ტატა ხვედელიანი - ირაკლი კირცხალიას შევახსენებ, რომ როცა ელიტურ კორუფციაზე უმისამართოდ ისვრის სიტყვებს, ასეთი ადამიანები საკუთარ გუნდში ეძებოს - „ოცნების“ გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ძალაუფლების და ქონების გარდა არაფერი ადარდებს

მინდა ირაკლი კირცხალიას შევახსენო, რომ როდესაც ელიტურ კორუფციაზე უმისამართოდ ისვრის სიტყვებს, ასეთი ადამიანები საკუთარი გუნდის წევრებში ეძებოს - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მას ძალაუფლების, დაგროვილი ქონების და ბიტკოინების შენარჩუნების გარდა, არაფერი ადარდებს! - ეს განცხადება მმართველი გუნდის მისამართით ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
ხვედელიანმა სიტყვით გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გამოხმაურებით დაიწყო და განაცხადა, რომ მმართველობის მე- 14 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშმა „ქართული ოცნება“ განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან და მის აკრძალვასთან მიიყვანა. ხვედელიანის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინტერესები პირად კეთილდღეობაზე გაცვალა.
მან მმართველი გუნდის მისამართით განაცხადა ისიც, რომ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტები გააჩერონ, მაგრამ ვერ გააჩერებენ ადამიანებს, ვინც პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
„შეგახსენებთ, ელიტური კორუფციის შედეგად თქვენი გუნდის წევრებს, რომლებიც დღეს-დღეობით ციხეში არიან, რადგან მათ მოსახლეობა გაძარცვეს: ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თქვენი გუნდის პრემიერ-მინისტრი იყო, ჯუანშერ ბურჭულაძე, გრიგოლ ლილუაშვილი და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი.
ნაძალადევში მეათე სკოლის მოსწავლეთა მშობლები ქუჩას იმიტომ კეტავენ, რომ თქვენი გუნდი არის მძარცველების გუნდი და ქვეყანა ამ მდგომარეობაში არის თქვენი გუნდის ძარცვის გამო!“, - განაცხადა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

























