შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანოს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანოს.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რა რეფორმები უნდა გატარდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2022 წლის ივნისში იყო აქციის თანაორგანიზატორი, რომელიც მთავრობის გადადგომას ითხოვდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს თავისი მიზნები - მისი მიზანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ეს მათგან არაერთხელ გვსმენია. შარშან შემოდგომაზე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი, სადაც სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მათი მიზანი არის ცვლილება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თავმჯდომარე, ქალბატონი ეკა გიგაური იყო იმ პანელზე და რაიმე პრეტენზია ამ პოსტულატთან არ ჰქონია. შესაბამისად, „საერთაშორისო-გამჭვირვალობას“ აქვს საარჩევნო მიზანი-ხელისუფლების შეცვლა. ასეთი იდეებიც სწორედ ამას ემსახურება, რომ სინამდვილეში, ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანონ. რაც შეეხება უსაფრთხოების სექტორზე მონიტორინგს, იცით, რომ პარლამენტში არის ნდობის ჯგუფი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელიც არის. შარშან ნდობის ჯგუფმა, რომელიც სწორედ ამ საქმით არის დაკავებული, ჩაატარა 14 სხდომა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამ ჯგუფში არცერთ სხდომას არ დასწრებია. ინტერესი არ აქვთ, არათუ ის, რომ რაიმე კონტროლზე ჰქონდეთ საუბარი. შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2022 წლის ივნისში იყო აქციის თანაორგანიზატორი, რომელიც მთავრობის გადადგომას ითხოვდა. ითხოვდნენ, რომ მათ დაეკომპლექტებინათ მთავრობა, ჰქონოდათ მთავრობის დაკომპლექტებაში ვეტოს უფლება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ ევროკომისიის მოთხოვნების საპასუხოდ, მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ გადაჭრის საპარლამენტო კონტროლის გამოწვევებს.

მათი შეფასებით, უსაფრთხოების სექტორის ეფექტური ზედამხედველობისათვის პარლამენტის მაკონტროლებელ სტრუქტურას არ გააჩნია შესაბამისი მანდატი და უფლებამოსილება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება