ემილ ავდალიანი - ისრაელის ნებისმიერი ახალი მთავრობა სამხედრო საფრთხეების შეკავებას, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვას კვლავ უმთავრეს ამოცანებად განიხილავს

ემილ ავდალიანი - ისრაელის ნებისმიერი ახალი მთავრობა სამხედრო საფრთხეების შეკავებას, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვას კვლავ უმთავრეს ამოცანებად განიხილავს

ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, თუ ისრაელში მთავრობა შეიცვალა, ეს რა გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, რა როლის შესრულება შეუძლია პრეზიდენტ პუტინს აშშ-სა და ირანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ირანს შორის არსებული პრობლემების მოგვარებაში ტრამპის მიერ კატარის წარმომადგენლების მოლაპარაკებებში მონაწილეობა, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შუა აზიის ქვეყნების საგარეო უწყებების მასპინძლობა და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაში ვაშინგტონი და თბილისი აქტიურად თანამშრომლობდნენ, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, საუბარი უნდა დავიწყოთ ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 90.9%-ის დათვლის შემდეგ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ისრაელის პარლამენტში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ქნესეთში 53 მანდატს მოიპოვებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემების თანახმად, ნეთანიაჰუსი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი 48 მანდატს აგროვებს. ამასთან, არაბული პარტიები 19 მანდატს მოიპოვებენ.

ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად 61 მანდატია საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“, მიუხედავად იმისა რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა არ ექნება.

თუ ნეთანიაჰუს კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი, რომელსაც 48 მანდატი უკვე აქვს, აქტიურ კონსულტაციებში ჩაერთვებიან არაბულ პარტიებთან, რომლებსაც 19 მანდატი უკვე აქვთ, არაა გამორიცხული სწორედ მათ მიეცეთ მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

მაგრამ, არაბულმა პარტიებმა, რომლებსაც 19 მანდატი აქვთ, სიჭრელით გამოირჩევიან და ახლა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული პირველ- მეორე ადგილებზე გასული პარტიები მოძებნიან თუ არა საერთო ენას ე.წ. არაბული პარტიების წარმომადგენლებთან.

თქვენ როგორ შეაფასებდით ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს? შეძლებს თუ არა ნეთანიაჰუს „ლიკუდის“ პარტია ე.წ. არაბულ პარტიებთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას?

და მთავარი, თუ ისრაელში მთავრობა, შეიცვალა, სავარაუდოდ, ეს როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე?

– არჩევნებმა აჩვენა, რომ ისრაელის საზოგადოება კვლავ ღრმად პოლარიზებულია და რომ ნეთანიაჰუს „ლიკუდის“ მიერ პირველი ადგილის დაკავება ავტომატურად მთავრობის ფორმირებას არ ნიშნავს. არაბული პარტიების მიერ მოპოვებული მანდატები მათ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ აქცევს, მაგრამ „ლიკუდისა“ და ამ პარტიების შეთანხმების ალბათობა დაბალია.

არჩევნებმა აჩვენა, რომ ისრაელის საზოგადოება კვლავ ღრმად პოლარიზებულია და რომ ნეთანიაჰუს „ლიკუდის“ მიერ პირველი ადგილის დაკავება ავტომატურად მთავრობის ფორმირებას არ ნიშნავს

ამომრჩეველთა პოლიტიკური პრიორიტეტები, ღაზის საკითხი და თავად ნეთანიაჰუს კოალიციური პარტნიორების პოზიციები ასეთ თანამშრომლობას ართულებს. თეორიულად, არაბული პარტიების მხარდაჭერით ალტერნატიული მთავრობის შექმნაც შესაძლებელია, თუმცა ოპოზიციის ნაწილს მათთან თანამშრომლობაზე მკვეთრი წინააღმდეგობა აქვს.

ისრაელში ხელისუფლების პოტენციური ცვლილების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში გარკვეული ტაქტიკური კორექტირება მოსალოდნელია: შესაძლოა, გააქტიურდეს დიპლომატია ღაზის საკითხზე, ისრაელის პოზიციის შერბილებაზე ლიბანში. თუმცა ისრაელის უსაფრთხოების ძირითადი პრიორიტეტები უცვლელი დარჩება.

არაბული პარტიების მიერ მოპოვებული მანდატები მათ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ აქცევს, მაგრამ „ლიკუდისა“ და ამ პარტიების შეთანხმების ალბათობა დაბალია

ისრაელის ნებისმიერი ახალი მთავრობა სამხედრო საფრთხეების შეკავებას, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვას კვლავ უმთავრეს ამოცანებად განიხილავს.

- ბოლო ერთ თვეში გააქტიურდა რუსეთი ირანთან ურთიერთობები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იყო ჩასული თეირანში. პრეზიდენტი პუტინი კი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს შეხვდა და ვაშინგტონს აშშ-ში შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის შუამავლობა შესთავაზა.

აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი რომ აქტიურად თანამშრომლობენ, ამაზე ახლა აშშ-ში, ვისაც არ ეზარება, ყველა საუბრობს. არადა, ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია ამერიკა-ისრაელისთვის წარუმეტებელი იყო, ფაქტია.

ორმუზის სრუტეს დღეს რომ ირანელი ისლამისტები აკონტროლებენ, იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპის პოლიტიკა ირანთან მიმართებაში ჩიხშია შესული და ახლა მას დახმარება პუტინმა შესთავაზა.

რა და როგორი შეიძლება იყოს ის პირობები, რომლითაც პუტინი ტრამპს ირანთან მოლაპარაკებებში დახმარებას დაჰპირდა?

– საჯაროდ ცნობილი არ არის კონკრეტული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც პუტინი ტრამპს ირანის საკითხში დახმარებას დაჰპირდა. ბოლო ათწელულის მიხედვით, მოსკოვი თეირანთან მჭიდრო ურთიერთობებს ავითარებს. თუნდაც რამდენიიმე დღის წინ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ რუსეთი ირანში დამატებით რვა მცირე ზომის ბირთვულ სადგურს ააშენებს.

თეირანსა და ვაშინგტონს დიპლომატიური შუამავლობა რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, გაიმყაროს თავისი პოზიციები დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებში. კერძოდ, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ირანის საკითხში მისი მონაწილეობა ვაშინგტონთთან უფრო ფართო მოლაპარაკებების ნაწილად იქცეს. ამაში იგულისხმება უკრაინის ომი, სანქციების მოხსნა და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა.

თეირანსა და ვაშინგტონს დიპლომატიური შუამავლობა რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, გაიმყაროს თავისი პოზიციები დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებში. კერძოდ, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ირანის საკითხში მისი მონაწილეობა ვაშინგტონთთან უფრო ფართო მოლაპარაკებების ნაწილად იქცეს. ამაში იგულისხმება უკრაინის ომი, სანქციების მოხსნა და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოსკოვს ორმაგი ინტერესი აქვს: მას არ სურს ირანის მნიშვნელოვნად დასუსტება, მაგრამ არც ბირთვული შეირაღების განვითარება ისლამურ რესპუბლიკაში.

ამიტომ რუსეთის შუამავლობის შეთავაზება შეიძლება გულისხმობდეს მხარეებს შორის ეტაპობრივი შეთანხმების მხარდაჭერასა და ურთიერთმისაღები ფორმულის მოძიებას. ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებას ვაშინგტონი და თეირანი მიიღებენ, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ რუსეთს არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება უფრო აინტერესებს.

ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებას ვაშინგტონი და თეირანი მიიღებენ, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ რუსეთს არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება უფრო აინტერესებს

- მოსკოვი თეირანსა და ვაშინგტონს ურთიერთობების დალაგებისთვის თითქოს იღწვის, მაგრამ, აშშ-ში სულ ცოტა ხნის წინ ხშირად საუბრობდნენ იმაზე რომ აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა.

აშშ და ისრაელი რომ ნოემბერში ემზადებიან ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის, ამაზე აშშ-ს პრესა და სხვა ღია წყაროები აქტიურად მსჯელობდნენ. მეტიც, ამერიკელ ინფორმირებულ მაღალჩინოსანთა მტკიცებით, აშშ-ს იერ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება იმ შემთხვევაშიც კი აქვს დაგეგმილი ტრამპს, თუ მისმა პარტიამ შუალედურ არჩევნებში უმრავლესობა დაკარგა.

