთვის”, - დაასკვნის არეშიძე.

გიორგი კობერიძე - „გაქარწყლდა მოლოდინი, თითქოს ვაშინგტონი რუსეთთან ღია და გადამწყვეტ დაპირისპირებას აირჩევდა“

“ამ ეტაპზე ახალი მსოფლიო წესრიგის ორი ძირითადი სცენარი იკვეთება: პირველი მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას გულისხმობს, სადაც გავლენა რამდენიმე ძლიერ სახელმწიფოს შორის გადანაწილდება. მეორე სცენარით, შესაძლოა მსოფლიო კვლავ ორ ძირითად გეოპოლიტიკურ ბლოკად გაიყოს. ერთ მხარეს ვიხილოთ ჩინეთისა და რუსეთის დაახლოება და მათთან თანამშრომლობით დაინტერესებული სხვა სახელმწიფოები, მეორე მხარეს _ შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები. თუმცა ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებს შორის ინტერესთა განსხვავებამ შესაძლოა საერთო პოლიტიკის შეთანხმებულად გატარება გაართულოს. დღეს ყურადღების ცენტრში ძირითადად უკრაინა და ახლო აღმოსავლეთია, თუმცა უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები სხვა რეგიონებშიც არის. სუდანში ომი მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს, იემენში კონფლიქტი კვლავ მნიშვნელოვანი რეგიონული პრობლემაა, აფრიკაში დაძაბულობა დამატებით საფრთხეებს ქმნის, სომალისა და სომალილენდის საკითხიც რეგიონული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით „გაქარწყლდა მოლოდინი, თითქოს ვაშინგტონი რუსეთთან ღია და გადამწყვეტ დაპირისპირებას აირჩევდა“.

“მსოფლიოში კვლავ მოუგვარებელია ტერიტორიული დავებიც. ამის ერთ-ერთი მაგალითია ფოლკლენდის კუნძულების კუთვნილების საკითხი, რომელზეც არგენტინა და გაერთიანებული სამეფო ათწლეულებია დავობენ. ცხადია, მსგავსი კონფლიქტები არ ნიშნავს, რომ ახალი ომი გარდაუვალია, თუმცა საერთაშორისო წესრიგის შესუსტებამ შესაძლოა ზოგიერთ სახელმწიფოს პრეტენზიების ძალის გამოყენებით გადაწყვეტისკენ უბიძგოს... ისტორია გვიჩვენებს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც დიდი დრო გავიდა ძალთა ახალ გადანაწილებამდე, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-სა და სსრკ-ს შორის დაპირისპირება ეტაპობრივად გაღრმავდა, რაც 1949 წელს ნატოს შექმნით დაგვირგვინდა. დღესაც მსგავს გარდამავალ ფაზაზე ვართ. მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში შესაძლოა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს ძალთა გადანაწილების კონტურები წამყვან სახელმწიფოებს შორის. ერთი რამ ცხადია: მსოფლიო ვეღარ დაუბრუნდება იმ რეალობას, რომელიც `ცივი ომის~ დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

ამ კონფლიქტების გარდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა შესაძლოა ტაივანის საკითხი გახდეს. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჩინეთმა კუნძულზე ზეწოლის გასაძლიერებლად საკუთარი რესურსები გამოიყენოს. ეს შეიძლება გამოიხატოს ეკონომიკურ შეზღუდვებში, საზღვაო ბლოკადაში ან, უკიდურეს შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებაშიც... რაც შეეხება სხვა კონფლიქტებს - უკრაინაში ომის დასრულება არ ნიშნავს, რომ მსოფლიო უფრო მშვიდი და სტაბილური გახდება. გადამწყვეტი იქნება, თუ რა პირობებით დასრულდება ომი. ცეცხლის შეწყვეტა ან დროებითი ზავი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ აგრესიის განმეორების საფრთხე აღმოფხვრილია. თუ რუსეთი ომის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებს ახალი კონფლიქტების პროვოცირებისთვის საჭირო რესურსებს, საფრთხე სხვა რეგიონებშიც იარსებებს. ასეთ მიმართულებებს შორის შეიძლება განვიხილოთ ბალკანეთი, ბალტიისპირეთი და ცენტრალური აზია, მათ შორის ყაზახეთთან დაკავშირებული შესაძლო დაძაბულობა. მთავარი საკითხი ისაა, მიიღებს თუ არა რუსეთი უკრაინის ომის შედეგად ისეთ გაკვეთილს, რომელიც მომავალში ახალი აგრესიისგან შეაკავებს. მაგრამ თუ პოზიციებს შეინარჩუნებს და ახალი დაპირისპირებების წამოწყების შესაძლებლობაც დარჩება, უკრაინაში ომის დასრულება სხვა კონფლიქტების დასაწყისი გახდებ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამერიკაში ირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრეები როგორც რესპუბლიკურ, ისე დემოკრატიულ პარტიაში მრავლად არიან, შესაბამისად, ირანის საკითხი მარტივად ვერ დაიხურება და თუ შეერთებული შტატები ირანის პრობლემას დღევანდელი სახით დატოვებს, შესაძლოა ომამდელზე გაცილებით რთულ სტრატეგიულ ვითარებაში აღმოჩნდეს. თეირანი რეგიონში გავლენის გაფართოებას სხვადასხვა გზით ცდილობს, მათ შორის ჰუსიტების მეშვეობით, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან საუდის არაბეთსა და რეგიონულ უსაფრთხოებას. ამასთან, ირანის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ჰორმუზის სრუტეზე ზეწოლა: მას შეუძლია ნაოსნობას საფრთხე შეუქმნას როგორც სამხედრო ძალის გამოყენებით, ისე მუქარით. ეს დააზარალებს ენერგომატარებლების გლობალურ მიწოდებას და დამატებით რისკებს შექმნის რეგიონში განლაგებული ამერიკული ბაზებისთვის. ასეთ პირობებში თუნდაც მოლაპარაკებები დაიწყოს, ირანის მიერ ამ ბერკეტების შენარჩუნება ვაშინგტონის პოზიციების შესუსტებად აღიქმება. ტრამპის პოლიტიკის მთავარი პრობლემა მისი არათანმიმდევრულობაა. გადაწყვეტილებების ხშირი ცვლილება გაურკვევლობას ქმნის როგორც მოკავშირეებში, ისე მოწინააღმდეგეებში. ამან შესაძლოა აიძულოს არაბული სახელმწიფოები უსაფრთხოებისთვის ალტერნატიული პარტნიორები ეძებონ ან სამხედრო პოტენციალი გააძლიერონ, რაც რეგიონში შეიარაღების ახალ რბოლას გამოიწვევს”, - მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“განსაკუთრებით სახიფათო იქნება, თუ ირანი ამ ომის შემდეგ ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს შეინარჩუნებს. თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება: რეგიონის სხვა ქვეყნებიც დაიწყებენ ანალოგიური შეიარაღების შექმნაზე ფიქრს, რაც ძალთა ბალანსს კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის... საქართველოსთვის შექმნილი საერთაშორისო ვითარება განსაკუთრებით რთულია, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი უშუალოდ ჩვენს რეგიონთან ახლოს მიმდინარეობს. ასეთ პირობებში საჭიროა ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, თავდაცვისუნარიანობა, მდგრადი ეკონომიკა და დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას ხელს შეუწყობს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებებით საქართველოს არაერთი სერიოზული პრობლემა აქვს. უმთავრესი ამოცანა დასავლელ პარტნიორებთან ჯანსაღი ურთიერთობების აღდგენაა. იმავდროულად, აუცილებელია თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ეკონომიკური პირობების შექმნა, რაც მოსახლეობის გადინებას შეამცირებს. პრაგმატულ შეფასებას საჭიროებს ჩინეთთან ურთიერთობებიც... პატარა სახელმწიფოს არ შეუძლია გლობალური პროცესების შეცვლა, მაგრამ შეუძლია საკუთარი პოზიციების გაძლიერება და საფრთხეებისთვის უკეთ მომზადება”, - განმარტავს გიორგი კობერიძე.

