უახლოეს მომავალში ქართულ ტელესივრცეში რუსულ ენაზე, ძირითადად მხოლოდ რუსული ფილმები გავა.
სუბტიტრების საკითხის მოწესრიგების თაობაზე, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება მზადდება, რომელიც, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიამდე იქნება ინიცირებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილმა განუცხადა, რუსულად თარგმნილი უცხოური ფილმები, შესაძლოა მხოლოდ რუსულენოვან ტელევიზიებსა და ქართულ ტელევიზიებში სპეციალურად გამოყოფილ დროს გავიდეს.
მისი თქმით, დეტალები სწორედ კანონპროექტში იქნება ასახული, რაზეც მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.
გაბაშვილმა დასძინა, რომ უცხოური ფილმები ქართულ ტელესივრცეში მხოლოდ ქართული დუბლირებით, ან ქართული სუბტიტრებით უნდა გავიდეს.