ანა წითლიძე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე - მოქალაქეებმა უნდა ნახონ, რომ ეს არის აბსურდი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნორმებთან

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ნახონ, რომ ეს არის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნორმებთან. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა ნახონ, რა აბსურდი მიიღეს ფაქტობრივ მტკიცებულებად ამ საქმეზე, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საერთოდ არ უნდა მიეღო დასაშვებად.
„მათ არ აინტერესებთ საერთოდ მტკიცებულებები. მტკიცებულებები რომ აინტერესებდეთ, იმდენი აბსურდია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც ფაქტობრივ მტკიცებულებად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, საერთოდ დასაშვებად არ უნდა ეცნო ეს საქმე. ჩვენი მიზანი დღეს იქნება, რომ კონკრეტულ საქმეებზე ვილაპარაკოთ, კონკრეტულ ე.წ. ფაქტებზე, რაც საგამოძიებო კომისიაში არის ბრალდებად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და არამხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ.
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ნახონ, რომ ეს არის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნორმებთან. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა ნახონ, თან დარწმუნებული ვარ, არც ექნებათ მოწმეთა ჩვენების დიდი ნაწილი წაკითხული, რა აბსურდი მიიღეს ფაქტობრივ მტკიცებულებად ამ საქმეზე, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ჩვენებას აძლევენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და რეალურად რა მოტივაცია ამოძრავებდათ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

