არადა, დამკვირვებელთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ „რესპუბლიკური“ პარტია შუალედურ არჩევნებს იმის გამო წააგებს რომ ტრამპმა უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში აშკარად რუსეთის მხარესაა და პუტინთან შეთანხმებით მოქმედებს.

თუ ალბათობა იმისა, რომ შუალედური არჩევნების წაგების შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი ირანის წინააღმდეგ 60 დღიან სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, რა საშუამავლო როლი შეიძლება შეასრულოს პუტინმა აშშ-ირანის ურთიერთობებში?

– შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ირანში ომის განახლება დამოკიდებული იქნება როგორც აშშ-ის შიდა შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, ისე ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე, ისრაელის პოზიციასა და სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების მდგომარეობაზე.

ამ მომენტისთვის აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ ომის განახლების შანსები საკმაოდ მაღალია. ასეთ ვითარებაში რუსეთის გავლენა მაინც უფრო შეზღუდული ხასიათისაა, ვიდრე ზოგჯერ წარმოგვიდგენია.

ამ მომენტისთვის აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ ომის განახლების შანსები საკმაოდ მაღალია. ასეთ ვითარებაში რუსეთის გავლენა მაინც უფრო შეზღუდული ხასიათისაა, ვიდრე ზოგჯერ წარმოგვიდგენია

რუსეთს შეუძლია მხარი დაუჭიროს აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებების განახლებას, მაგრამ მოსკოვს არ შეუძლია, კონფლიქტის მონაწილეებს სტრატეგიული მოთხოვნები შეაცვლევინოს.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება: რუსეთისა და ირანის პარტნიორობა ვაშინგტონში მოსკოვის მიუკერძოებლობის მიმართ სკეპტიციზმს აჩენს. ამასთან, რუსეთს აწყობს აშშ-ის ყურადღების გადატანა უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთზე, თუმცა, ფართომასშტაბიანი ომი მოსკოვისთვის არაპროგნოზირებადი სცენარია.

შესაბამისად, გავიმეორებ წინა კითხვისთვის პასუხში გამოთქმულ აზრს: ირანის გარშემო რუსეთისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება ბევრად მომგებიანი სცენარია.

ირანის გარშემო რუსეთისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება ბევრად მომგებიანი სცენარია

- საუდის არაბეთისა და იემენელი ჰუსიტების დაპირისპირება გრძელდება.. ჰუსიტები აგრძელებენ თავდასხმებს საუდის არაბეთზე. იზრდება რეგიონულ ომში სხვა არაბული სახელმწიფოების, ეგვიპტის, თურქეთის ჩართვის საფრთხე.

თუ იმასაც გავიხსენებთ რომ საუდის არაბეთმა, თურქეთმა და ბირთვული იარაღის მქონე პაკისტანმა სტრატეგიული პარტნირობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, არაა, გამორიცხული რომ თუ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები გააგრძელებენ საუდის არაბეთის წინააღმდე სამხედრო მოქმედებებს, საუდის არაბეთის ირგვლივ პროცესები გამწვავდეს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა გააგრძელონ საუდის წინააღმდეგ მოქმედება?

– ბოლო კვირების განმავლობაში ჰუსიტებმა საუდის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს. მათი მხრიდან საუდის არაბეთზე შეტევების გაგრძელების ალბათობა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იემენში სამხედრო დაპირისპირება და ირანის გარშემო არსებული კრიზისი გაგრძელდება.

ჰუსიტებს შეტევების გაგრძელების რამდენიმე მოტივი აქვთ. ისინი ცდილობენ საუდის არაბეთზე ზეწოლას, რათა სამეფომ იემენის შიდა საქმეებში ჩარევა შეამციროს. მეორე მხრივ, ჰუსიტები ირანისა და მისი რეგიონული პარტნიორების საერთო სტრატეგიულ ხაზს აგრძელებენ: ერთდროულად რამდენიმე გეოგრაფიულ არეალში აშშ-სა და ისრაელზე ზეწოლა განახორციელონ.