“რაც შეეხება ტრამპისა და პუტინის შეთანხმებას რუსული დიზელის იმპორტზე სანქციების მოხსნასა და ბაზარზე მილიონობით ტონა საწვავის დაშვებაზე, სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი აუცილებლად წაახალისებს იმ ადგილობრივ ჯგუფებს, რომლებიც რუსეთთან დაახლოებაზე დიდი ხანია საუბრობენ. მათი რიტორიკა მარტივი იქნება: თუკი შეერთებულ შტატებს აქვს პოლიტიკური ნება, ამ მძიმე ვითარების მიუხედავად მოსკოვთან ენერგოდიალოგი დაიწყოს, ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ უარი? რაც შეეხება თავად ტრამპს, ის მკვეთრად გამოხატული ტაქტიკოსი და ოპორტუნისტი ლიდერია, რომელიც უპირველესად საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრობს. მას არა აქვს შორსმიმავალი დოქტრინალური ხედვა და ახლა ცდილობს ირანის კრიზისის ფონზე პირადი პოზიცია გაიუმჯობესოს. თუმცა, რამდენად რეალისტურია ამ შეთანხმების ხორცშესხმა, რთული სათქმელია. აქ რამდენიმე სერიოზული ბარიერი დგას: პირველი თავად რუსეთის მხრიდან ნავთობის რეალური მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობაა; მეორე - რუსულ ქარხნებზე უკრაინელთა დარტყმების გაგრძელება, რაც ამ გეგმას საფრთხეს შეუქმნის”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ამასთან, მოსკოვი აუცილებლად შეეცდება ვითარების მაქსიმალურ ექსპლუატაციას, რაც უფრო გაუჭირდება ამერიკას, რუსული რესურსის ფასი მით უფრო გაიზრდება. შესაბამისად, აშშ-ში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრა კრემლის ინტერესებში არ შედის; პირიქით, მოსკოვმა შესაძლოა ფარულად ირანული კრიზისის ესკალაციასაც კი შეუწყოს ხელი, რათა ბაზარზე დეფიციტი შენარჩუნდეს. ამ ყველაფერში ერთადერთი “პოზიტიური” ის არის, რომ გაქარწყლდა მოლოდინი, თითქოს ვაშინგტონი რუსეთთან ღია და გადამწყვეტ დაპირისპირებას აირჩევდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, სანამ ტრამპი ასეთ პოლიტიკას ატარებს. მისი საგარეო კურსი არათანმიმდევრული, ცვალებადი და შორს არის იმ მილიტარისტული თუ პროუკრაინული პოზიციისგან, რაც ბევრს სურდა. ეს პროცესები მოულოდნელი არ ყოფილა. ტრამპი ყველა შანსს გამოიყენებს საკუთარი მდგომარეობის გასამყარებლად. თუ ხვალ საპირისპირო ნაბიჯი დასჭირდება - მაგალითად, მოსკოვთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება ან რუსულ ნავთობზე უარის თქმა, ის ამასაც დაუფიქრებლად იზამს. დასავლეთ ნახევარსფეროს მიღმა მისი პოლიტიკა აგებულია ყოველდღიურ ოპორტუნიზმზე და არა ხანგრძლივ სტრატეგიაზე, რაც ხშირად აბნევს გარეშე დამკვირვებელს, თუმცა მისი მართვის სტილიდან გამომდინარე, სრულიად კანონზომიერია”, - დასძენს კობერიძე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა