ბერდია სიჭინავა - ისე დამთავრდება ეს პროცესი და ისე აგვკრძალავენ, ვერ გავიგებთ, რას გვედავებოდნენ ჩვენ - არჩილ გორდულაძის გამოსვლა უსუსური და არაპროფესიონალური იყო, მათ არაფერი აქვთ სათქმელი და უწევთ იმ სისულელეების საუბარი, როგორიც არის „აგენტურა“

ისე დამთავრდება ეს პროცესი და ისე აგვკრძალავენ, რეალურად ვერ გავიგებთ რას გვედავებოდნენ ჩვენ, იმდენად უსუსური და არაპროფესიონალური იყო ახსნა - განმარტების ეტაპზე არჩილ გორდულაძის გამოსვლა, რომ ადამიანებს სხვა განცდა არ დარჩებოდათ. მათ არაფერი აქვთ სათქმელი და უწევთ იმ სისულელეების საუბარი, როგორიც არის „აგენტურა“, „დიფ-სთეითი“, უცხოური ძალის დავალებით მოქმედება და დამოუკიდებლობის ხელყოფა“- -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომამდე განაცხადა.
მისი თქმით ყველაზე დიდი გადატრიალება ქართველ ხალხს ხელისუფლებამ მოუწყო და „საკონსტიტუციო სარჩელით ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი ამოაყირავა.
„ვნახეთ როგორი უსუსური იყო თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, როდესაც ახსნა განმარტების ეტაპზე თავისი კონსტიტუციური სარჩელი წარადგინა. მტკიცებულებებით და ფაქტებით ვერ დაასაბუთა თუ რატომ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა.
ფაქტია, რომ საკუთარ ამომრჩევლებსაც არ სცემენ პატივს, რომლებზეც ამბობენ, რომ თითქოს მათი შეკვეთაა პოლიტიკური პარტიების გაუქმება, აუხსნან ამომრჩეველს რისთვის გვაუქმებენ ჩვენ.
ყველაზე დიდი გადატრიალება ამ ქვეყანას მოუწყო ხელისუფლებამ, ოცნების ხელისუფლებამ, ამ კონსტიტუციური სარჩელით ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი ამოაყირავა, ბატონმა კობახიძემ კონსტიტუციის 78-ე მუხლი თავად დაარღვია, რომელიც მის იმპიჩმენტის საფუძველიც უნდა იყოს.
სამარშრუტო ტაქსებში წამების და მშვიდობიან მოქალაქეებზე მაროდიორობის შემოქმედია „ოცნება“ და აუცილებლად დადგება დღე და ამ ადამიანებს პერსონალიზებულად მოუწევთ პასუხი გასცენ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ მომავალში თუ ვინმეს აკრძალვის საფუძველი გახდება ეს იქნება თავად ოცნება..“ - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

