ჰუსიტებს შეტევების გაგრძელების რამდენიმე მოტივი აქვთ. ისინი ცდილობენ საუდის არაბეთზე ზეწოლას, რათა სამეფომ იემენის შიდა საქმეებში ჩარევა შეამციროს. მეორე მხრივ, ჰუსიტები ირანისა და მისი რეგიონული პარტნიორების საერთო სტრატეგიულ ხაზს აგრძელებენ: ერთდროულად რამდენიმე გეოგრაფიულ არეალში აშშ-სა და ისრაელზე ზეწოლა განახორციელონ

ამასთან ერთად, საუდის არაბეთის, თურქეთისა და პაკისტანის თავდაცვითი ხელშეკრულება ავტომატურად არ ნიშნავს თურქეთის ან პაკისტანის იემენის ომში ჩართვას. უფრო მოსალოდნელია შეზღუდული საპასუხო დარტყმები, საუდის სამეფოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და პარალელური დიპლომატიური მცდელობები.

- ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიო გახლდათ ვიზიტით შუა აზიის ორ ქვეყანაში -ყაზახეთსა და უზბეკეთში. მას შეხვედრები ჰქონდა შუა აზიის ქვეყნების ხუთივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

გაფორმებულია შეთანხმებები ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, იშვიათი ნედლეულის ერთობლივ მოპოვებაზე. აშშ-ს ბიზნესმა ყაზახეთში 100 მილიარდი აშშ დოლარი ინვესტიციები ჩადო, რუბიოს ამ ორივე ქვეყანაში 300 ბიზნესმენი ახლდა.

რუბიოს ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ ყაზახეთში ჩინეთის პრემიერ-მინისტრი იყო ჩასული იყო. მანამდე გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი უზბეკეთში იყო ვიზიტით, რომლის ფარგლებში უზბეკეთში „ფოლფაგენის“ ქარხანა გაიხსნა. შუა აზიაში აქტიურად მუშაობს ჩინეთი და თურქეთიც.

ტრამპის პირველი კონდეციის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო თბილისში იმყოფებოდა. ამჯერად აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თბილისში არ ჩამოსულა, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება რომ შუა აზიის ქვეყნების მიმართ ვაშინგტონისა და თბილისის დაბიჯები შემთხვევით არ დამთხვევია და არაა გამორიცხული ამ საკითხში აშშ და საქართველო თანამშრომლობდნენ.

თქვენ ასე არ ფიქრობთ? რატომ იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შუა აზიის საგარეო საქმეთა მინისტრების მასპინძლობა?

– ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება მნიშვნელოვანი დიპლომატიური გზავნილი იყო, რადგან საქართველო ამ რეგიონთან ურთიერთობების ახალ, მრავალმხრივ ფორმატს აყალიბებს. რეალურად, ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან „შუა დერეფნის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩინეთისთვის დერეფანს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჯერაც არ შეუძენია.

ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის საქართველო წარმოადგენს გასასვლელს შავი ზღვისა და ევროპული ბაზრების მიმართულებით, ხოლო ჩვენთვის ცენტრალური აზია არის დამატებითი სატრანზიტო ტვირთების, ინვესტიციებისა და ეკონომიკური კავშირების წყარო. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „შუა დერეფანს,“ საქართველოს რკინიგზას, შავი ზღვის პორტებსა და ანაკლიის პროექტს.

აუცილებელია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ საბაჟო პროცედურების გამარტივება, ტარიფების კოორდინაცია და გადაზიდვების პროგნოზირებადობის გაზრდა. სწორედ ამ საკითხების გარშემო შეიძლება ჩამოყალიბდეს უფრო მუდმივი თანამშრომლობა.

ინტერესების თანხვედრა საქართველოს, აშშ-სა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებს შორის აშკარაა. თანამშრომლობის პოტენციალი ნამდვილად არის, განსაკუთრებით ლოგისტიკისა და კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების მიმართულებით

რაც შეეხება ამერიკულ ფაქტორს, საინტერესოა, რომ მარკო რუბიო ცენტრალური აზიის მინისტრებს სამარყანდში 19 ოქტომბერს შეხვდა, ხოლო ბათუმის შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართა. ინტერესების თანხვედრა საქართველოს, აშშ-სა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებს შორის აშკარაა. თანამშრომლობის პოტენციალი ნამდვილად არის, განსაკუთრებით ლოგისტიკისა და კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების მიმართულებით.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი