სოფო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს - გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს? გაემიჯნებით სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო? რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეზე დგახართ

სოფო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს - გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს? გაემიჯნებით სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო? რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეზე დგახართ

ბატონო შალვა, გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს, რომელმაც თვალი დახუჭა წამებაზე, გაემიჯნებით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო, გაემიჯნებით შემოქმედებს, იმ ხალხს, ვისზეც იდგა რეჟიმი? ის რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ამ პროკურატურის ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეს აკეთებთ, იმავეზე დგახართ. გაემიჯნეთ! - ასე მიმართა პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

სოფიო ხორგუანმა პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც მიმართა და მოუწოდა, გაემიჯნონ საკუთარ წარსულს და ერთხელ მაინც მიიღონ საქართველოს, მისი ხალხისა და კონსტიტუციის ინტერესების მატარებელი გადაწყვეტილება.

„ვისი ხელით აპირებთ საქართველოში ხალხის მმართველობის დასრულებას და ვინ განიხილავს იმ ანტიკონსტიტუციურ სარჩელს, ვინ მართავს შოუს საკონსტიტუციო სასამართლოში? თქვენ, სარჩელზე ხელმომწერებმა თქვით, რომ რეჟიმი უნდა დაისაჯოს, მაგრამ გამოტოვეთ, რომ რეჟიმი მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები არ არიან, რეჟიმი არის სისტემა, რომელიც დანაშაულს ხელს აფარებს. სისტემა, რომელიც საქმეებს კერავს და სისტემა, რომელიც უკანონო განაჩენებს აყენებს. "ნიუნბერგის პროცესი" შემოიტანეთ ახლა, "ნიუნბერგის პროცესზე" სწორედ ის ადამიანები აგებდნენ პასუხს, ვინც ძალადობრივი სისტემის შემქმნელებიც იყვნენ და ვისზეც ძალადობრივი სისტემა იდგა. რევაზ ნადარაია 2009 წელს გახდა მოსამართლე „ნაცმოძრაობის“ დროს და 2009 წლის ოქტომბერში მან გაასამართლა მოქალაქე ამნისტირებული მუხლით. თქვენ ეს იცოდით, მაგრამ მაინც დანიშნეთ უვადო მოსამართლედ 2021 წელს. იცოდით, იმიტომ, რომ 2013 წელს პროკურატურაში სწორედ ამ საქმეზე დაიბარეთ. მაშინ ხომ არ მიიღეთ მისგან მორჩილების პირობა? სერგო მეთოფიშვილი, ასევე, იყო „ნაცმოძრაობის“ დროს პროკურორი წლების განმავლობაში, შემდეგ მოსამართლე და კოლეგიის ხელმძღვანელიც კი. 2012 წლის შემდეგ, თქვენი მისი ბიოგრაფია, მისი კარიერა გააგრძელეთ, დააწინაურეთ და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეც კი იყო. იცით რა განაცხადა მან, რომ ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგებოდა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას. რატომ? კეთილსინდისიერება არ არის მოსამართლეებისთვის ღირებულება და მნიშვნელოვანი? სერჟანტი როინ შავაძე ბათუმში დღისით, მზისით დააკავეს, შემდეგ საათობით აწამებდნენ და წამებაში შემოაკვდათ კუდ-ის თანამშრომლებს, შემდეგ ზურგიდან დაცხრილეს და დააგდეს ქობულეთის გზაზე. როინ შავაძის დაგლეჯილი, ნატანჯი სხეულის ფოტოები ახლაც თვალწინ მიდგას სახალხო დამცველის ოფისში რომ მოგვიტანეს. შარმანაშვილმა თქვა, დიდი ამბავიო სახალხო დამცველის ოფისში თუ მუშაობდიო. რა თქმა უნდა, მისთვის ეს დიდი ამბავი ვერ არის, მისთვის დიდი ამბავი მხოლოდ ის არის, რომ სკამზე იჯდეს, თანამდებობა ჰქონდეს და ნებისმიერ მჩაგვრელს გაამართლებს. და იცით, რომ აჭარის პროკურორმა, ვასილ როინიშვილმა, ვერ დაინახა დაგლეჯილი და ნაწამები როინ შავაძის სხეული, რომელიც დღეს არის ის მოსამართლე, საკონსტიტუციოში, რომელმაც მე უნდა ამკრძალოს, ჩვენ უნდა აგვკრძალოს როგორც „ნაცების“ ნაწილი. თქვენ ამბობთ, რომ შავაძის საქმე არის მტკიცებულება, მაგრამ რეალურად ამ საქმეს ის ხალხი იხილავს, ვინც პირდაპირ იყო შემოქმედი. ბატონო შალვა, გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს, რომელმაც თვალი დახუჭა წამებაზე, გაემიჯნებით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შავაძე მოღალატე იყო, გაემიჯნებით შემოქმედებს, იმ ხალხს, ვისზეც იდგა რეჟიმი? ის რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ამ პროკურატურის ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეს აკეთებთ, იმავეზე დგახართ. გაემიჯნეთ! მაშინ მეც მაქვს უფლება დაგიძახოთ, რომ თქვენ ხართ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

და ბოლოს, მინდა მივმართო მოსამართლეებს, თქვენ გაქვთ შანსი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში საწინააღმდეგო ვნახეთ, რომ თქვენს წარსულს გაემიჯნოთ და ერთხელ მაინც მიიღოთ გადაწყვეტილება სინდისიერად, საქართველოს, ხალხის, კონსტიტუციის დაცვით. იმიტომ, რომ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, საქართველოს ხალხი მაინც გაიმარჯვებს და მაინც მიიღებს სამართლიან სახელმწიფოს, მაგრამ თქვენი როლი, როგორც რეჟიმის, მჩაგვრელების, მწამებლების საყრდენის, დარჩება ისტორიას. ამიტომ, მოგიწოდებთ, გაემიჯნეთ საკუთარ წარსულს და გაემიჯნეთ გადაწყვეტილებებით“.- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.