ირაკლი ალადაშვილი აკუსტიკური იარაღისა და FN-303-ის არალეტალურად მიჩნევას დაუშვებლად მიიჩნევს

ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” დღევანდელ გაფართოებულ სხდომაზე სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა არალეტალური იარაღის სახეობებზე ისაუბრა და კანონმდებლებს გარკვეული რჩევები მისცა.

როგორც ფრაქციის სხდომაზე ირაკლი ალადაშვილმა განაცხადა, დაუშვებელია არალეტალურ იარაღად მიჩნეული იყოს აკუსტიკური იარაღი და FN-303, რომლის მეშვეობითაც;პლასტიკური ტყვიების სროლა ხდება. FN-303 ნაკლებად ლეტალური იარაღია, რომლისგან ნასროლმა ტყვიამ ახლო მანძილზე შესაძლოა ადამიანის სიკვდილიც გამოიწვიოს.

ალადაშვილმა დასძინა, რომ ორივე იარაღი 7 ნოემბერს და 6 მაისს იყო გამოყენებული.

ექსპერტის თქმით, ორივე; ოფიციალურად არის მიჩნეული მცირედ ლეტალურ იარაღად და, შესაძლოა, მათი გამოყენება სახიფათო აღმოჩნდეს ადამიანის სიცოცხლისთვის.

რაც შეეხება სახელისუფლო გუნდის პასუხს ალადაშვილის ამ შენიშვნაზე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განმარტებით, არალეტალური იარაღის დეფინიცია არ არსებობს, თუმცა მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ არალეტალური იარაღის სახეობებთან დაკავშირებით კონსულტაციები მართლაც შედგეს.

რაც შეეხება ფრაქციის სხდომას, მასზე “ქრისტიან-დემოკრატებმა” მოითხოვეს “მანიფესტაციებისა და შეკრებების”, “პოლიციის შესახებ” კანონებსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების პროექტის; უკან გაწვევა, რადგან მიაჩნიათ, რომ; ჯერ უნდა არსებობდეს ვენეციის კომისიის დასკვნა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდეს კანონპროექტის განხილვა.

“ქრისტიან-დემოკრატები”, ასევე, აუცილებლობად მიიჩნევენ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” აისახოს ცვლილება, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სასჯელის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება.