ბექა ბოჭორიშვილი - თუ აიკრძალება 5 პარტია, იქნება მცდელობა, რომ შეიქმნას სხვა პარტია, ახალი ტიპის გაერთიანებები - ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობა თავისი პროტესტითა და თავისი მოთხოვნით ცვლილებებისადმი არსად წავა

უამრავი მაგალითი არსებობს იმის, როდესაც თუნდაც ერთი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. პროტესტი პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ გადამწყვეტი არის ის თარიღი, როდესაც არჩევნები ჩაინიშნება და მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს” წევრმა, ბექა ბოჭორიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ბოჭორიშვილმა სერბეთში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოში არსებულ ვითარებასთან გაავლო პარალელი. მისი თქმით, აუცილებელია, საზოგადოება კონსოლიდირდეს და გაიაზროს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ხმას.
„ჩვენ ვნახეთ არჩევნები სერბეთში და ვნახეთ ის, თუ როგორ მწიფდებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში პროტესტი და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. ამის გამომწვევი მიზეზი იყო ზუსტად ის მთელი რიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ქმედებები, რომელმაც საზოგადოება მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ სტუდენტები, რომელთა ლიდერიც არ იყო პოლიტიკური წარსულის მქონე პირი. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ გაუთავებელი კორუფცია და მოსახლეობაზე გარკვეული ტიპის გამოცდების ჩატარება ვერ და არ მიდის გამარჯვების გზამდე.
სერბეთში უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი მივიდა არჩევნებზე. ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ საზოგადოება არ კონსოლიდირდა, არ მივიდა არჩევნებზე და თავისი პოზიცია არ დააფიქსირა, არ გადალახა ის ბარიერი, რასაც პროპაგანდისტული მექანიზმები ქმნის, თუ საკუთარ თავში არ დაინახა ის ძალა, რომ შეუძლია თავისი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში საკუთარი აგური დადოს, მაშინ ეს ყველაფერი სტატიკური იქნება. უამრავი მაგალითი არსებობს იმის, როდესაც თუნდაც ერთი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. პროტესტი პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ გადამწყვეტი არის ის თარიღი, როდესაც არჩევნები ჩაინიშნება და მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს”, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, თუ კი ხუთი პოლიტიკური პარტია აიკრძალება, რა გამოსავალი რჩება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს და რამდენად კონკურენტულად შეფასდება ის არჩევნები, რომელიც აკრძალული პარტიების გარეშე ჩატარდება, ბოჭორიშვილმა ალტერნატიული პარტიების შექმნის იდეასა და ახალი მიდგომების შემუშავებაზე ისაუბრა და მაგალითად მოიყვანა IRI-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყანაში ცვლილებები უნდა. ბექა ბოჭორიშვილის თქმით, თუ პარტიები აიკრძალება, ცვლილებების მომხრე ადამიანები, რომლებსაც პროტესტი გააჩნია, არსად წავა.
„მაგალითად მოვიყვან იმ კვლევას, რომელიც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუკვეთა და სადაც მოსახლეობის, დაახლოებით, 60% ქვეყანაში ცვლილებების მომხრეა. ეს რომელიმე პარტიის მომხრეობას არ ნიშნავს, პირიქით, ამ კვლევაში ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი აბსოლუტურად ქვემოთ იყო ჩაწეული, მაგრამ ცვლილებები უნდათ. როდესაც შენ გარკვეული ტიპის პრეცედენტს უდებ სათავეს, რომლითაც ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს კრძალავ, იმ მოსახლეობის 60%-ს ხომ ვერ კრძალავ ან შენკენ ხომ ვერ მოიმხრობ? ანუ ეს არის ის სიტუაცია, როდესაც გემი იძირება, ეს არის ის მოცემულობა, როდესაც შეუქცევად პროცესში არის შესული პროცესები და მოსახლეობა დღითი დღე აანალიზებს და ხვდება, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკურ ტურბულენტურ სიტუაციაში წარმოუდგენელია ცვლილებების გარდა რაიმე სხვა გზის დანახვა.
თუ აიკრძალება ხუთი პარტია, იქნება მცდელობა, რომ შეიქმნას სხვა პარტია, შეიქმნას ახალი ტიპის გაერთიანებები, შემუშავდეს ახალი მიდგომები. ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობა თავისი პროტესტითა და თავისი მოთხოვნით ცვლილებებისადმი არსად არ წავა”, - განაცხადა ბექა ბოჭორიშვილმა.

























