მედია - კატარელი შუამავლები, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის ხელშესაწყობად, თეირანში ჩავიდნენ

მედია - კატარელი შუამავლები, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის ხელშესაწყობად, თეირანში ჩავიდნენ

კატარელი შუამავლები თეირანში დაბრუნდნენ, რაც აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

„შუამავლობით მიმდინარე აღნიშნული მოლაპარაკებები აშშ-თან არის კოორდინირებული”, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

Reuters-ის წყაროს ცნობით, კვირას კატარმა ირანს სამშვიდობო გეგმის პროექტი წარუდგინა. თუმცა, ირანელმა მაღალჩინოსანმა ეს წინადადებები მიუღებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებულ პოზიციას არ შეიცვლის.

ვაშინგტონი ითხოვს, რომ ბირთვული საკითხები მოლაპარაკებების დაწყებიდანვე განიხილონ. თეირანი მოითხოვს, რომ პირველ რიგში აშშ-მა პორტების ბლოკადა შეწყვიტოს და ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციები მოხსნას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ თეირანი შუამავლებთან მჭიდრო კონტაქტს აგრძელებს იმ იდეების განსახილველად, რომლებიც უზრუნველყოფენ ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ მისი შვიდდღიანი წინადადების განხორციელებას.