ბერდია სიჭინავა - ვერცერთმა პარტიამ ვერ გაიგო, თუ რა ბრალდებაა მის წინააღმდეგ, ყველაფერი ერთადაა ჩაყრილი - სასამართლოსთვის თუ გასაგებია, ჩვენთვისაც ხომ უნდა იყოს გასაგები, დაცვითი სტრატეგია ამაზე რომ ავაგოთ

ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გაიგო, თუ რა ბრალდებაა მის წინააღმდეგ, ყველაფერი არის ერთად ჩაყრილი. სასამართლოსთვის თუ გასაგებია, ბრალდებულისთვის, ანუ პოლიტიკური პარტიისთვისაც ხომ უნდა იყოს გასაგები რას გვედავებიან, დაცვითი სტრატეგია ამაზე რომ ავაგოთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში” განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას გამოეხმაურა, რომელზეც პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილება.
მისივე თქმით, „ეს არ არის მხოლოდ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება და ის, რომ ამ ადამიანებს არ მიაღებინონ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის განსხვავებული აზრის განადგურება და დიქტატურისკენ მიმავალი ნაბიჯი“.
„უკრაინის და მოლდოვის მაგალითები ძალიან არარელევანტურია და არც აქვთ სარჩელში მოყვანილი. უკრაინაში არის აკრძალული ის პარტიები, რომლებიც რუსულ აგრესიას ამართლებდნენ. ისინი მოითხოვდნენ უკრაინის დანებებას და რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების გადაცემას, როგორ შეიძლება ასეთი პოლიტიკური პარტია არსებობდეს. მოლდოვაშიც ასე არის, ის პარტიები აკრძალეს, რომლებიც მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და რუსულ აგრესიას ამართლებენ უკრაინაშიც და მოლდოვაშიც. ასეთი ტიპის უკიდურესი ღონისძიებები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებითაც და გერმანიაშიც, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს უამრავი გადაწყვეტილება აქვს მიღებული პარტიებზე, მიიჩნევს ამას, როგორც უკიდურეს ჩარევას როცა არსებობს ფაქტობრივი რისკი, მოვიდეს ფაშისტური ძალა ხელისუფლებაში, რომელმაც შეიძლება ფუნდამენტურად დაანგრიოს ის საერთაშორისო ფუნდამენტი, რაზეც დგას სამყარო, ადამიანის უფლებები. ამიტომ ვერანაირ ტესტს ეს კონსტიტუციური სარჩელი, ბუნებრივია, ვერ გაივლის, ისეთი ენით არის დაწერილი. პოლიტიკური განცხადებები ვინ რა თქვა, ვინ რა წერილი გაგზავნა, ვინ მიიჩნევს არჩევნებს სამართლიანად თუ უსამართლოდ, ეს შეიძლება გახდეს, თურმე, პარტიის აკრძალვის საფუძველი, სიგიჟეა. მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციური სარჩელი თავად რაც შედგენილია, ეს უფრო არის კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა ქვეყანაში. ეს არ არის მხოლოდ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება და ის, რომ ამ ადამიანებს არ მიაღებინონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის განსხვავებული აზრის განადგურება. ეს არის დიქტატურისკენ მიმავალი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც ისეთი პრეცედენტი იქმნება საქართველოში, რომელიც არ ყოფილა 1996 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა სიჭინავამ.
გარდა ამისა, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პროცედურული ნორმებისა და რეგლამენტის დარღვევას, რაც, მისი აზრით, პროცესის მიკერძოებულობაზე მიუთითებს.
„პარტიის აკრძალვის პრეცედენტიც კი არ გვაქვს და ასეთი ტიპის საქმეს ფორსირებულ რეჟიმში განიხილავენ მოსამართლეები, რომლებსაც კომპეტენციური დეფიციტი აქვთ.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი ტიპის დასკვნისთვის რომ მიმართოს, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და კონკრეტული კითხვებით მიმართოს და მიიღონ კონკრეტული მოსაზრებები, ამით არ სარგებლობს. ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევაზე უარს აცხადებს, უარს აცხადებს უამრავ შუამდგომლობაზე, რაც მხარეებმა წამოაყენეს და ამის კარგი მაგალითი იყო, რაც ჩვენს მიმართ მოხდა. საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას, ანუ პლენუმს აქვს რეგლამენტი, როგორ ხდება სამართალწარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ რეგლამენტით, მაშინ, როცა სარჩელს არსებითად განსახილველად მიიღებენ, ერთთვიანი ვადა აქვს მხარეს, ვალდებულია წარმოადგინოს შესაგებელი, პირველადი პოზიცია იმ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. 13 ოქტომბერს მიიღო არსებითად განსახილველად საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ და 21 ოქტომბერს ჩაგვინიშნა სხდომა. ვეუბნები, მოდით, გადავდოთ სხდომა, ვშუამდგომლობ, რეგლამენტში ასე გვიწერია. 10 წუთის განმავლობაში ვაყენებდი შუამდგომლობას და 1 საათი თათბირობდნენ გარეთ, რა გადაწყვეტილება მიეღოთ, არ იცოდნენ. რა თქმა უნდა, არ თათბირობდნენ, ურეკავდნენ შესაბამის ადამიანებს და ეკითხებოდნენ, რა გადაწყვეტილება უნდა გაეჟღერებინათ. შემდეგ გამოვიდნენ და თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შესაგებელი წარმოადგინოთო. ვასილ როინიშვილი ამბობს აქამდე უნდა წარგედგინათო და ახლა გაჭიანურებას ისახავთო მიზნად’’, - განმარტა სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას მიაჩნია, რომ სარჩელის ტექსტი არ შეიცავს მკაფიო არგუმენტაციას კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებით.
„კონსტრუქცია ისე კი არ არის დალაგებული, რომ მაგალითად, ამ პარტიას ვედავებით ამას, იმ პარტიას ვედავებით იმას, არა. 5 წლის განმავლობაში რაც კი ილაპარაკეს პოლიტიკურად, ჩაყრილია ყველაფერი ერთად, რომელ ნაწილში, რომელ თავში შენზე რა წერია, ვერ მოძებნი. ლოგიკაც არ არის ჩვენი ამ სარჩელში შეტანის, ჩორჩანაც გაკვრითაა ნახსენები. მეტიც, ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გაიგო, თუ რა ბრალდებაა მის წინააღმდეგ, ყველაფერი არის ერთად ჩაყრილი. სასამართლოსთვის თუ გასაგებია, ბრალდებულისთვის, ანუ პოლიტიკური პარტიისთვისაც ხომ უნდა იყოს გასაგები რას გვედავებიან, დაცვითი სტრატეგია ამაზე რომ ავაგოთ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

























